Thumbnail
  • ასეთი გუნდი რეალობაში არცისე კარგი იდეაა
  • წარმოგიდგენთ 'ცუდი ბიჭების' სიმბოლურ ნაკრებს

წითელი ბარათი ვის არ მიუღია, მაგრამ ეს ფეხბურთელები მოედნიდან განსაკუთრებით ბევრჯერ გააძევეს. ფეხბურთის თანამედროვე ფანებისთვის წითელ ბარათთან პირველ რიგში ალბათ სერხიო რამოსი ასოცირდება - რეალ მადრიდის კაპიტანი 26-ჯერაა მოედნიდან გაძევებული. 'ტრანსფერმარკის' მიერ შედგენილი 'ცუდი ბიჭების' სიმბოლური გუნდიც სწორედ რამოსის გარშემოა აწყობილი. ამ 11 ვარსკვლავს ჯამში 168 წითელი ბარათი აქვს. ცხადია, იყვნენ ისეთი მოთამაშეებიც, რომლებსაც მათზე მეტი წითელი ჰქონდათ მიღებული, თუმცა 'ტრანსფერმარკტმა' საუკეთესო თერთმეტეულისთვის ეს ფეხბურთელები შეარჩია.

იენს ლემანი (7 გაძევება)

არსენალის ყოფილი მეკარე თამაშიდან 7-ჯერ გააძევეს. შესაძლოა, ეს არცთუ ისე კატასტროფული მაჩვენებელია, თუმცა გუნდს ყველაზე რთულ სიტუაციაში აყენებ, როდესაც კიპერი ხარ და მოედანს ადრე გატოვებინებენ. ალბათ ყველას ახსოვს მისი კურიოზული მომენტი დიდიე დროგბასთან.

სერხიო რამოსი (26 გაძევება)

26 წითელი ბარათი!!! სერხიო რამოსი ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია. იგი აქ ჩამოთვლილ მოთამაშეებს შორის მოედნიდან ყველაზე მეტჯერ გააგდეს. ესპანელს ხშირად აძევებენ 'ელ კლასიკოს' დროს.

პატრის ევრა (12 გაძევება)

ალბათ გახსოვთ, როგორ დაარტყა პატრის ევრამ თავის გულშემატკივარს თავში. არ არის გასაკვირი, რომ მას კარიერის განმავლობაში 12 წითელი ბარათი აქვს მიღებული.

პეპე (12 გაძევება)

ეს სია პეპეს გარეშე ვერ იარსებებდა! გასაკვირი ისაა, რომ მას "მხოლოდ" 12 წითელი ბარათი აქვს მიღებული და არა მეტი. მოკლედ, სადაც სერხიო რამოსია, იქ აუცილებლად უდა ვახსენოთ მადრიდის რეალის ყოფილი ფეხბურთელი პეპე. პორტუგალიელი უხეშობით გამორჩეული მცველი იყო.

მარკო მატერაცი (15 გაძევება)

მის გამო 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალიდან ზინედინ ზიდანი გააგდეს, თუმცა არც მატერაცი გამოირჩეოდა წითელი ბარათების სიმცირით. იტალიელი მცველი კარიერის განმავლობაში 15-ჯერ გააძევეს მოედნიდან.

დანიელე დე როსი (15 გაძევება)

ფოტოზე დანიელე დე როსის ტატუს ხედავთ და ამით ყველაფერი ნათქვამია. რომას ლეგენდას 15 წითელი ბარათი აქვს მიღებული. დე როსი მებრძოლი ფეხბურთელი იყო, რომელიც მოედანზე ბოლომდე იხარჯებოდა. 

ედგარ დავიდსი (25 გაძევება)

ჰოლანდიელ ნახევარმცველს, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები იუვენტუსში გაატარა, ხშირად 'ებინდებოდა გონება' და ასეთ დროს ისეთებს აკეთებდა, მსაჯები ვერანაირად რომ ვერ აპატიებდნენ. დავიდსი კარიერის მანძილზე მოედნიდან 25-ჯერ გააძევეს. იგი, სერხიო რამოსის შემდეგ, ამ გუნდის ვიცე-კაპიტანი უნდა იყოს.

ზინედინ ზიდანი (14 გაძევება)

ზინედინ ზიდანი ყველა დროის ერთ-ერთი უგენიალურესი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მიღებული წითელი ბარათით დაასრულა. ზიზუ ფანტასტიკური პლეიმეიკერი იყო, მაგრამ კარიერის განმავლობაში ნერვებმა ძალიან ბევრჯერ უმტყუნა. ბევრი არ დაიჯერებს, რომ ზიდანს 14 წითელი ბარათი აქვს მიღებული. ფეხბურთის ფანების დიდ ნაწილს ალბათ მარტო 2006 წლის ფინალის გაძევება ახსოვს...

ფრანჩესკო ტოტი (16 გაძევება)

მესამე იტალიელი 'ცუდი ბიჭების' სიმბოლურ გუნდში - შეუდარებელი ფრანჩესკო ტოტი. რომას ლეგენდარულ 'ათიანს' ბევრჯერ დაუკარგავს საკუთარ თავზე კონტროლი. მისი წითელი ბარათებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მარიო ბალოტელისთან უხეშობისთვის დამსახურებული გაძევებაა. თუმცა, უხეშობა ძალიან რბილი ნათქვამია - ტოტი განგებ გამოეკიდა ბალოტელის და თუ არ გახსოვთ, რა უქნა, ვიდეოში ნახავთ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (13 გაძევება)

ზლატანს კარიერის განმალობაში არაერთი უაზრო წითელი ბარათი მიუღია. იგი მოედნიდან ფეხებში უხეში ვარდნისთვისაც გაუგდიათ და კიდევ ბევრი რამის გამოც. მოკლედ ზლატანმა ამ სიაში ყოფნა დაიმსახურა.

მარიო ბალოტელი (13 გაძევება)

კიდევ ერთი, უკვე მეოთხე იტალიელი, ნამდვილი “ცუდი ბიჭი”, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. მარიო ბალოტელიმ წითელი ბარათი არაერთ გუნდში მიიღო. იტალიის ნაკრები, მილანი, მარსელი, მანჩესტერ სიტი, ნიცა, ინტერი - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, სადაც 'სუპერმარიოს' აძევებდნენ. სხვათა შორის, წითელი ბარათის მიღება ბრეშაშიც მოსწრო...

4-2-2-2 ტაქტიკა გამოვიდა და ასეთი გუნდი: ლემანი - რამოსი, პეპე, მატერაცი, ევრა - დე როსი, დავიდსი - ზიდანი, ტოტი - იბრაჰიმოვიჩი, ბალოტელი.

კომენტარები

ბოლო ამბები