Thumbnail

მატერაცი: იმის ნაცვლად, რომ ჩემს ნაკვალევზე ეკოცნათ, იტალიაში გამაკრიტიკეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იტალიელთა რეაქცია 2006 მუნდიალზე სკუადრა აძურას გამარჯვების შემდეგ
  • ფინალის ბედი დიდწილად მატერაცისა და ზიდანის კონფლიქტმა გადაწყვიტა
  • ფინალის ერთ-ერთი გმირი გულდაწყვეტილია, რომ სამშობლოში გააკრიტიკეს

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ ჟურნალისტებს უამბო, როგორ გააკრიტიკეს სამშობლოში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ ის იყო.

2006 წლის მუნდიალის ფინალის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი

"ზიდანს ფრანგები იცავდნენ, მე კი ჩემმა თანამემამულეებმა გამაკრიტიკეს, რომლებსაც არ მივიჩნევ ნამდვილ იტალიელებად. პატრიოტი ვარ და ყოველთვის დავიცავ იტალიის ღირსებას. ყველაზე მეტად სწორედ მათმა კრიტიკამ დამწყვიტა გული. არადა, ფინალში გატანილი ჩემი გოლის გამო, ამ ხალხს იმ მიწისთვის უნდა ეკოცნა, რომელზეც ფეხს ვდგამდი", - აქვეყნებს მარკოს ნათქვამს იტალიური მედია.
 
შეგახსენებთ, რომ ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ, 2006 წლის მუნდიალის ფინალში ერთმანეთს იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. უკვე მე-7 წუთზე მარკოს ფოლს "სკუადრა აძურას" კარში 11-მეტრიანი მოჰყვა, რომელიც ზინედინ ზიდანმა გაიტანა. მე-19 წუთზე თავად მატერაციმაც გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, დამატებით დროში კი, 110-ე წუთზე, იტალიელმა მცველმა ფრანგთა ლიდერის პროვოცირება შეძლო. ამ უკანასკნელმა მარკოს თავი ჩაარტყა, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვებინეს. ბევრი ქომაგისა და ანალიტიკოსის აზრით, ამ ეპიზოდმა ფინალის ბედი დიდწილად გადაწყვიტა, საბოლოოდ კი იტალიის ნაკრებმა პენალტების სერიაში ანგარიშით 5:3 გაიმარჯვა და მსოფლიოს ჩემპიონობა ისტორიაში მეოთხედ იზეიმა.

აღსანიშნავია, რომ 46 წლის იტალიელმა ცოტა ხნის წინ გასაყიდად ის მაისურა გამოიტანა, რომელიც ფინალურ მატჩში იცვა. მარკო მიღებულ თანხას კორონავირუსთან ბრძოლას მოახმარს.

კომენტარები

ბოლო ამბები