Thumbnail
  • მაიკლ ჯორდანის ჩამოყალიბებაში სკოლამ და კოლეჯმა დიდი როლი ითამაშეს
  • კოლეჯში თამაშის დროს, ფინალში მან გადამწყვეტი სროლა ჩააგდო
  • დრაფტზე მხოლოდ მესამე იყო, პორტლენდმა მასზე ადრე სემ ბოუვი აირჩია

მაიკლ ჯორდანის ბავშვობის და მოზარდობის ისტორია ნაკლებად არის ცნობილი. ეს არ არის ყველაზე უფრო თავგადასავლიანი ისტორია. ჯორდანი აფროამერიკული სტანდარტით საშუალო კლასს მიეკუთვნებოდა - მის ორივე მშობელს სამსახური ჰქონდა და თავად ის ფაქტი, რომ მას მამა ჰყავდა, NBA-ს ვარსკვლავისთვის საკმაოდ იშვიათი ფაქტია. ლიგაში ბევრი ვარსკვლავია, რომელთაც უფრო რთული ბავშვობა გაიარეს, ნორმალური ოჯახი არ ჰქონიათ და მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავდათ. ტიმ დანკანის, ალენ აივერსონის და ლებრონ ჯეიმსის სახელები ამ გრძელის სიის მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია. ჯორდანის ხასიათი და მისი პერსონა უფრო მეტად სკოლის და კოლეჯის წლებში ჩამოყალიბდა.

სკოლის წლები და პირველი გამოწვევა

MJ ნიუ იორკში, ბრუკლინში დაიბადა, თუმცა მისი ოჯახი ვილმინგტონში, ჩრდილოეთ კაროლინაში გადავიდა საცხოვრებლად და ჯორდანიც იქ აღიზარდა. ჩრდილოეთ კაროლინას MJ-ის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს. შემთხვევითი არ არის, რომ კარიერის დასრულების შემდეგ იგი შარლოტ ჰორნეტსის, სწორედ ჩრდილოკაროლონური ფრენჩაიზის მფლობელია.

სკოლის წლებში ის კალათბურთთან ერთად, ბეისბოლს და ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა და სპორტის ამ სამივე სახეობაში ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მისი პრიორიტეტი კალათბურთი იყო, თუმცა ის სკოლის გუნდში დაიწუნეს - არასაკმარისი სიმაღლის გამო. მაშინ MJ მხოლოდ 180 სანტიმეტრი იყო. ჯორდანის მეგობარი ჰარვი ლეროი სმიტი ერთადერთი იყო მისი კლასიდან, რომელიც გუნდში მოხვდა. MJ-სთვის ეს დიდი დარტყმა იყო. ჰარვი ლეროი სმიტის ერთადერთი უპირატესობა მისი სიმაღლე გახლდათ. მაშინ ჯორდანის საკალათბურთო კარიერა ალბათ პირველად და უკანასკნელად დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ჯორდანი კოლეჯის წლებში

მისივე აღიარებით, ბევრი ფიქრის მერე, კალათბურთისთვის თავის დანებებაზე უარი თქვა, განსაკუთრებული ინტენსივობით განაახლა ვარჯიში, თამაში დაიწყო უმცროსების გუნდში, სადაც რამდენიმე 40-ქულიანი თამაში ჰქონდა და ძალიან მალე, სულ რაღაც ერთ ზაფხულში 10 სანტიმეტრით გაიზარდა. სკოლის გუნდისკენ გზა ხსნილი იყო.

სკოლის გუნდში, ორი სეზონის განმავლობაში, MJ საშუალოდ თამაშში 25 ქულას აგროვებდა და 1981 წელს მაკდონალდსის სრულიად ამერიკულ თამაშში მიიღო მიწვევა - ეს სკოლის მოსწავლეებისთვის დახლოებით All Star-ის კალიბრის ამბავია. მატჩი მან ფენომენალური 30 ქულით დაასრულა. ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტები მზად იყვნენ, მისთვის საკალათბურთო სტიპენდია მიეცათ. მათ შორის იყო დიუკის უნივერსიტეტი, მთელს ამერიკაში ათწლეულების მანძილზე ცნობილი საკალათბურთო პროგრამით. ჯორდანმა ისევ ჩრდილოეთ კაროლინა აირჩია და ადგილობრივი უნივერსიტეტის სტიპენდიას დათანხმდა.

გარდამტეხი სროლა

1981-84 წლებში ჯორდანი უკვე კოლეჯის კალათბურთს თამაშობს. ეს NBA-ს წინა ეტაპია, რომელსაც მთელი ამერიკა უყურებს. პირველსავე სეზონში მას თამაშში 13.4 ქულა ჰქონდა და ზუსტი სროლების 53 პროცენტი. კოლეჯის კალათბურთში ბევრი ქულები არ იყრება, ჩრდილოეთ კაროლინას მწვრთნელად დინ სმიტი ყავდა, რომელიც აქცენტს გუნდურ თამაშზე აკეთებდა. მოკლედ, ჯორდანის 13 ქულა პირველი სეზონში კოლეჯისთვის ბევრია - ამის თქმა მინდა.

საერთო ჯამში, მას კოლეჯში გატარებულ სამ სეზონში თამაშში 17.7 ქულა ჰქონდა და თითქმის 55 პროცენტით ისროდა.

მისივე თქმით, კარიერაში გარდამტეხი სროლა სწორედ კოლეჯის კალათბურთს უკავშირდება. 1982 წელს, ჩრდილოეთ კაროლინამ NCAA-ს ჩემიონატი მოიგო. ფინალში ჯორდანი და მისი გუნდი ძალიან ელიტურ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტს ეთამაშებოდნენ. ჯორჯთაუნის საკალათბურთო პროგრამა ცენტრების მომზადებით არის ცნობილი. ამ თამაშშიც MJ-ს უპირისპირდებოდა ჯორჯთაუნის მაშინდელი ლიდერი პატრიკ იუინგი. ამ წყვილს შემდეგი თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე ერთმანეთის წინააღმდეგ კიდევ ბევრი ომი მოუწევს. ჩრდილოეთ კაროლინამ ბოლო წამებზე მოიგო - გადამწყვეტი სროლა, რომელმაც თამაში მოიგო, ჯორდანს ეკუთვნოდა. მისივე აღიარებით, ეს იყო მომენტი, რომელმაც მისი კარიერა და საკალათბურთო ცნობიერება მთლიანად შეცვალა. მან დაიჯერა, რომ NBA მისი უნდა ყოფილიყო.

უცნაური დრაფტი

კოლეჯში მან 4-ის ნაცვლად 3 წელი გაატარა, მეოთხეზე უარი თქვა და დრაფტზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ჯორდანის სწავლა ჩრდილოეთ კაროლინაში ფიქტიური არ ყოფილა. მას განსაკუთრებით კულტურული გეოგრაფია აინტერესებდა და 1986 წელს უკვე NBA-ში თამაშის დროს მან გაცდენილი მეოთხე წელი აანაზღაურა და გეოგრაფიაში ბაკალავრის დიპლომსაც დაეუფლა.

1984 წლის დრაფტი უცნაური გამოდგა. პირველი ნომერი ლეგენარული ჰაკიმ ოლაჯუონი იყო. ის ჰიუსტონმა აიყვანა. ჯორდანის ფაქტორის მიუხედავად, ჰიუსტონის არჩევანი ეჭვს არ იწვევს - დრაფტზე ჩვეულებრივ ცენტრები ყველაზე მეტად ფასობენ. ტექსასელებს სწორედ ცენტრი სჭირდებოდათ და ოლაჯუონის არჩევანი ლოგიკური, საკალათბურთო სტანდარტით, გამართლებული იყო.

პირველი სეზონი ჩიკაგოში

აი, რაც ამის შემდეგ პორტლენდმა გააკეთა, ეს უკვე არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. თუკი ოლაჯუონი ყველამ იცოდა, რომ მომავალი ვარსკვლავი იყო, სემ ბოუვის შესახებ ამას ვერავინ იტყოდა. ამის მიუხედავად, პორტლენდის გენერალურმა მენეჯერმა სტუ ინმენმა სწორედ ბოუვი აიყვანა. შემდეგში მან ეს იმით ახსნა, რომ გუნდში ჯორდანის პოზიციაზე უკვე ჰყავდა კლაიდ დრექსლერი წინა წლის დრაფტიდან და ცენტრი სჭირდებოდა.

216-სანტიმეტრიანმა სემ ბოუვიმ NBA-ში კარიერა თამაშში საშუალოდ 10 ქულით და 7 მოხსნით დაასრულა. პორტლენდის არჩევანი კი მიიჩნევა, რომ არამხოლოდ კალათბურთის, არამედ ზოგადად ამერიკული სპორტების ისტორიაში ყველაზე არაადეკვატური ნაბიჯი და დიდი სისულელეა. ჯორდანი მესამე ნომრად ჩიკაგომ აიყვანა. დანარჩენი უკვე ისტორიაა - იქამდე უსახელო ჩიკაგომ მას შემდეგ 6 ჩემპიონატი მოიგო, პორტლენდმა კი ვერცერთი.

ასე დაიწყო ჯორდანის ისტორია, რომელიც ზუსტად 17 წლის წინ, 16 აპრილს ვაშინგტონში დასრულდა.

წაიკითხეჯორდანის ჩიკაგო - გუნდი, რომელმაც განსაზღვრა თაობა

კომენტარები

ბოლო ამბები