Thumbnail

კლოზე თანახმაა - მირო მიუნხენის ბაიერნის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბაიერნის სამწვრთნელო შტაბი მომავალ სეზონს სიახლეებით შეხვდება 
  • გერმანიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ჰანსი ფლიკის თანაშემწე ხდება
  • 41 წლის სპეციალისტი ბოლო დრომდე ბაიერნის 17-წლამდელებს წვრთნის

აპრილის დასაწყისში მიუნხენის ბაიერნმა თავის მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუგრძელა, რაც იმას ნიშნავს, რომ 55 წლის მწვრთნელი რეკორდმაისტერს ზაფხულის შემდეგაც უხელმძღვანელებს. ახლა კი გერმანული მედია იუწყება, რომ ფლიკის თანაშემწედ მუშაობას ბავარიელთა ყოფილი ბომბარდირი მიროსლავ კლოზე დათანხმდა. 

როგორც ირკვევა მიროსლავ კლოზე, რომელიც ბოლო დრომდე ბაიერნის 17-წლამდელთა გუნდში მუშაობს, ჰანსი ფლიკის შტაბში მომავალი სეზონიდან დასაქმდება. მანამდე 41 წლის სპეციალისტი თანამდებობაზე ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა უნდა დაამტკიცოს.

ჰანსი ფლიკის სამწვრთნელო შტაბში სიახლეები იგეგმება

მიროსლავ კლოზე, როგორც ფეხბურთელი, მიუნხენის ბაირენის ღირსებას 2007-11 წლებში იცავდა. მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში კლოზე ორ-ორჯერ გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი, თითოჯერ კი გერმანიის ლიგის თასისა და ქვეყნის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. 

მსოფლიოს ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა აქტიური სპორტული კარიერა 2016 წლის ზაფხულში დაასრულა, რის შემდეგაც გერმანიის ეროვნულ ნაკრებში იოახიმ ლიოვის შტაბში მწვრთნელად მუშაობას დათანხმდა. 

კლოზემ გერმანიის ნაკრებთან ერთად 2014 წლის მუნდიალი მოიგო

მიუნხენის ბაიერნი გერმანიის ბუნდესლიგაში ჩატარებული 25 მატჩის შემდეგ, 55 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია. ამჟამად პირველობა კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია. 

კომენტარები

ბოლო ამბები