Thumbnail
  • გენო პეტრიაშვილისა და ტაჰა აკგულის მეტოქეობა 2011 წლიდან იწყება
  • ქართველი და თურქი ფალავნები ოქროს მედლებთან ახლოსაც არავის უშვებენ

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ (UWW) სპეციალური ვიდეო მიუძღვნა ქართველი გენო პეტრიაშვილისა და თურქი ტაჰა აკგულის მეტოქეობას, რომელიც ბოლო წლების ერთ-ერთ უმთავრეს დაპირისპირებად არის ქცეული.

ისინი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ერთმანეთს 6-ჯერ შეხვედრიან და თანაბარი ბალანსი აქვთ, ოლიმპიადაზე კი ერთმანეთს სავარაუდოდ, ტოკიოში შეერკინებიან, სადაც ზაფხულის თამაშები უკვე არა – წელს, არამედ გაისად ჩატარდება.

იმას, რომ თავისუფალი სტილით ჭიდაობის მძიმე წონით კატეგორიაში (125 კგ.) 26 წლის ქართველსა და 29 წლის თურქ ფალავნებს ბადალი არ ჰყავთ, შემდეგი ფაქტიც მოწმობს: 2013 წლიდან მოყოლებული გამართულ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე ოლიმპიადაზე ოქროს მედალი ან ტაჰას რჩებოდა ან გენოს.

აი, რას საუბრობენ თავად ფალავნები ვიდეოში სახელწოდებით: დაპირისპირება - ტაჰა VS გენო.

2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში პეტრიაშვილმა აკგულს 10:8 სძლია

გენო პეტრიაშვილი

"ჩემთვის, ტაჰასთან ყველა შეხვედრა რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ ის ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და ძალიან ძლიერი სპორტსმენია.

ეს ეხება ნებისმიერ ასპექტს, იქნება ფიზიკური, ტექნიკური თუ ტაქტიკური მხარე.

მასთან ბოლოს ევროპის ჩემპიონატის ფინალში დავმარცხდი. ტაჰასთან ყველა შეხვედრის წინ დიდი ბრძოლისთვის ვემზადები, რადგანაც ღირსეული მეტოქეა და გასამარჯვებლად დიდი ძალისხმევა მჭირდება.

ჭიდაობაში მთავარია მამაცი და გაბედული იყო და გქონდეს მებრძოლი სული და გული.

ჩვენ ყოველთვის ასე გვასწავლიდნენ, რომ სპორტსმენი როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ფიზიკურად, ტაქტიკურად თუ სხვა მხრივ, თუ მზად არ არის ფსიქოლოგიურად და არ აქვს საბრძოლო განწყობა, შეხვედრას ყოველთვის წააგებს".

ქართულ-თურქული შერკინება ყოველთვის დაძაბულად მიმდინარეობს

ტაჰა აკგული

"პირველად გენოს 2011 წელს იაშარ დოგუს მემორიალზე შევხვდი, როდესაც ძალიან ახალგაზრდა იყო. მაშინ დავამარცხე, თუმცა, უკვე ცხადი იყო, რომ ის ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე იყო.

ჩვენ ძალიან მსგავსი საჭიდაო სტილი გვაქვს.

მან 2017 და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო. მახსოვს, 2017-ში მასთან ფინალური ორთაბრძოლა ბოლო 10 წამში წავაგე და ეს, ნამდვილად დრამატული შერკინება იყო.

როდესაც გენოს ვეჭიდავები, ყოველთვის დამატებითი მოტივაცია მაქვს და არ აქვს მნიშვნელობა, რონელ რაუნდში ვხვდებით.

ჩვენი ბრძოლები ყოველთვის დაძაბულია და უდავოა, რომ ის ჩემი ყველაზე რთული მეტოქეა.

წარმატებულ მოჭიდავეს ბევრი რამ სჭირდება. თუკი ბევრი კომპონენტიდან 1 მაინც გაკლია, წარმატებაზე ფიქრი რთულია. იქნება ეს ტექნიკა, ამტანობა, ძალა და სხვა... თავიდან ფეხებამდე სრულ მზადყოფნაში უნდა იყო.

კონცენტრაცია, სტრატეგია, მოტივაცია და ფსიქოლოგიაც სათანადო დონეზე უნდა გქონდეს.
სხვაგვარად, ოლიმპიური ან მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდები”.

კომენტარები

ბოლო ამბები