Thumbnail

Ferrari V Typhoon - მიხაელ შუმახერი გამანადგურებლის წინააღმდეგ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 2003 წლის დეკემბერში იტალიის თავდაცვის სამინისტრომ უჩვეულო რბოლა ჩაატარა
  • ფორმულა 1-ის გერმანელ ლეგენდას ასეთი მრისხანე მეტოქე მანამდე არასდროს ყოლია 

2003 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში მიხაელ შუმახერი წელიწადს მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონის სტატუსით ამთავრებდა, მის Ferrari-ს კი კონსტრუქტორთა თასი ზედიზედ მეხუთედ ჰქონდა მოგებული. ამ წარმატების ფონზე, იტალიის თავდაცვის სამინისტრომ უჩვეულო რბოლის გამართვა გადაწყვიტა, სადაც ფერარის საჭესთან მყოფი შუმახერი გამანადგურებელ Eurofighter Typhoon-სა და მის პილოტს, მაურიციო კელის უნდა გაჯიბრებოდა. 

ფორმულა 1-ის ბოლიდი გამანადგურებლის წინააღმდეგ

Typhoon-ის სერიული წარმოება სწორედ 2003 წლიდან დაიწყო, ფორმულა 1-ის ვარსკვლავებთან რბოლების გამართვა კი ახალი გამანადგურებლის პრომო-კამპანიის ნაწილი იყო, რომელიც მოგვიანებით ნატოს პრაქტიკულად ყველა წევრი სახელმწიფოს შეიარაღებაში აღმოჩნდა. 

ამ საფრენი აპარატის მაქსიმალური სიჩქარე ცაში 2445 კმ/სთ-ს აღწევს და იმისთვის, რათა შანსები გათანაბრებულიყო, პილოტები რბოლის უშუალოდ მიწაზე გამართვაზე შეთანხმდნენ. რაც შეეხება შუმახერის მეტოქეს, მაურიციო კელი ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი და იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალების გამომცდელი მფრინავი იყო.

გამანადგურებელზე არ იყო დამონტაჟებული შეიარაღება, თუმცა აპარატის წონა 21 ტონას შეადგენდა. აეროდრომზე გასამართი რბოლის წინ ფერარის ძარას გარკვეული მოდერნიზება ჩაუტარდა, რათა ჰაერის წინაღობა შეემცირებინათ. 

რბოლაზე გავლენა წვიმამ იქონია

ღონისძიებას ათასობით მაყურებელი დაესწრო. საჩვენებელ პროგრამაში რამდენიმე თვითმფრინავმა იფრინა, შემდეგ იყო ორკესტრის გამოსვლა, ბოლოს კი შეჯიბრების ჯერიც დადგა. დღესასწაულს ხელი გარკვეულწილად უამინდობამ შეუშალა, რადგან რომ არა წვიმა, სიჩქარეები გაცილებით მაღალიც შეიძლებოდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, მიხაელ შუმახერმა თავისი საჩემპიონო ფერარით, იმ დროისთვის პლანეტის ერთ-ერთი უახლესი გამანადგურებელი მაინც თამამად გამოიწვია. 

პირველ ჯერზე ავტომობილი და თვითმფრინავი ერთმანეთს 600 მეტრიან დისტანციაზე შეეჯიბრნენ და მსუბუქმა ფერარიმ, რომელსაც ასფალტზე მოჭიდება არ უჭირდა, რამდენიმე ასეული მეტრით გაასწრო გამანადგურებელს. 
 
მაგრამ უფრო დიდ დისტანციაზე - 1200 მეტრზე, ფორმულა 1-ის გერმანელ ვარსკვლავს შანსი აღარ ჰქონდა. კელიმ დამაჯერებლად გაათანაბრა ანგარიში და ყველაფერი მესამე, საფინალო რბოლას უნდა გადაეწყვიტა, რომელიც კომპრომისულ, 900-მეტრიან დისტანციაზე დაიგეგმა. 

საბოლოო გამარჯვება კელისა და მის Typhoon-ს დარჩა - თვითმფრინავი ბოლიდზე 0,2 წამით სწრაფი აღმოჩნდა. 

მიხაელ შუმახერი და მაურიციო კელი რბოლის შემდეგ

"პირველი რბოლა საუკეთესო იყო, - თქვა მაშინ მიხაელმა. - რომ არა წვიმა, მოჭიდება უკეთესი გვექნებოდა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამ რბოლაში შედეგს მნიშვნელობა არ აქვს. სახალისო იყო იმ პოზიციიდან აფრენილი თვითმფრინავის ხილვა, რომელშიც მე ვიჯექი".

📺 Ferrari V Typhoon

კომენტარები

ბოლო ამბები