Thumbnail

'არა მგონია, წელს ეს შევძლოთ' - ფიფას ვიცე-პრეზიდენტი სანაკრებო მატჩებზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ფიფას ვიცე-პრეზიდენტმა ვიკტორ მონტალიანიმ საერთაშორისო შეხვედრების ჩატარების სავარაუდო ვადებზე ისაუბრა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით შეჩერებულია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას პლეი ოფიდან იმედოვნებს - ნახევარფინალში ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, ფინალში ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს წყვილში მოგებულს შეხვდება. ეს მატჩები წელს უნდა გამართულიყო...

📋 მეტი ამ თემაზე:

ფიფას ფუნქციონერი კი მიიჩნევს, რომ სანაკრებო მატჩების განახლება 2021 წელზე ადრე ვერ მოხერხდება. ამის მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის ის, რომ გუნდებს დრო სჭირდებათ, რათა შიდა პირველობები დაასრულონ. შესაძლოა პრობლემა საზღვრების გადაკვეთაზე აკრძალვაც იყოს. 

"ჩემი აზრით, პრიორიტეტული ნაციონალური პირველობები უნდა იყოს. საერთაშორისო მატჩების სექტემბერში განახლება ჯერ კიდევ იგეგმება, მაგრამ ამის არცთუ ძალიან მჯერა. ახლა ყველაფერი სწრაფად იცვლება. გამორიცხული არაა, რომ ამ დროისთვის ისევ იარსებოს შეზღუდვებმა საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთასთან დაკავშირებით. სანაკრებო მატჩების ჩასატარებლად მწვანე შუქი რომ აგვითონ, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეს გულშემატკივრების თანხლებით მოხერხდეს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი რისკია", - ამბობს მონტალიანი. 

ფიფას ვიცე-პრეზიდენტს თუ დავუჯერებთ, საქართველო-ბელარუსი არც შემოდგომით ჩატარდება

COVID 19-ს გავრცელების გამო, მსოფლიოში პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო ან გაუქმდა. ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, ერთი წლით გადავადდა. ამ ტურნირის პლეი ოფის მატჩები კი (მათ შორის საქართველო-ბელარუსი), რომლებიც ჯერ მარტში, შემდეგ კი ივნისში უნდა ჩატარებულიყო, შემოდგომისთვის გადაიდო. ვარაუდობენ, რომ ეს შეხვედრები ოქტომბერ-ნოემბერში შედგება და უმაყურებლოდ ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები