Thumbnail
  • 'მარკას' ინფორმაციით, რეალს ერლინგ ჰაალანდი და კილიან მბაპე სურს
  • 2021 წელს 'სამეფო კლუბს' შეტევაში მბაპე-ჰაალანდი-აზარის ტრიო ეყოლება?

ესპანეთის ყველაზე პოპულარული გაზეთი "მარკა" მადრიდის რეალის ამბიციურ გეგმებზე წერს - "სამეფო კლუბს" ნორვეგიელი ერლინგ ჰაალანდიც სურს და ფრანგი კილიან მბაპეც.

მსოფლიო ფეხბურთში ახლა კილიან მბაპე და ერლინგ ჰაალანდი ორი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა შემტევია, რეალს კი ორივე სურს. 

მარკას პირველი გვერდი

გეგმა ასეთია - რეალი ჰაალანდს წლეულს შეიძენს, ხოლო 2021 წელს - მბაპეს. "მარკამ" უფრო მეტი დეტალი შეიტყო: მას მერე, რაც ლუკა იოვიჩმა რეალში არ გაამართლა, ქარიმ ბენზემას შეტევაში უკეთესი მეწყვილე ესაჭიროება. ჰაალანდი კი ბუნებრივი "ცხრიანია", ასეთები თანამედროვე ფეხბურთში დეფიციტშია. 

მიუხედავად იმისა, რომ ჰაალანდი დორტმუნდში ახალი გადასულია, მისმა აგენტმა მინო რაიოლამ კი განაცხადა, რომ მისი კლიენტი ბუნდესლიგაში სულ მცირე, 2021 წლამდე დარჩება, მაგრამ ფაქტია - ჰაალანდმა მალევე დაიპყრო გერმანული სტადიონები. მისი გამოსასყიდი თანხა 75 მილიონ ევროს შეადგენს, ზაფხულში ამ იდეას რეალი აუცილებლად შეეჭიდება. 

2020 წელს კილიან მბაპეს ყიდვა ძალიან რთული იქნება, მაგრამ 2021 წლის ზაფხულში მას პსჟ-სთან მხოლოდ 1-წლიანი კონტრაქტი დააკავშირებს. რეალს რამდენჯერმე სურდა მბაპეს შეძენა, ჯერჯერობით, ყველა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. მბაპეს არაერთხელ უთქვამს, რომ რეალი მისი ოცნების გუნდია, ის დიდ პატივს სცემს ზინედინ ზიდანს. 

თუ ეს ორი ოპერაცია წარმატებით განხორციელდა, რეალს შეტევაში ორი ტოპმოთამაშე ეყოლება, შემტევი ტრიო კი ასეთ სახეს მიიღებს: მბაპე - ჰაალანდი - აზარი. 

კომენტარები

ბოლო ამბები