Thumbnail
  • კონსერვატორი ბომონტი თუ ნოვატორი პიშო? არჩევნები ორ კვირაშია
  • ქართული რაგბისთვის უკეთესი არგენტინელის გამარჯვება იქნება

კორონავირუსის გამო, სხვათა მსგავსად, სარაგბო სამყაროსაც იძულებითი პაუზა აქვს აღებული, თუმცა, ორიოდ კვირაში ერთი მნიშვნელოვანი ამბავია დაგეგმილი, რომელმაც ბევრი რამ შესაძლოა შეცვალოს, მათ შორის, ქართული რაგბისთვისაც.

საუბარია მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის არჩევნებზე, რომელიც 26 აპრილს ელექტრონული წესით წარიმართება და მასში 2 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

რეგისტრაციის პროცესი გუშინ დასრულდა და უკვე ცნობილია, რომ პრესტიჟული პოსტისთვის მოქმედი ხელმძღვანელი, ინგლისელი ბილ ბომონტი და არგენტინელი აგუსტინ პიშო იბრძოლებენ.

ცნობისთვის, ეს უკანასკნელი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტია, თუმცა, როგორც ირკვევა, ბომონტის კიდევ ერთი ვადით არჩევის შემთხვევაში (ის მოვალეობას 2016 წლიდან ასრულებს), ინგლისელი არგენტინელს ფრანგი ბერნარ ლაპორტით ჩაანაცვლებს.

ევროპული ტანდემი თავისი კონსერვატიული მიდგომებით გამოირჩევა და მათ ე.წ. “რაგბის ძველი ბიჭების კლუბსაც” მიაკუთვნებენ.

ისინი ყოველგვარ ნოვაციას ეწინააღმდგებიან, მითუმეტეს, ისეთს, რომელიც მათ კომფორტულ მდგომარეობას აზარალებს. ცხადია, ეს, საქართველოსთვის მიუღებელი ვარიანტია.

ბილ ბომონტი აგუსტინ პიშოს ბერნარ ლაპორტით ჩანაცვლებას უპირებს

სხვა საქმეა პიშო, რომელიც მე-2 ეშელონის ქვეყნების მხარდაჭერით ყოველთვის გამოირჩეოდა. სწორედ მისი დიდი მონდომების წყალობით მოხვდა არგენტინა სამ ერში და გუნდის პროგრესიც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

აგუსტინი საქართველოს ნაკრების მიმართაც კეთილგანწყობით გამოირჩევა და 6 ერის გაფართოებასაც მხარს უჭერს, რაც “ბორჯღალოსნებისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იქნება.

სწორედ არგენტინელი გახლდათ მსოფლიო ლიგის შექმნის იდეის ერთ-ერთი ავტორიც, სადაც 12 საუკეთესო ნაკრებს უნდა ეთამაშა, თუმცა, ევროპელი ბობოლების ჯიუტობის გამო (ისინი ლიგიდან გავარდნის პრინციპს ეწინააღმდეგებოდნენ), ტურნირს ხორცი ვერ შეესხა.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტობისთვის ბრძოლა ძალიან დაძაბული იქნება და შესაძლოა, ყველაფერი ერთმა ან ორმამ ხმამ გადაწყვიტოს.

არჩევნებში მონაწილე სუბიექტებზე ხმები ასეა განაწილებული.

სამ-სამი ხმა: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, საფრანგეთი, არგენტინა, იტალია, ავსტრალია.

ორ-ორი ხმა: იაპონია და რეგიონალური ასოციაციები (რაგბი ევროპა, სუდამერიკანა, რაგბი აზია, რაგბი აფრიკა, რაგბი ოკეანეთი, რაგბი ჩრდილოეთ ამერიკა).

თითო-თითო ხმა: კანადა, ფიჯი, სამოა, აშშ, საქართველო, რუმინეთი, ურუგვაი.

სარაგბო ვებ-გვერდმა წინასაარჩევნო მიმოხილვა გააკეთა და ვარაუდი გამოთქვა, აღნიშნული ხმები როგორ გადანაწილდება.

გარკვეულია, რომ არგენტინის, ავსტრალიიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის 12-ვე ხმას პიშო მიიღებს. მასვე ერგება რეგიონული მხარდაჭერა აფრიკისგან, აზიისგან, ოკეანეთისგანა და სამხრეთ ამერიკისგან.

ამას უნდა დავუმატოთ საქართველოს, ურუგვაის, ფიჯისა და სამოას ხმებიც.

თავის მხრივ, ბომონტის ბანაკში არიან 6 ერის წარმომადგენლები ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, შოტლანდია და უელსი (ჯამში 18 ხმა), ასევე იაპონია, რაგბი ევროპა, კანადა და რუმინეთი.

ამ სიაში ყველაზე მოულოდნელი ამ უკანასკნელთა გამოჩენაა. რუმინეთი ზუსტად იმ მდგომარეობაშია, როგორშიც საქართველო, ამდენად, კარპატელების მიერ კონსერვატორების მხარდაჭერა უცნაურად მოსჩანს.

სავარაუდოა, რომ კარპატელთა არჩევანი რაგბი ევროპის პოზიციიდან გამომდინარეობს, რომელსაც სწორედ რუმინელი ოქტავიან მორარიუ ხელმძღვანელობს.

ზემოაღნიშნულიდან გამოდის, რომ კანდიდატებს 24-24 ხმა აქვთ დაბევებული, ამდენად, ყველაფერს დარჩენილი 3 ხმა გადაწყვეტს, რომლებიც ჩრდილოეთ რაგბის რეგიონალურ ფედერაციასა და აშშ-ზე მოდის.

საინტერესოა, რომ აქამდე მსოფლიო რაგბის (თავდაპირველად, რაგბის საერთაშორისო საბჭო ერქვა) ყველა ხელმძღვანელი 6 ერის წარმომადგენელი ქვეყნებიდან იყო: ვერნონ პიუ (უელსი, 1995-2002), სიდ მილარი (ირლანდია, 2003-2007), ბერნარ ლაპასე (საფრანგეთი, 2007-2016) და ბილ ბომონტი (ინგლისი, 2016-2020).

იმედია, ამჯერად, ეს ტრადიცია დაირღვევა...

კომენტარები

ბოლო ამბები