Thumbnail

ფორმულა 1-ის ლეგენდა სერ სტირლინგ მოსი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ავტოსპორტის სამყარო სერ სტირლინგ მოსს გლოვობს
  • ლეგენდარული პილოტი ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა

ფორმულა 1-ის ამჟამინდელი სუპერვარსკვლავები ლუის ჰემილტონი და სებასტიან ფეტელი მას ისე უყურებდნენ, როგორც პატარა ფანები თავიანთ კუმირს...

ავტოსპორტის ბრიტანელი ლეგენდა სერ სტირლინგ მოსი კვირას დილით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. დადასტურებული ინფორმაციით, კორონავირუსი მის გარდაცვალებასთან კავშირში არ არის.

“ისე გარდაიცვალა, როგორც იცხოვრა. ამ მომენტშიც შესანიშნავად გამოიყურებოდა. ბოლოს ის უბრალოდ ძალიან დაღლილი იყო. თავისი ლამაზი თვალები დახუჭა და წავიდა.” - განუცხადა სერ სტირლინგ მოსის მეუღლემ “დეილი მეილს”.

მიუხედავად იმისა, რომ ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონობა არასდროს უზეიმია, სტირლინგ მოსი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო პილოტადაა მიჩნეული. 529 რბოლიდან მას 212 მოგებული აქვს. 1955-დან 1961 წლამდე სერ სტირლინგ მოსი 4-ჯერ გავიდა მეორე და სამჯერ მესამე ადგილზე. ლეგენდარულია მისი გამარჯვება 1961 წელს, მონაკოში, როცა ლოტუსით უფრო სწრაფი ფერარი დაამარცხა. ისტორიულია მისი ტრიუმფი იკონურ მილე მილია რალიზე 1955 წელს.

სტირლინგ მოსმა კარიერა 1962 წელს, გუდვუდის მძიმე ავარიის შემდეგ დაასრულა. ამ ავარიის შემდეგ იგი ერთი თვე კომაში იყო. ლეგენდარული მრბოლი 2018 წლიდან საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა.

კომენტარები

ბოლო ამბები