Thumbnail

'გახსოვდეთ მიზანი: დინამო ბათუმის ჩემპიონობა' - ინტერვიუ ვლადიმერ მამუჩაშვილთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

დინამო ბათუმის ერთ-ერთი ლიდერი ვლადიმერ მამუჩაშვილი მსოფლიო პანდემიას ნაკლებად უფრთხის და შეზღუდვების მიუხედავად, ახერხებს როგორც ვარჯიშს, ისე გართობას. ენატრება გუნდი და ფეხბურთი, დანარჩენს კი ინტერვიუდან შეიტყობთ...

popsport: როგორ გრძნობ თავს და როგორია შენი ყოველდღიურობა?

მამუჩაშვილი: ვერ ვიტყვი, რომ ბევრი თავისუფალი დრო მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი შეჩერებულია, თავს მოდუნების უფლებას არ ვაძლევ. დღეში ორჯერადი ვარჯიშები მაქვს: დილით დიღმის ტყეში ვვარჯიშობ ფიზიკურად, საღამოს კი მინი-ფეხბურთის მოედანზე ბურთთან ერთად. მწვრთნელებისგან დავალებები მაქვს მოცემული და ბოლომდე ვასრულებ. მინდა, სეზონის განახლებას ფორმაში შევხვდე. რა თქმა უნდა, ძალიან მაკლია გუნდთან ერთად ვარჯიში და თამაში, რასაც ვერაფერი შეცვლის.  

შეზღუდვების მიუხედავად, ვლადიმერ მამუჩაშვილი დღეში ორჯერ ვარჯიშობს

popsport: უფეხბურთოთ გიწევს ყოფნა და ჯერ უცნობია, როდემდე გაგრძელდება ეს კრიზისი. ფსიქოლოგიურად როგორ მოქმედებს ეს შენზე?

მამუჩაშვილი: სიმართლე გითხრა, არ ვუღრმავდები იმას, თუ რა საფრთხის წინაშე ვართ ადამიანები და შესაძლოა, ამიტომ არ ვარ შეშინებული. დათრგუნული ნამდვილად არ ვარ. უბრალოდ, ძალიან მენატრება გუნდი, ანგისაზე გატარებული ყველა დღე და ის ატმოსფერო, რაც დინამო ბათუმშია. ამდენი ხანი გუნდს მოწყვეტილი არასდროს ვყოფილვარ და ესაა ყველაზე ცუდი.

'დავუბრუნდი საყვარელ წიგნებს და ფილმებს. წიგნებიდან დოსტოევსკის 'მოთამაშეს' გამოვარჩევ'

popsport: ფინანსური პრობლემები დინამო ბათუმსაც შეექმნა, რაც ფეხბურთელებზეც აისახა... 

მამუჩაშვილი: ამ რეალობაში არა მარტო დინამო ბათუმი, მთელი ქვეყანა და მთელი მსოფლიოა. ამიტომ, ფეხბურთელები გაგებით უნდა მოვეკიდოთ ხელფასების შემცირებას. იმედია, ამაზე უფრო მეტად არ გაღრმავდება პრობლემები და პირიქით, მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს. 

popsport: მიუხედავად იმისა, რომ დღეში ორჯერ ვარჯიშობ, თავისუფალი დრო მაინც ბევრი გექნება. როგორ ატარებ დროს?

მამუჩაშვილი: ვინც ჩემი ინსტაგრამის გვერდს ადევნებს თვალს, ყველამ იცის რომ ძალიან მიყვარს მანქანები და სისწრაფე. ხშირად გავდივარ ქალაქგარეთ და ჩემი მანქანით ვერთობი. რა თქმა უნდა, ვიცავ სოციალურ დისტანციას და ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც არსებობს. დავუბრუნდი ჩემ საყვარელ წიგნებს და ფილმებს. წიგნებიდან გამოვარჩევ დოსტოევსკის "მოთამაშეს", ფავორიტი ფილმების ჩამონათვალი კი ასეთია: "ქალის სურნელი", "შინდლერის სია", "ლეგენდა ნომერი 17", "დათა თუთაშხია" და "შემოდგომის ლეგენდები". კომპიუტერული თამაშები არ მიზიდავს. 

2019 წელს, ვლადიმერ მამუჩაშვილმა ეროვნულ ლიგაში 34 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა

popsport: გუნდელებთან ალბათ სოციალური ქსელით ინარჩუნებ ურთიერთობას?

მამუჩაშვილი: კი, ასეა. გვაქვს ჩატი, სადაც ყოველ დღე კავშირზე ვართ და ვულოცავთ ერთმანეთს დღესასწაულებს. ყველას ენატრება ვარჯიში, თამაში და ის ატმოსფერო, რაც ანგისას ბაზაზეა. 

popsport: ბოლოს, გულშემატკივრებს მიმართე, რომლებსაც ასევე მოენატრათ ფეხბურთი და დინამო ბათუმი...

მამუჩაშვილი: ამ პერიოდში ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე და დავაფასე ყველა ის წუთი და დღე, რომელიც ანგისაზე მაქვს გატარებული. ყოველ დღე ვუყურებ ძველი მატჩების კადრებს და ყურში ჩამესმის გულშემატკივრების შეძახილი: დინამო, დინამო. როგორც ჩვენ, ისე თქვენც ფეხბურთით ცხოვრობთ. რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ არ მოიწყინოთ და გახსოვდეთ ჩვენი მიზანი: დინამო ბათუმი უნდა გახდეს ჩემპიონი.   

კომენტარები

ბოლო ამბები