Thumbnail
  • კიდევ ერთი თავი კარლო ანჩელოტის წიგნიდან
  • როგორ წააგო მილანმა ლივერპულთან 'მოგებული' ფინალი
  • და როგორ მოიგო მეორე ფინალი
  • რატომ არ გამოუვიდა რონალდოს მილანური კარიერა

პოპსპორტი აგრძელებს კარლო ანჩელოტის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ყველაზე საინტერესო მონაკვეთების თარგმნას. ამჯერად წარმოგიდგენთ იმ ეპიზოდებს, რომლებიც მილანის ჩემპიონთა ლიგის ფინალებს ეძღვნება - სტამბოლში და ათენში, ასევე ‘ელ ფენომენო’ რონალდოს მილანური თავგადასავლის ამბავს.

სტამბოლის ფინალი

2005 წლის 25 მაისის, საღამოს, სტამბოლის სტადიონის გასახდელში დიდი სიხარული იყო. შესვენება მიდიოდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალის პირველი ტაიმი დასრულდა და ლივერპულს 3:0-ს ვუგებდით. იდეალურ ფეხბურთს ვთამაშობდით. კიდევ 45 წუთი და ჩვენ ევროპაში საუკეთესოები ვხდებოდით. მოგვეცით თასი, სახლში უნდა წავიღოთ!

მოთამაშეები სიხარულს არ მალავდნენ, ყვიროდნენ: ‘ასე გავაგრძელოთ’; ‘ყველაზე ძლიერები ვართ’; ჩვენ გავიმარჯვებთ’. ის მოთამაშეები, რომლებიც განაცხადში არ იყვნენ, სპეციალურად ჩემპიონებისთვის გაკეთებულ მაისურებს იცვამდნენ.

📖 ანჩელოტის წიგნის სხვა თავები

გამარჯვებას წინასწარ არ ვზეიმობდით, უბრალოდ კარგ ხასიათზე ვიყავით. მოთამაშეებს ემოციებისთვის რამდენიმე წუთი მივეცი, შემდეგ კი დავამშვიდე და ვუთხარი: ‘ინგლისელებთან თამაში საფინალო სასტვენამდე არ მთავრდება. ყურადღებით იყავით და არ მისცეთ საშუალება, ტაიმის დასაწყისში უპირატესობას დაეუფლონ. თამაში ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ.’ სულ ეს იყო, რაც ვთქვი.

ლივერპულმა თამაში ერთი ფორვარდით, მილან ბაროშით, დაიწყო. ამიტომაც, მეორე ტაიმის დასაწყისში მეორე თავდამსხმელის, ჯიბრილ სისეს გამოსვლას ველოდი. თუმცა, სისე არ გამოვიდა. რაფა ბენიტესმა უცნაური ტაქტიკა აირჩია და კინაღამ მეოთხე გოლიც შევაგდეთ. ამის შემდეგ რაღაც სასწაული მოხდა. ეს იყო 6-წუთიანი გონების დაბნელება. შეუძლებელი შესაძლებლად იქცა - არადა, ყოველთვის მეზიზღებოდა სლოგანი impossible is nothing.

ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რაზე ვფიქრობდი იმ მომენტში. პასუხი მარტივია: არაფერზე! არანაირი აზრი, მხოლოდ სიცარიელე.

ეს იყო ყველაზე ცუდი კოშმარი, თითქოს მიწა ფეხებიდან გამოგვეცალა. საათის ისრებმა უკუღმა დაიწყეს ტრიალი. ასეთ რამეს ინგლისელი ბუკმეკერებიც კი ვერ იწინასწარმეტყველებდნენ. ამ მომენტში, ჩვენი თავის წინააღმდეგ რომ დაგვედო, ძალიან მდიდრები გავხდებოდით. უცებ 3:3 გახდა. იმის დროც კი არ მქონდა, რომ რამეზე რეაგირება მომეხდინა. პარალიზებული ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ყველაფერი მხოლოდ 360 წამში შეიცვალა.

ჩაბი ალონსო ანგარიშს ათანაბრებს

ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რაზე ვფიქრობდი იმ მომენტში. პასუხი მარტივია: არაფერზე! არანაირი აზრი, მხოლოდ სიცარიელე. მერე, ნელ-ნელა თავი ხელში ავიყვანეთ. დამატებით დროში ჩვენი თამაში დავიბრუნეთ და ეს მატჩი უნდა მოგვეგო. ბოლო წამამდე ამის იმედი მქონდა. ბოლო წამამდე, სანამ დუდეკმა შევჩენკოს რაღაც სასწაულით არ აუღო. შევჩენკომ ჯერ თავით დაარტყა, შემდეგ ფეხით დაამატა - უკვე ზეიმს ვიწყებდით - დუდეკმა როგორღაც ორივე დარტყმა აიღო. ამ მომენტში ჰალუცინაციები დამეწყო. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა - ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდება!

პენალტების სერიის წინ, როდესაც ბიჭებს თვალებში შევხედე, დავინახე, რომ მათში რაღაც გატყდა. ძალიან ჩაფიქრებულები და დამძიმებულები იყვნენ. პენალტების წინ ბევრი ფიქრი არ შეიძლება. ამ მომენტში თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ წავაგებდით. არადა, ძალიან კარგი პენალტისტები გვყავდა, უკეთესი, ვიდრე 2 წლის წინ: სერჟინიო, პირლო, ტომასონი, კაკა, შევჩენკო.

გადამწყვეტი პენალტი დუდეკმა შევჩენკოს აუღო

პენალტების წინ დუდეკიც ისე ცეკვავდა, როგორც მაშინ ბრიუს გრაბელაარი (შენიშვნა: ანჩელოტის რომამ 1984 წელს პენალტებში წააგო ლივერპულთან ჩემპიონთა თასის ფინალში). ისინი ერთმანეთს გვანან - ორი ნაბიჭვარი.

თამაშის მერე, გასახდელში, ბიჭებს მხოლოდ ორიოდე სიტყვა ვუთხარი: ‘მორალურად ჩვენ გავიმარჯვეთ, თუ შანსი გვექნება, ამისთვის გადავუხდით’.

📺 ვიდეო: სტამბოლის ფინალის მიმოხილვა

ფეხბურთელების რეაქცია

ეს თამაში არასოდეს არ მინახავს და არც ვაპირებ. არა იმიტომ, რომ ეს მტკივნეულია, უბრალოდ ამის აზრს ვერ ვხედავ.

ფეხბურთელებს შორის ყველაზე ცუდად ერნან კრესპო იყო. მას ლიგა მოგებული არ ჰქონდა, ფინალშიც ორი გოლი გაიტანა და ფიქრობდა, რომ თასი უკვე ჩვენი იყო. შესანიშნავი მოთამაშე იყო. სამართლიანი იქნებოდა, რომ მას ეს ტიტული მოგებული ჰქონდეს. მან ეს თასი სხვებზე მეტად დაიმსახურა და ვიცი, რომ დღემდე განიცდის ამ მარცხს.

არადა, კრესპომ სეზონი საშინლად დაიწყო და ძალიან კარგად დაამთავრა. რომ მოუმატა, ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა. როდესაც ზაფხულში ჩელსიდან გადმოვიყვანეთ, მას ვერ იცნობდით: ნელი, ფორმაში არ იყო, ფეხბურთელს საერთოდ არ გავდა. არც ვიცი, ჩელსიში თავდამსხმელებს რას უშვებიან?! გოლიც კი ვერ გაჰქონდა. პირველი გოლი ნოემბერში შეაგდო იტალიის თასზე. მაგრამ გიჟივით შრომობდა ვარჯიშებზე და ის კრესპო დაბრუნდა, რომელსაც მე პარმადან ვიცნობდი.

კრესპოზე ბევრად უკეთ არც ჯენარო გატუზო იყო. ფინალის შემდეგ, 'რინოს' მილანიდან წასვლა უნდოდა, სტამბoლის მარცხმა მის სულში დიდი შავი ხვრელი გააჩინა.

ვიცოდით, რომ გამარჯვებებს ისევ დავიწყებდით, თუმცა როდის? რამდენი ხანი დაგვჭირებოდა რეაბილიტაციისთვის? ამის თქმა არავის შეეძლო. ჯერ საკუთარი თავი უნდა გვეპოვა - ეს ყველაზე რთული ამოცანა იყო.

ფსიქოლოგიურად, დაბრუნებას ძალიან დიდი ხანი დასჭირდა. მთელი შემდეგი სეზონი. არაფერი მოგვიგია. ხშირად მეკითხებიან ხოლმე და მგონია, რომ ალბერტო ჯილარდინოს კრიზისიც სწორედ სტამბoლის ფიასკოს უკავშირდება. ის სწორედ ამ წაგების შემდეგ მოვიდა გუნდში. ჯილარდინოს სუსტი ფსიქიკა აქვს და მისი ოცნება არ ყოფილა მილანში ყველაზე რთულ დროს მოსულიყო. მან წნეხს უბრალოდ ვერ გაუძლო.

ოცნება ლივერპულზე

ეს სეზონი (2006/2007 წლების) უცნაურად დაიწყო. კალჩოპოლის გამო ჩემპიონატში ქულები დაგვაკლეს და ჩემპიონთა ლიგა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დავიწყეთ. სეზონის წინ კაფუმ გამაკვირვა - ბრაზილიური შვებულებიდან კვალიფიკაციამდე 3 დღით ადრე დაბრუნდა და ძალიან კარგ ფორმაში იყო. ბრაზილიაში გატარებული თითოეული შვებულებიდან თითქოს გაახალგაზრდავებული ბრუნდებოდა. წარმოდგენა არ მაქვს, რას აკეთებდა იქ, დასვენების დროს.

ამ დროს მე უკვე ორ გუნდს ვწვრთნიდი - ოფიციალურად მილანს, გულით კი ლივერპულს. ორივე ამ გუნდს ერთნაირად ვგულშემატკივარობდი, მინდოდა, რომ ათენის ფინალში ერთმანეთთან გვეთამაშა.

ამ იდეის შესახებ საბერძნეთში ჩემპიონთა ლიგაზე აეკ-თან ჯგუფური თამაშის წინ, ინტერვიუში ვთქვი. მახსოვს, ერთ-ერთმა გამოცდილმა ჟურნალისტმა, რომელიც ის კატეგორიაა, ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის, სინამდვილეში კი არაფრის აზრზე არ არის, ისე შემომხედა, როგორც შეშლილს. ჩვენ ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით და ფინალზე საუბარი უხერხული იყო. ზაფხულში კალჩოპოლის გამო ნორმალური მომზადება არ გაგვივლია და ძალიან გვიჭირდა. ჩემპიონატი სტარტზევე დავთმეთ. თუმცა, კარგი ამბებიც გვქონდა, ლივერპული არ ნებდებოდა და წინ მიდიოდა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, ეს გეგმა თავად ბედისწერამ შეადგინა.

კაკა ათენის ფინალის შემდეგ

ზამთრის პაუზამ გვიშველა. გალიანიმ მთელი გუნდი მალტაზე გაგვიშვა, რათა ფიზიკური კონდიციები ნორმაში მოგვეყვანა. მალტაზე სხვა გუნდად ვიქეცით, მოძრაობა დავიწყეთ. პროგრესი იმდენად აშკარა იყო, რომ პრესა ‘მალტის შეთანხმებაზე’ ალაპარაკდა. არანაირი შეთანხმება არ ყოფილა, უბრალოდ კარგად ვიმუშავეთ და ფორმაში შევედით.

ლივერპულიც კარგ ფორმაში იყო - კიდევ ერთი კარგი ამბავი. მე მათ თამაშებს მუდამ ვუყურებდი და ვგულშემატკივრობდი. წინ წითლებო! იანვარი იყო და ჩვენ უკვე მაისში ათენის ფინალზე ვფიქრობდით.

ელ ფენომენო რონალდო

იმ ზამთარს, რეალიდან რონალდო გადმოვიყვანეთ - ‘ელ ფენომენო’. მოთამაშე მითოლოგიიდან, ასეთები ხელოვნების ისტორიის კურსებზე უნდა ისწავლებოდეს. რონალდო ძალიან კარგი ბიჭი აღმოჩნდა - გახსნილი, გულღია, თავმდაბალი. სრულებით არ იყო ისეთი, როგორც ახასიათებდნენ. ერთი პრობლემა იყო - ვარჯიშის მოტივაცია საერთოდ არ ჰქონდა. ეს მე მაგიჟებდა. ჩემს გუნდში ასეთი თავდამსხმელი არასოდეს ყოფილა. რონი უნიკალურია - ის ბუნების ქმნილებაა.

როდესაც რონალდო მილანში გადმოვიდა, საჭიროზე მეტს იწონიდა. ამიტომ დასაწყისში ვარჯიშებზე ინდომებდა, გახდომა უნდოდა. თუმცა უკვე მაშინ რთული იყო მისი დარწმუნება, რომ სტაბილურად ევარჯიშა. ის არანორმალურად ნიჭიერია და ფიქრობდა, რომ ეს ფორმის დასაბრუნებლად საკმარისი იყო. ცდებოდა.

რონალდომ მილანში 20 თამაშში 9 გოლი შეაგდო

რონალდო ჩემპიონატში ძალიან გვჭირდებოდა, თუმცა ამას რომ ვეუბნებოდი, ყურებს შორის ატარებდა. როცა ის გადმოგვყავდა, ვიცოდით, რომ ვრისკავდით. თუმცა დასაწყისში თავად რონალდოსაც სჯეროდა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა. შემდეგ კი უბრალოდ დანებდა. გატანა დაიწყო თუ არა, მაშინვე დამშვიდდა და მოტივაცია დაკარგა. რისკმა ვერ გაამართლა, ყველა დავმარცხდით - ჯერ თავად ის და შემდეგ მილანი.

ეს საწყენია, რადგან მას უდიდესი პოტენციალი ჰქონდა. მჯერა, რომ ისევ შეეძლო პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო. ყველაფერი ჰქონდა ამისთვის - სურვილის გარდა! თავდაპირველად ურთიერთობა კარგად ავაწყეთ, თუმცა როდესაც შემდეგ მან ყველაფერი დაივიწყა, ბრძოლა მეც შევწყვიტე. გაბრაზებასაც არ ჰქონდა აზრი. ამას ტრავმები მოჰყვა - პირველი, მეორე, მესამე და კიდევ ერთი ოპერაცია.

გასახდელში ის ძალიან კარგად მიიღეს. ამბობდნენ, რომ მილანის ხელმძღვანელობა სანამ ახალ ფეხბურთელს შეიძენდა, გამოცდილ მოთამაშეებს აზრს ეკითხებოდა. მთლად ასე არ იყო, მაგრამ სიმართლესთან ახლოს არის. როცა კლუბი მნიშვნელოვანი მოთამაშის ყიდვას აპირებდა, აზრს ვეკითხებოდით. თუმცა, გადამწყვეტი ხმა ფეხბურთელებს არ ჰქონდათ. მაგალითად, პოულსენი გასახდელში არ უყვარდათ. სანამ იუვენტუსი იყიდდა, მანამდე მილანში გაიარა სამედიცინო შემოწმება. თუმცა, მასზე უარი ფეხბურთელების გამო არ ვთქვით, უბრალოდ ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემა ჰქონდა. სხვა საქმეა კასანო. ჩვენს გუნდში ის რთულად ჩაეწერებოდა.

გზა ათენისკენ

შეპყრობილები ვიყავით. მუდამ ფინალზე ვფიქრობდით. მილანში ვთამაშობდით, მაგრამ ცალი თვალი ლივერპულზე გვქონდა მიპყრობილი. მერვედფინალში სელტიკმა გვაწვალა, მეოთხედფინალში ბაიერნთან სახლში 2:2-ის შემდეგ, ვიცოდი, რომ გალიანი ჩემს სამწვრთნელო სკამს ბოლო ჭანჭიკებს ხსნიდა. მიუნხენში გამართულ საპასუხო შეხვედრაში მილანს ორი კაცი ვმეთაურობდით - მე და მარჩელო ლიპის აჩრდილი. ლიპისთან კლუბმა უკვე მოილაპარაკა - თუ ჩვენ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდებოდით, მე მილანის დატოვება მომიწევდა.

ფეხბურთელების მუდამ მადლიერი ვიქნები. მათ მაგრძნობინეს, რომ მხარს მიჭერდნენ. მიუნხენში 2:0 მოვიგეთ, ინძაგიმ მისთვის კლასიკური გოლი გაიტანა, თამაშგარის ზღვარიდან. ნახევარფინალში ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედს ვხვდებოდით, ლივერპული - ჩელსის.

ოლდ ტრაფორდზე 2:1-ს ვიგებდით, თუმცა მატჩის ბოლოს 3:2 წავაგეთ. ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ სერ ალექს ფერგიუსონთან უხეშად გამომივიდა. მან მატჩის შემდეგ, ტრადიციულად, ღვინოზე დამპატიჟა, მე კი უარი ვუთხარი.

კაკას გოლი ოლდ ტრაფორდზე

საპასუხო მატჩის წინ, მობოდიშების ნიშნად, მას წითელი ტინიანელოს ბოთლი ვაჩუქე. ის 60 ევრო ღირდა და არა 300, როგორც შემდეგ წერდნენ. 300-ევროიან ღვინოს ინტერში ყიდულობენ ხოლმე...

მატჩი იდეალური გამოვიდა - 3:0 მოვიგეთ. ეს 50 პროცენტით სტამბოლის დამსახურებაა და 50 პროცენტით იმის, წინა ღამეს, რაც მოხდა.

წინა საღამოს ლივერპული ჩელსისთან თამაშობდა. ჩვენი სპორტული ცენტრი სტადიონის ტრიბუნად იქცა. ეს იყო ‘ენფილდის’ ლეგენდარული კოპი. 30 შეშლილი ტელევიზორის წინ. ჩვენ მილანისტებმა წითელი შარფები მოვირგეთ და გავიმარჯვეთ - ლივერპული ფინალში გავიდა. ბიჭებს რომ გადავხედე, მივხვდი, რომ მეორე დღეს ნახევარფინალი უკვე მოგებული გვქონდა. მილანის გულშემატკივარს ეს შეხვედრა მშვენივრად ახსოვს, თუმცა ის არ იციან, რომ სინამდვილეში ეს თამაში ჩვენ უკვე წინა დღეს მოვიგეთ.

ფინალი

ათენური ფინალის წინ გალიანის ისევ მოუწია გაემაგრებინა ის სკამი, რომელიც მოარყია. ჩემს სამწვრთნელო სკამს ვგულისხმობ. ფინალის წინ მხოლოდ ერთი კითხვა მქონდა. არ ვიცოდი, ვინ ითამაშებდა - ჯილარდინო თუ ინძაგი. ჯილარდინო უკეთეს ფორმაში იყო, თუმცა პიპო ინძაგი პიპო ინძაგია. ახლა ამას არავინ აღიარებს, მაგრამ ზოგიერთი მოთამაშე მოდიოდა და მეუბნებოდა: ‘რა?! ინძაგის გამოყვანას აპირებ?! ვერ ხედავ, რა მდგომარეობაშია?'

ინძაგი ლივერპულის კარში გატანილ გოლს ზეიმობს

ვიცოდი, რომ პიპო ნახევრად მკვდარი იყო, მაგრამ ეს მისი საღამო უნდა ყოფილიყო. ასეთ თამაშებში ყველას შეუძლია თამაში, მათ შორის მას, ვინც ყავარჯნებზეა. მოკლედ, მე ინძაგი ავირჩიე და მანაც დუბლით ჩემპიონობა მოგვიტანა!

📺 ვიდეო: ათენის ფინალის მიმოხილვა - მილანი 2:1 ლივერპული

კომენტარები

ბოლო ამბები