Thumbnail
  • ნაკრები გუნდების მწვრთნელები, რომლებიც დიდი ხანია, მუშაობენ
  • სიაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიცაა 

გერმანიაში უკვე არსებობენ ფეხბურთის ფანები, რომლებიც დაბადებულებიც კი არ იყვნენ მაშინ, როცა იოახიმ ლიოვი ქვეყნის პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ‘იოგი’ ბუნდესგუნდს 2006 წლიდან უდგას სათავეში. ლიოვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილზეა იმ სპეციალისტებს შორის, რომლებიც ყველაზე დიდი ხანია, პოსტზე არიან! ბუნდესმწვრთნელმა პირველ ადგილზე აპრილიდან გადაინაცვლა - მას შემდეგ, რაც ოსკარ ტაბარესი ურუგვაის ნაკრების დამრიგებელი აღარ არის.

გადავხედოთ ეროვნული ნაკრებების მთავარ მწვრთნელებს მთელს მსოფლიოში - ვინ მუშაობს ყველაზე დიდხანს მოქმედ სპეციალისტებს შორის? მოწინავე ათეულში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიცაა!

1. იოახიმ ლიოვი

გერმანია, 2006 წლის ივლისიდან

14 წელია, შვარცვალდელი იოახიმ ლიოვი გერმანიის ეროვნულ ნაკრებს წვრთნის. სხვათა შორის, არაოფიციალურად სულაც 16 წელია, რადგან ბუნდესგუნდში 2004 წლიდან მუშაობს. პირველი ორი წელი ლიოვი იურგენ კლინსმანის პირველი ასისტენტი გახლდათ და გერმანიაში ყველა თანხმდება იმაზე, რომ იმ ორი წლის განმავლობაშიც, მთავარი მწვრთნელის საქმეს სწორედ ლიოვი აკეთებდა, კლინსმანი კი უბრალოდ კარგი მოტივატორი იყო. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შემდეგ კი, კლინსი გაუშვეს, ლიოვი კი მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და დღემდე ამ თანამდებობაზეა. 2014 წელს მან მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა!

2. კოლდო ალვარესი

ანდორა, 2010 წლის თებერვლიდან

ეს კაცი ანდორის ნაკრების კარს 78 მატჩში იცავდა და 2003 წელს ანდორის ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო 50 წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ამ ისტორიის ერთადერთი ლოგიკური გაგრძელებაც ეს იყო: 2010 წლის თებერვლიდან ალვარესი ანდორის ნაკრების მთავარი მწვრთნელია. შედეგებზე - რა გითხრათ…

3. ლუკ ჰოლტცი

ლუქსემბურგი, 2010 წლის აგვისტოდან

მთავარია, გჯეროდეს, ლუკ! ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 89 მატჩიდან 55 წააგო. მისი ხელმძღვანელობით გუნდი საშუალოდ ერთ მატჩში 0,76 ქულას იღებს. დიდ ტურნირზე გუნდი, რა თქმა უნდა, არ გაუყვანია. თუმცა ლუქსემბურგში მისი მუშაობით ყველა კმაყოფილია. წარმატებები, ლუკ!

4. მაიკლ ო’ნილი

ჩრდილოეთ ირლანდია, 2012 წლის თებერვლიდან

მაიკლ ო’ნილს პოლიციელის გარდა, რაიმე სხვა როლშიც უთამაშია? ასეთი კითხვა გაგიჩნდება, როცა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის სახელსა და გვარს გაიგებს. ამერიკელი მსახიობი ო’ნილისგან განსხვავებით, ჩრდილოირლანდიელ მწვრთნელ ო’ნილს ორი როლი აქვს - 2012 წლიდან ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების დამრიგებელია, 2019 წლიდან კი ინგლისურ სტოკ სიტისაც წვრთნის.

5. დიდიე დეშამი

საფრანგეთი, 2012 წლის ივლისიდან

დიდიე დეშამმა ორჯერ შეძლო ოქროს თაობის მწვერვალზე აყვანა - 1998 წელს საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის რანგში, როცა მსოფლიო თასი აღმართა, ხოლო 20 წლის შემდეგ კი უკვე ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში - ისევ მსოფლიო თასი. მარიო ზაგალოსა და ფრანც ბეკენბაუერის შემდეგ დეშამი მხოლოდ მესამეა, რომელსაც მუნდიალი ფეხბურთელის რანგშიც მოგებული აქვს და მწვრთნელის რანგშიც. ეს არ არის პატარა ამბავი!

6. ვლადიმირ პეტკოვიჩი

შვეიცარია, 2014 წლის ივლისიდან

პეტკოვიჩს საუკეთესო სტატისტიკა აქვს ყველა იმ მწვრთნელს შორის, ვისაც შვეიცარიის ნაკრებში უმუშავია და შვეიცარიის ნაკრები ყველა დიდ ტურნირზე გაიყვანა. მიუხედავად ამისა, მას მუდმივად აკრიტიკებენ და მუდმივად გათავისუფლებას უწინასწარმეტყველებენ. შვეიცარიელ სპორტულ ჟურნალისტებს ძალიან უყვართ ოტმარ ჰიტცფელდი, რომელიც შვეიცარიის ნაკრებს პეტკოვიჩამდე წვრთნიდა. ისინი ხშირად წერენ, რომ ვლადიმირი ახლოსაც ვერ მიდის ოტმარამდე. მაგრამ შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციაში პრაგმატულად აზროვნებენ და ცოტა ხნის წინ, პეტკოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელეს.

7. ფერნანდუ სანტუში

პორტუგალია, 2014 წლის სექტემბრიდან

2016 წელს პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა და პორტუგალიაში დღემდე დავობენ, ვის უფრო დიდი წვლილი აქვს ამ წარმატებაში - კრიშტიანო რონალდოს, თუ ფერნანდუ სანტუშს. ფაქტია, რომ ეს არის მწვრთნელი, რომელმაც პორტუგალიას ისტორიული ტრიუმფი შეაძლებინა.

8. იგორ ანგელოვსკი

მაკედონია, 2015 წლის ოქტომბრიდან

მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი თითქმის სულ ისე იქცევა, როგორც ამ ფოტოზეა - ოთხწელიწადნახევარია, მსაჯებს ეჩხუბება და მათი გადაწყვეტილებებით თითქმის ყოველთვის უკმაყოფილოა. სხვა? შანსი აქვს, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ევრო 2020-ზე (თუ, ევრო 2021-ზე - მოკლედ, როგორც არის) გაიყვანოს. იმედია, ამას ვერ გააკეთებს და ჩვენი ასეთი სურვილის მიზეზის ახსნას აქ აღარ დავიწყებთ. ვერ ეღირსები, იგორ!

9. ოგე ჰარეიდე

დანია, 2016 წლის მარტიდან

66 წლის ოგე ჰარეიდეს ყველანაირი მიზეზი აქვს საიმისოდ, რომ ახლა სწორედ ასეთი სახე ჰქონდეს. საქმე ისაა, რომ მან დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, ტურნირი კი ერთი წლით გადაიდო. ჰარეიდეს კონტრაქტი 31 ივლისს უმთავრდება. და უკვე გადაწყვეტილია, რომ მას კასპერ ჰიულმანდი შეცვლის…

10. ვლადიმირ ვაისი

საქართველო, 2016 წლის მარტიდან

დიახ, ჩვენი კაცი… ნაკრებების მოქმედ მწვრთნელებს შორის, მუშაობის ხანგრძლივობით მე-10 ადგილზეა. არ არის ცუდი შედეგი. ვლადიმირ ვაისი ვლადიმირ ვაისის შვილი და ვლადიმირ ვაისის მამაა. მისი შვილი მანჩესტერ სიტის აკადემიაში იყო და ახლა ბრატისლავის სლოვანში თამაშობს. მამამისი ჩეხოსლოვაკიაში იყო ფეხბურთელიც და მწვრთნელიც - 60-იან და 70-იან წლებში. ვაისების ოჯახში სახელების შერჩევის თვალსაზრისით მაინცდამაინც კრეატიულები არ არიან. იმედია, საქართველოს ნაკრებს ევრო 2020-ზე (თუ, ევრო 2021-ზე - მოკლედ, როგორც არის) გაიყვანს და ამ სიაშიც წინ წაიწევს. არაფერი გვაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ წლების შემდეგ საქართველოშიც იარსებონ ფეხბურთის ფანებმა, რომლებიც დაბადებულებიც კი არ იყვნენ მაშინ, როცა ვაისი ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა...

კომენტარები

ბოლო ამბები