Thumbnail
  • 'რაკუტენმა' სადიო მანეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
  • მანე სენეგალის სოფელ ბამბალიდანაა და გაჭირვებაში გაიზარდა
  • ახლა ის ქველმოქმედია და თავის სოფელს ძალიან ეხმარება

'რაკუტენმა' სადიო მანეს შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ეს არის გრძელი გზა სენეგალის სოფელი ბამბალიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე. მანეს მთელ ისტორიას სწორედ ეს სამარკო ნიშანი ადევს - Made in Senegal. ფილმიდან მანეს შესახებ ბევრ საინტერესო რამეს ვგებულობთ:

მისი მამა ყველაზე ცუდ დროს გარდაიცვალა. ‘მე მხოლოდ 7 წლის ვიყავი. მინდორში მივდიოდით ფეხბურთის სათამაშოდ. ამ დროს ჩემი დეიდაშვილი მოვიდა და მითხრა, რომ მამაჩემი გარდაიცვალა. მართლა? ვერც მივხვდი ბოლომდე. მეგონა, რომ ხუმრობდა,’ - იხსენებს მანე ფილმში.

‘სანამ გარდაიცვლებოდა, მას ეს დაავადება კვირების განმავლობაში ჰქონდა. ჯერ ტრადიციული მეთოდებით ვუმკურნალეთ და 3-4 თვე თითქოს უშველა. თუმცა შემდეგ დაავადება თავიდან გართულდა, ხალხური მეთოდები არ შველოდა და რადგანაც ბამბალიში საავადმყოფო არ იყო, ჩვენ ის სხვა სოფელში წავიყვანეთ. მაგრამ მაინც ვერ გადავარჩინეთ.'

‘როცა პატარა ვიყავი, მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, როგორ ამაყობდა ჩემით. მას დიდი გული ჰქონდა და მისი გარდაცვალება მთელი ოჯახისთვის დიდი დარტყმა იყო. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი: ‘ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ დედას დავეხმარო. ეს რთულია, როცა ასე პატარა ხარ.’

20 წელი გავიდა და მანეს მიერ დაარსებული საავადმყოფო 6 თვეში უნდა გაიხსნას - მის მშობლიურ სოფელში, სადაც შარშან სკოლაც გახსნა. მანე ამბობს, რომ მამამისის გარდაცვალება მთავარი ფაქტორია მისი ქველმოქმედებისთვის სედიუს პროვინციაში, სადაც მსოფლიო ბანკის შეფასებით, მოსახლეობის 70 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

მანე: ‘ისიც მახსოვს, რომ ჩემი და სახლში დაიბადა, რადგან სოფელში საავადმყოფო უბრალოდ არ არსებობდა. ეს ძალიან ცუდია. საავადმყოფო იმიტომ მინდა ავაშენო, რომ ხალხს იმედი მივცე.'

მანეს მამა იმამი იყო. ოჯახი მისი გარდაცვალების წლისთავზე ყოველ წელს იკრიბება და ყურანს კითხულობს. მას შემდეგ, რაც მან ოჯახი ვერ დაარწმუნა, რომ სწავლის შეწყვეტის და ფეხბურთის გაყოლის უფლება მიეცათ, მანე თავისი ბავშვობის მეგობრის, ლუკ ჯიბუნეს დახმარებით, 15 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა.

'ჩემი ოჯახის მიტოვებას და დაკარში გაქცევას გამბედაობა სჭირდებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ შემეძლო წარმატებისთვის მიმეღწია'

‘ეს ძალიან რთული იყო. არავინ მყავდა, ვინც ჩემი ოცნებების მიღწევაში დამეხმარებოდა. მაგრამ ოცნება არასოდეს შემიწყვეტია. ჩემი ოჯახის, ჩემი სოფლის მიტოვებას და დაკარში წასვლას გამბედაობა ნამდვილად სჭირდებოდა. მაგრამ ვიცოდი, რომ შემეძლო წარმატებისთვის მიმეღწია. შემდეგ, როცა ჩემი ოჯახი მიხვდა, რომ ფეხბურთის გარდა არაფრის გაკეთება არ მინდოდა, ეს ფაქტი სერიოზულად მიიღეს და დამეხმარნენ,' - ამბობს ლივერპულის ვარსკვლავი.

დაკარში, სენეგალის დედაქალაში, Generation Foot-ის აკადემიის თამაშზე მან ოთხი გოლი გაიტანა. მანეს მოგზაურობა სწორედ აქედან დაიწყო. ამ თამაშზე მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აკადემიის დამფუძნებელი მადი ტურე მისთვის მეორე მამად იქცა. 2011 წელს ფრანგულ მეცში გადავიდა, შემდეგ ზალცბურგში და 18 თვეში საკვანძო როლი ითამაშა 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, როდესაც სენეგალმა მეოთხედფინალს მიაღწია.

იურგენ კლოპს ახსოვს, რომ 2014 წელს დორტმუნდში მანეს გადაყვანის შანსი ჰქონდა. ისიც ახსოვს, როგორ მიიქცია მანეს ბეისბოლის ქუდმა მისი ყურადღება.

მანე: ‘კლოპმა მითხრა, რეპერივით გამოიყურებიო. მაშინ ყველაფერი ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა. მგონია, რომ კლოპი ცდებოდა. ეს ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო. რას ვიზამთ, უფრო მეტი დრო დამჭირდა, რომ ერთმანეთს შევხვედროდით.'

კლოპმა მანე 2016 წელს წაიყვანა - მას შემდეგ, რაც სენეგალელმა საუთჰემტონთან ერთად 3 თამაშში 4 გოლი გაუტანა მის ლივერპულს. ფილმში კარგად ჩანს, რომ მანე თავისი მწვრთნელით აღტაცებულია.

'კლოპს ყოველთვის აქვს რწმენა. ბარსელონასთან თამაშის წინაც სჯეროდა, რომ მოვიგებდით'

მანე კლოპზე: ‘რაც მას განსაკუთრებულს ხდის, არის ის, რომ ყოველთვის სჯერა, ყოველთვის აქვს რწმენა. ბარსელონასთან თამაშის წინ მას ნამდვილად სჯეროდა, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ორი საუკეთესო ფეხბურთელი (სალაჰი და ფირმინო) გვაკლდა. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ საუკეთესო თამაში გვეთამაშა და ამასთან ერთად, ჩვენზე ზეწოლა შეამსუბუქა.'

მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ ზეიმი არაფერია იმასთან შედარებით, როგორც მანეს ბამბალიში დახვდნენ. სოფელში მოზეიმე ფანებთან სიარულის დროს მან მოხუცი ქალი იცნო და ჰკითხა, თუ რატომ არ ურეკავდა მას?

‘რომ მოგნატრებოდი, დამირეკავდი. აი, ჩემი ნომერი!’ - უთხრა მანემ.

‘მე ტელეფონი არ მაქვს’ - მიიღო პასუხი.

მისი ბუნებრივი თავდმაბლობა ფილმში კარგად ჩანს, როცა ის სოფელში ახალგაზრდებს მიმართავს: ‘განათლება ყველაფრის ამოსავალია. სკოლა უპირველეს ყოვლისა! მაგრამ, ჯანმრთელობაც წესრიგში უნდა გქონდეთ, ამიტომ საავადმყოფოც უნდა დავასრულოთ.’

‘როცა ამ ხალხს ხედავ და ყველაფერს, რასაც ისინი თავის სახლში გთავაზობენ, ხვდები, რომ მათთვის კიდევ უფრო მეტი და მაგრად უნდა იშრომო.’ - ამბობს მანე, რომელმაც სენეგალის მთავრობას 40 000 ევრო აჩუქა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მანე: ‘უკეთესი სკოლა რომ მქონოდა, შეიძლება უკეთ მესწავლა. მაგრამ ასე არ იყო. მე სოფელში ვიყავი. აქ ყველას ფეხბურთის თამაში უნდა, სკოლაში სიარული კი - არავის. მათ უნდათ, რომ ჩემსავით ფეხბურთელები გახდნენ. მაგრამ ყოველთვის ვეუბნები, რომ უნდა ისწავლონ და სკოლაში იარონ. რა თქმა უნდა, შეუძლიათ ფეხბურთიც ითამაშონ და ეს მათ დაეხმარებათ, რომ უფრო წარმატებულები იყვნენ. ახლა სხვა დროა, ჩემი ბავშვობის დრო აღარ არის, მაშინ უფრო რთული იყო.'

კომენტარები

ბოლო ამბები