Thumbnail

'უეფას მძევლის როლში ყოფნას არ ვაპირებთ' - ჰოლანდიაც აჯანყდება?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

როგორც ჩანს, უეფას გეგმა ვერ განხორციელდება - ევროპული ფეხბურთის მთავარი ორგანიზაციის უმთავრესი მიზანი ეროვნული ჩემპიონატებისა და ევროთასების დასრულებაა. ამ მიზნით, უეფამ სეზონი აგვისტოს ჩათვლით გააგრძელა, მაგრამ 55 წევრი ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაცია არ აღმოჩნდა ერთსულოვანი.

ბელგიის ჟუპილერ ლიგამ გადაწყვიტა აღარ განაახლოს ეროვნული ჩემპიონატი, ხოლო ჩემპიონად პირველ ადგილზე მყოფი ბრიუგე გამოაცხადოს. ამან უეფას კრიტიკა გამოიწვია. შედეგი არც უეფას წარმომადგენლებსა და ბელგიური ფეხბურთის ხელმძღვანელებს შორის წარმართულმა "კონსტრუქციულმა" შეხვედრამ მოიტანა. 15 აპრილს ბელგიური ფეხბურთის გენერალური ასამბლეა ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს.

ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ იგივე შესაძლოა, მოხდეს შოტლანდიაშიც, სადაც კლუბები დღეს იკრიბებიან ამ პრობლემის განსახილველად. რაც მთავარია, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაც აღარ გაგრძელდეს.

როგორც ჩანს, უეფას კიდევ ერთი ქვეყანა აუჯანყდება - ჰოლანდია. ერედივიზიეც სეზონის შეჩერებას აპირებს. 

ერედივიზიეს დირექტორმა მატეის მანდერსმა განაცხადა: "ჩვენ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელსაც ჩავთვლით საჭიროდ. უეფას მძევლის როლში ყოფნას არ ვაპირებთ! და არც მათ ზეწოლას შევუშინდებით. თუ გადავწყვეტთ, რომ სეზონი უნდა შეწყდეს საბოლოოდ, ეს ასეც იქნება. კონსულტაციები კი ბატონო, მაგრამ ჰოლანდიური ფეხბურთის მომავალზე, მის დაცულობაზე ვერავინ მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენს გარდა".

შეგახსენებთ, რომ ერედივიზიე კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, 26-ე ტურის შემდეგ შეწყდა. აიაქსს 56 ქულა აქვს და ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ აზ ალკმაარსაც ამდენივე ქულა აქვს, მესამე ადგილზე ფეიენოორდია 50 ქულით. 

კომენტარები

ბოლო ამბები