Thumbnail

ხილი და ბოსტნეული ხალხისთვის - დუნგა 10-ტონიან სატვირთოებს ცლის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ხალხს ეხმარება
  • დუნგამ ტინგასთან და დ’ალესანდროსთან ერთად სატვირთო დაცალა
  • ხილს და ბოსტნეულს პორტუ ალეგრის ღარიბთა უბანში დაარიგებენ

კორონა-კრიზისში ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება. თითქმის არაფერი აღარ მუშაობს ისე, როგორც აქამდე მუშაობდა. ფეხბურთის ყოფილი და ამჟამინდელი ვარსკვლავები სხვადასხვა კამპანიებში არიან ჩართულები.

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მერე ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დუნგა კარგ საქმეს არგენტინელ ანდრეს დ’ალესანდროსთან და თანამემამულე ტინგასთან ერთად აკეთებს. მათ სამხრეთბრაზილიურ ქალაქ პორტუ ალეგრიში დიდი სატვირთო ავტომობილი დაცალეს, რომელმაც დანიშნულების ადგილზე 10 ტონა ხილი და ბოსტნეული მიიტანა. დახმარების ორგანიზატორი თავად დუნგა გახლდათ - მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონი, რომელიც ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელიც იყო.

ხილი და ბოსტნეული ქალაქის ღარიბ უბანში, რესტინგაში უნდა დარიგდეს. ტინგა, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრებს დორტმუნდის ბორუსიადან (2006-2010) ემახსოვრებათ, სწორედ ამ უბნიდანაა. აღსანიშნავია, გერმანიაში თამაშობდა ანდრეს დ’ალესანდროც - არგენტინელი, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ვოლფსბურგში 2003-2006 წლებში ირიცხებოდა, მაგრამ იმედები ვერ გაამართლა. სხვათა შორის, კარიერის განსაკუთრებული წლები დუნგასაც ბუნდესლიგაში აქვს გატარებული - 1993-დან 1995 წლამდე შტუტგარტში იყო.

ოფიციალური ინფორმაციით, ბრაზილიაში კორონავირუსის 14 049 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 688 და გამოჯანმრთელდა 127 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონნახევარს მიაღწია. გარდაცვლილია 83 000 და გამოჯანმრთელდა 300 000-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები