Thumbnail
  • ინტერვიუ დინამო ბათუმის თავდამსხმელთან, რომელმაც ტრავმის გამო 8 თვე გამოტოვა
  • ნიკა საბანაძე ფეხბურთზე, დინამო ბათუმზე, პანდემიაზე, წიგნებსა და ფლეისთეიშენზე

ნიკა საბანაძემ მძიმე ტრავმის გამო 8 თვე გამოტოვა და როდესაც ბრუნდებოდა მოედანზე, მსოფლიო პანდემიის გამო სეზონი შეწყდა. ისევე როგორც ყველა, ნიკაც თვითიზოლაციაშია, ცდილობს ივარჯიშოს და ელოდება, როდის გადაივლის კრიზისი. დინამო ბათუმის თავდამსხმელმა პოპსპორტის კითხვებს უპასუხა... 

popsport: როგორ ატარებ დროს ამ უჩვეულო პერიოდში?

საბანაძე: როგორც ყველა, მეც ძირითადად სახლში ვარ და ვცდილობ სახლის პირობებში ვივარჯიშო. პერიოდულად, ეზოში დავრბივარ.მშვიდად ვარ და ასე ვებრძვი ვირუსს. იმედია, მალე მორჩება ეს ყველაფერი და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.  

popsport: მსოფლიო პანდემიამ საფეხბურთო კლუბებს ფინანსური პრობლემები შეუქმნა და გამონაკლისი არც დინამო ბათუმია...

საბანაძე: ჩვენც შეგვეხო ეს კრიზისი და ხელფასები გაგვინახევრდა. ვფიქრობ, ფეხბურთელები გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ გადაწყვეტილებას. გლობალური პრობლემაა და უნდა შევიდეთ კლუბის ხელმძღვანელების მდგომარეობაში. ყველაფერი გაჩერდა და ბუნებრივია, რომ ეს ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს. პირადად მე, 8 თვე ვიყავი ტრავმირებული და მთელი ეს პერიოდი, კლუბს ერთი წუთითაც არ მივუტოვებივარ. მკურნალობის ხარჯებიც მთლიანად კლუბმა გაიღო და ხელფასსაც ჩვეულებრივად ვიღებდი. შესაბამისად, მე როგორც შემეძლება, ისე დავუდგები დინამო ბათუმს გვერდში. 

popsport: ფიზიკურად როგორ გრძნობ თავს?

საბანაძე: საბედნიეროდ, კარგად ვარ და აღარ მაწუხებს არაფერი. ერთადერთი, ცოტა შიში დამრჩა და ამასაც აუცილებლად დავძლევ. როდესაც ამდენ დროს გამოტოვებ ტრავმის გამო, ვარჯიშის დროს, თითქოს ქვეცნობიერი არ გიშვებს ბოლომდე, მაგრამ ეს გადალახვადია.

ტრავმის შემდეგ, ნიკამ პირველი გოლი კოლხეთთან ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა 

popsport: ისედაც 8 თვე გამოტოვე ტრავმის გამო და როდესაც ბრუნდებოდი, ჩემპიონატი შეჩერდა. ფსიქოლოგიურად ალბათ რთულია ამდენი ხანი უფეხბურთოთ ყოფნა... 

საბანაძე: ძალიან რთულია. მომენატრა ვარჯიში და თამაში. ასე არიან სხვა ფეხბურთელებიც და მე მითუმეტეს, რომელიც მოედანზე დაბრუნებას 8 თვე ველოდებოდი. რას ვიზამთ, უნდა დაველოდოთ ამ კრიზისის დასრულებას.

popsport: უკვე განიხილება ვარიანტი, რომ 2020 წლის ეროვნული ლიგის ფორმატი შეიკვეცოს და ნაკლები თამაში ჩატარდეს... 

საბანაძე: ესეც ძალიან რთულია. გუნდი ემზადება 36 თამაშის ჩასატარებლად, ფეხბურთელებიც მზად არიან ამისთვის და უცებ ირკვევა რომ სიტყვაზე მხოლოდ 18 თამაში უნდა ჩაატარო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რომ არ ჩაიშალოს ჩემპიონატი და ამიტომ განიხილება შეკვეცილი ფორმატი. ოთხ წრედ ჩატარება უკვე წარმოუდგენელი ჩანს, რადგან მაშინ ფეხბურთელებმა სამ დღეში ერთხელ უნდა ვითამაშოთ, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. 

popsport: როგორ ატარებ თავისუფალ დროს თვითიზოლაციაში?

საბანაძე: წიგნების კითხვა მიყვარს, რაც ძალიან მეხმარება. ბარსელონას გულშემატკივარი ვარ და ამჟამად ამ კლუბის ისტორიაზე ვკითხულობ წიგნს. ჩემი ფავორიტი მწერალი დოსტოევსკია, გამორჩეული წიგნები კი ძმები კარამაზოვები და დანაშაული და სასჯელი. ასევე, მოთამაშე. მიყვარს ფლეისთეიშენის თამაში, სადაც PRO EVOLUTION SOCCER-ს ვანიჭებ უპირატესობას. ამიტომ, თანაგუნდელებთან ვერ ვთამაშობ, რადგან ისინი ფიფას მოყვარულები არიან. პესში ბარსელონას ვირჩევ და კარგი გასართობია ჩემთვის. 

popsport: ბოლოს, გულშემატკივრებს მიმართე, რომლებიც დიდი ხანი ელოდნენ შენ დაბრუნებას, დღეს კი სეზონის განახლებას ელოდებიან...

საბანაძე: მოვითმინოთ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და არ შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელებას. გადაივლის მალე ეს კრიზისი, დავბრუნდებით სტადიონზე და ისევ გაგახარებთ. დავბრუნდებით ახალი მიზნებით, ახალი განწყობით, ახალ სტადიონზე, ძველებური კი გვჭირდება მხოლოდ გულშემატკივრობა.

საბანა ძალიან გვაკლია! ✊

საბანა ძალიან გვაკლია! ✊ 🏥 ნიკოლოზ საბანაძეს ხერხემლის მალთაშუა თიაქარი აწუხებს, მკურნალობის კურსს გადის, თუმცა მოედანზე მისი დაბრუნების თარიღი ჯერ უცნობია...

Posted by FC Dinamo Batumi on ოთხშაბათი, 18 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები