Thumbnail

მორჩა! - ინგლისის პრემიერლიგა ამის გამოსაცხადებლად ემზადება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

კორონავირუსის პანდემიამ სპორტული ღონისძიებები პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში შეაჩერა. ერთი წლით გადაიდო მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირები: ოლიმპიადა და ევრო 2020. არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს პაუზა ევროპის წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში. ბელგიის ჟუპილერ ლიგამ სეზონის დასრულების შესახებ უკვე გამოაცხადა და როგორც ირკვევა, იმავეს აპირებს ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობაც.

ლივერპული 30-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობასთან ახლოსაა

ინგლისელთა გეგმების შესახებ მედიას უდინეზეს სპორტულმა დირექტორმა პიერპაოლო მარინომ აცნობა. შეგახსენებთ, რომ ეს იტალიური კლუბიც და ინგლისური უოტფორდიც პოცოს ოჯახის საკუთრებაა.

"ბელგიის ფედერაციამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება სეზონის დასრულების თაობაზე, მიუხედავად უეფას მხრიდან შესაძლო სანქციებისა. ინგლისის პრემიერლიგაში მსგავსი განცხადების გასაკეთებლად ემზადებიან, რადგან ვითარება იქ ძალიან, ძალიან სერიოზული ხდება. სიმართლე გითხრათ, მე პირადად ვიმედოვნებ, რომ კორონავირუსის შემდეგ ისევ შევძლებთ ფეხბურთით ისევ ტკბობას. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი დრო დასჭირდება ამას, მთავარია ამ სახიფათო ზონას თავი დავაღწიოთ. მადარდებს მომავალი სეზონები და არა ძველი", - აქვეყნებს მარინოს ნათქვამს იტალიური მედია.

კორონავირუსის პანდემიის გამო ვითარება ინგლისშიც რთულია

შეგახსენებთ, რომ უეფაში ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ ბელგიელთა ნაბიჯით. უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ამის გამო ბელგიური კლუბები შესაძლოა ევროსაგზურების გარეშე დარჩნენ. 

ინგლისის პრემიერლიგაში არასრულად ჩატარებული 29 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში ლივერპულია (82 ქულა). იურგენ კლოპის გუნდი უახლოეს მდევარ მანჩესტერ სიტის, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს, 25 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები