Thumbnail
  • ფრანკ რიბერის  და არიენ რობენის დუეტი პიკზე თითქმის 10 წელი იყო
  • მათი სათამაშო სტილი, ფუნქცია და ხასიათი
  • რიბერი უფრო გუნდური მოთამაშე იყო, რობენი - ინდივიდუალისტი
  • ბაიერნის ისტორიული ჰეთთრიკი სწორედ მათ სახელს უკავშირდება

არიენ რობენი და ფრანკ რიბერი - 10 წლის მანძილზე, ეს წყვილი მეტოქის დაცვის ფლანგებს ატერორებდა. ბაიერნის გულშემატკივრებისთვის რეკორდმაისტერი რობენი-რიბერის დუეტის გარეშე რთული წარმოსადგენია. სწორედ მათი დამსახურებაა მიუნხენური გრანდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი, წყვილში ერთად მოგებული 17 ბუნდესლიგა და ისტორიული ‘ტრებლი’ 2013 წელს.

ისტორიული წყვილი

ამ დუეტის ისტორიულ მნიშვნელობას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს. ერთ-ერთი ხანგრძლივობა და სტაბილურობაა. ფეხბურთში, ჩვეულებრივ, ფორმის პიკზე უფრო ხანგრძლივად მცველები და მეკარეები ახერხებენ დარჩენას. მათი პოზიციიდან გამომდინარე, უფრო ნაკლებად მოეთხოვებათ სისწრაფე და მოძრაობა, უფრო მეტად პოზიციური თამაში. ანუ, ასაკის მატება მათთვის უფრო ნაკლები პრობლემაა ხოლმე.

📋 სხვა დუეტები:

რიბერი და რობენი ამ მხრივ გამონაკლისები იყვნენ. ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გუნდის ლიდერებად ისინი მთელი 10 წლის მანძილზე მიიჩნეოდნენ - ისე, რომ თამაშობდნენ იმ პოზიციაზე, სადაც სისწრაფე და დინამიზმი ყველაზე მეტად გჭირდება. მარჯვენა ფლანგიდან რობენი უტევდა, მარცხნიდან კი რიბერი - და ასე წყვილად წლების მანძილზე. ამ დროის განმავლობაში ბაიერნის ნებისმიერი მწვრთნელი, ნებისმიერ განლაგებას და ტაქტიკურ სქემას სწორედ ამ დუეტის გათვალისწინებით ქმნიდა. მათ პრეტენზიული ლუი ვან გაალის გუნდსაც ულიდერეს, იუპ ჰაინკესის ბაიერნიც მიიყვანეს 'ჰეთთრიკამდე' და პეპ გვარდიოლას ფორმაციის რეკორდმაისტერშიც იპოვეს თავიანთი ადგილი.

ამ წყვილს ერთმანეთთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა

ფრანკ რიბერიმ მიუნხენში 273 თამაში ჩაატრა და 86 გოლი შეაგდო, არიენ რობენმა კი - 201 თამაში და 99 გოლი. ეს რიცხვები უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა მათი ხშირი ტრავმები. გამუდმებული ტრავმები ორივე მათგანს მთელი კარიერის მანძილზე ტანჯავდა. თუმცა ეს მათი ერთადერთი საერთო შტრიხი არ ყოფილა.

ერთნაირები და განსხვავებულები

ამ წყვილს ბევრი საერთო აქვს. თითქმის თანატოლები არიან (რიბერი 1 წლით უფროსია რობენზე) და ბაიერნშიც კარიერის ერთ ეტაპზე მივიდნენ - მაშინ, როდესაც მათი კარიერული პიკი იწყებოდა. რიბერი ბაიერნში 2007 წელს, მარსელიდან გადავიდა, როცა საფრანგეთში უკვე მიიჩნეოდა ზიდანის წასვლის შემდეგ თავისი თაობის ყველაზე პერსპექტიულ ვარსკვლავად. ბაიერნი მის კარიერაში პირველი და ერთადერთი სუპერკლუბი იყო.

რობენს მიუნხენამდე უფრო დიდი გზის გავლა მოუწია და რიბერის ორი წლის შემდეგ შეუერთდა. რიბერის მსგავსად, მანაც თავისი სახელი სამშობლოში, პსვ ეინდჰოვენში გაითქვა, შემდეგ კი ჯერ ჟოზე მოურინიოს ჩელსიში სამი წარმატებული სეზონი ჩაატარა, შემდეგ კი ორი წელი მადრიდის რეალში. მხოლოდ ამის შემდეგ აღმოჩნდა მიუნხენში.

სწორედ ბაიერნში იპოვა ორივე მათგანმა თავისი იდეალური სათამაშო პოზიცია. მიუნხენამდე, რიბერი მარსელშიც და საფრანგეთის ნაკრებშიც მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, რობენი კი ეინდჰოვენში და ჩელსიში მარცხენა ფლანგის შემტევი იყო. ბაიერნში (რობენის შემთხვევაში ნაწილობრივ რეალში) მათ ფლანგები შეუცვალეს - რიბერი მარცხნიდან უტევდა, რობენი კი - მარჯვნიდან.

ორივე მათგანს მსგავსი სათამაშო სტილი აქვთ. თავისი ინდივიდუალური ოსტატობის, ტექნიკის, დრიბლინგის და სისწრაფის ხარჯზე, ორივეს ერთ-ერთზე თამაში ეხერხება, მათი საყვარელი მანევრი კი ფლანგიდან ცენტრისკენ შემოწევაა. ბაიერნმა მათ ყველაზე ძლიერ მხარებს მისცა გასაქანი. ახალი პოზიციიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც ისინი თავის მეტოქეს გაცდებიან, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან არიან (და არა ფლანგზე) - ანუ, იმ ზონაში, საიდანაც გოლები გადის და იქმნება.

რიბერი ძალიან სწრაფი იყო, რობენი კიდევ უფრო სწრაფი - რეაქტიული რომ ეთქმის, ისეთი.

მსგავსი სათამაშო სტილის და პოზიციის მიუხედავად, მათ განსხვავებული ხასიათი ჰქონდათ. რიბერი ძალიან რთული ხასიათის კაცია, უმეტესად ქუჩაშია გაზრდილი და მისი ბავშვობის მწვრთნელები იმასაც იხსენებენ, რომ ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან მოყოლებული, ის აგრესიული და მოძალადე ბავშვი იყო. თამაშის დროსაც მისგან გაწევ-გამოწევას, ხულიგნურ ქცევას, ან მოულოდნელ წითელ ბარათს ყოველთვის უნდა ელოდო. ეს მას ბაიერნში ხელს ნაკლებად უშლიდა - მიუნხენში ის სახლში იყო, საფრანგეთის ნაკრებში კი რიბერისთან დაკავშირებული სკანდალები ხშირად გვახსოვს.

რიბერისთვის სკანდალები უცხო არ ყოფილა

მისგან განსხვავებით, არიენ რობენი ძალიან მშვიდი, უპრეტენზიო და უკონფლიქტო კაცია, უნაკლო რეპუტაციით მოედანზე და მის მიღმა. ყველაზე მეტი რობენს, რაზეც შეიძლება მოედავო, პენალტების აკიდების დაუოკებელი სურვილია.

რომელი უფრო მაგარი იყო?

ბაიერნის გულშემატკივარი მათ ბეტმენის და რობინის ლეგენდარული პოსტერით დაემშვიდობა. პოსტერზე ბეტმენი რიბერი იყო, რობინის როლი კი არიენმა მოირგო. მგონია, რომ არცთუ ისე კარგი შედარებაა. ბეტმენ-რობინის დუეტში ბეტმენი მთავარი გმირია, რობინს კი უფრო დამხმარე ფუნქცია აქვს. რიბერის და რობენის შემთხვევაში კი მთავარ როლს ორივე თანაბრად ირგებდა. რთულია, რომელიმე გამოარჩიო.

ბეტმენი და რობინის პოსტერი

გარეგნული მსგავსების მიუხედავად, მათ მოედანზე ნაწილობრივ განსხვავებული ფუნქციებიც ჰქონდათ. შესაბამისად, მათი პირდაპირ შედარება რთულია. რიბერის უფრო მეტად შეუძლია გამთამაშებლის ფუნქციების მორგება და პასში თამაში - ბაიერნში თამაშის პერიოდში, 12 წლის მანძილზე, მხოლოდ ბუნდესლიგაში 124 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. პოზიციასაც რიბერი უფრო იოლად იცვლიდა - მოედნის სიღრმეში ჩამოსვლა და ბურთის წამოღებაც ეხერხებოდა და დაცვასაც ეხმარებოდა. 

რობენი უფრო მეტად ინდივიდუალისტი გახლდათ. ბოლო 10-12 წლის მანძილზე, ლეო მესის შემდეგ, ერთი-ერთზე თამაშში ალბათ საუკეთესო იყო. ერთი შეხედვით ყველამ იცის, თუ რას გააკეთებდა ჰოლანდიელი. წლების მანძილზე მისი საყვარელი მანევრი არ შეცვლილა - მარჯვენა ფლანგიდან შუაში დრიბლინგით შემოწევა და შორეულ კუთხეში დარტყმა. რობენს ათეულობით მსგავსი გოლი აქვს გატანილი და მას ხელს ვერავინ უშლიდა!

📺 ვიდეო: ნახეთ არიენ რობენის 5 ტიპიური გოლი

რიბერი თუ უფრო გუნდური მოთამაშე იყო, რობენი თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინდივიდუალისტი გახლდათ.

რიბერის თუ უფრო საგოლე პასები ეხერხებოდა, რობენს გოლები ბაიერნში ფორვარდივით გაჰქონდა. მასზე უკეთ და მასზე ბევრი ბაიერნის უახლოეს ისტორიაში გოლები მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის აქვს შეგდებული. არადა, ბაიერნამდე რობენის ძირითადი საქმე გოლები არ ყოფილა. მაგალითად, რეალში 50 თამაშში მხოლოდ 11 გოლი შეაგდო, ბაიერნში კი რობენი გოლების მანქანადაც იქცა.

რიბერი უფრო სტაბილური იყო, თუმცა თავის საუკეთესო სეზონებში რობენი უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. 2010 წელს სწორედ რობენმა გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვან გაალის არცთუ ისე ძლიერი ბაიერნი. მერვედფინალში ფიორენტინასთან და მეოთხედფინალში მანჩესტერ იუნაიტედთან სწორედ რობენის გადამწყვეტმა გოლებმა მოუტანეს მიუნხენელებს შემდეგი ეტაპის საგზური. ფინალშიც იგი ერთადერთი იყო, რომელიც ჟოზე მოურინიოს ინტერის გაუვალ დაცვას პრობლემებს უქმნიდა.

იმავე წელს მან ჰოლანდიის ნაკრებიც გაიყვანა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე. თუმცა, რობენის სახელს წარუმატებლობებიც უფრო მეტად უკავშირდება. უკვე 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ლონდონურ ჩელსისთან, დამატებით დროში სწორედ მან ვერ გაიტანა პენალტი, რომელიც ბაიერნს ჩემპიონთა ლიგას მოუტანდა.

ბაიერნის გულშემატკივარი ამ დუეტს მადლობით დაემშვიდობა

საერთოდ, ორივე მათგანი დიდი ხნის მანძილზე უიღბლო მოთამაშედ მიიჩნეოდა. რობენს ბაიერნთან ერთად ოთხი ფინალი ჰქონდა წაგებული. ჩელსისთან პენალტის ვერგატანის გარდა, რობენმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, როდესაც ერთი-ერთზე იკერ კასილიასს ვერ გაუტანა.

თავის მხრივ, რიბერიმ ჯერ სრულიად უაზრო წითელი ბარათის გამო 2010 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გამოტოვა, ორი წლის შემდეგ, ჩელსისთან ფინალში კი ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ბაიერნს პენალტების სერიაში ერთ-ერთი საუკეთესო დამრტყმელი დააკლდა. თავისი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი რიბერისაც აქვს წაგებული, 2006 წელს.

მათი და ზოგადად ბაიერნის უიღბლობა 2013 წელს დასრულდა. იუპ ჰაინკესმა დემონურად ძლიერი გუნდი შექმნა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავი გუნდი, რომელიც მინახავს. თამაშის ხარისხით ბოლო 25 წლის მანძილზე ამ გუნდს მხოლოდ გვარდიოლას ბარსელონა შემიძლია შევადარო. ბაიერნმა ჯერ ნახევარფინალში ბარსელონა გაანადგურა - 7:0 ორი თამაშის ჯამში. შემდეგ კი 'უემბლიზე' დორტმუნდის ბორუსიასთან ფინალის დროს, რობენი-რიბერის დუეტის დრო დადგა. ამ წყვილის კომბინაცია ჯერ მანჯუკიჩის პირველი გოლით დასრულდა, მატჩის ბოლოს კი რობენმა რიბერის პასით გაიტანა - ნანატრი ჩემპიონთა ლიგა და ისტორიული 'ტრებლი'. სწორედ ამ თამაშის შემდეგ შერჩა რობენს მეტსახელი - Mr. Wembley.

ეს დამსახურებული წარმატება იყო - ეს დუეტი ამ ტრიუმფამდე წლიდან-წლამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა და მათი ეპოქა დიდი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო. სულ მცირე ამ საუკუნეში მაინც ეს იყო საუკეთესო ფლანგური დუეტი შეტევაში.

კომენტარები

ბოლო ამბები