Thumbnail
  • VICE Sports-ის ინტერვიუ შოთა არველაძესთან
  • ქართველი სპეციალისტი კორონავირუსზე, ფახთაქორსა და იოჰან კრუიფზე

ჰოლანდიურ VICE Sports-ზე ჟურნალისტ გუუს ჰეტერშაიდის ინტერვიუ გამოქვეყნდა შოთა არველაძესთან

"შოთა არველაძე 90-იანებისა და 2000-იანების აიაქსიდან და აზ ალკმაარიდან მახსოვს, როგორც ნამდვილი გოლეადორი. მისი მეტსახელი Showtime არველაძე იყო, გუნდელები კი ხშირად მისტერ ბინსაც ეძახდნენ.

არველაძე ახლა ტაშკენტის ფახთაქორის თავკაცია, სადაც სეზონის სამი ტიტული მოიგო. შოთა კორონავირუსზე, ფახთაქორზე, უზბეკურ კულტურაზე და იოჰან კრუიფთან ვიზიტზე საუბრობს...

შოთა აიაქსში თამაშისას

VICE Sports: გამარჯობა შოთა, ახლა გიჟური დროა, როგორ ხართ თქვენ და თქვენი ოჯახი?

შოთა არველაძე: ძალიან შეშფოთებული ვარ იმის გამო, რაც ხდება. ოჯახი კარგადაა. ახლა სტამბოლში ვარ, როცა ქასიმფაშაში ვმუშაობდი, მაშინ შევიძინე სახლი თურქეთში. ტაშკენტიდან ძლივს გამოვფრინდით კერძო თვითმფრინავით.

VICE Sports: როგორ "კლავთ" დროს შინ?

შოთა არველაძე: ვკითხულობ წიგნებს, ვურეკავ მეგობრებს, ვერთობი ოჯახთან ერთად და ვუყურებ ფილმებს. ხანდახან ინსტაგრამზე ვაქტიურობ. ეს კრიზისი ღრმა ჭრილობას დატოვებს საზოგადოებაში. ერთი კარგი ისაა, რომ ადამიანის ქმედებები შეზღუდულია და ცოტა ბუნებაც ამოისუნთქავს. ამ დროსაც კი ბევრი ეგოისტურად იქცევა. არადა, ცხოვრებაში მთავარი არ არის ფული, არც სოციალურ მედიაში პოპულარულობა. ახლა ბევრი დრო გვაქვს ერთმანეთისთვის, 9 თვის მერე კი შობადობის ბუმი ელოდება პლანეტას. თუ კრიზისი გაგრძელდება, ეს ოჯახებზეც ცუდად აისახება.

VICE Sports: თქვენი ტყუპისცალი არჩილიც თქვენთან ერთადაა?

შოთა არველაძე: არა, ის თავის ოჯახთან ერთად საქართველოშია. ის ჩემი ასისტენტია ფახთაქორში. ადრე ვერ გვარჩევდნენ ხოლმე, ახლა ჩემი ძმა ბევრად უფრო ჭაღარაა ჩემზე. 

აზ ალკმაარში

VICE Sports: ზაფხულში სამი წელი ხდება, რაც ფახთაქორში მუშაობთ, როგორ შეაფასებთ ამ პერიოდს?

შოთა არველაძე: ძალიან დადებითად. როცა მოვედით კლუბში, ფახთაქორი მე-13 ადგილზე იყო. მე დაინტერესებული ვიყავი ევროპის გარეთ თავგადასავლით, თან ფახთაქორის შესახებ ბევრი ვიცოდი. დინამოში თამაშისას მათ წინააღმდეგ მოედანზეც გავსულვარ. გასულ სეზონში ჩვენ სუპერთასი, თასი და ჩემპიონობა მოვიგეთ. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან 40 წლის წინათ, ფახთაქორის 17 ფეხბურთელი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მე მინდოდა ამით მათი ხსოვნის პატივისცემა. ამ წლის ბოლოს მისრულდება კონტრაქტი კლუბთან, ჯერ არავინ იცის, რა იქნება მომავალში.

კლუბს მზრუნველი მეპატრონე ჰყავს, მაგრამ ფულით სავსე ჩანთით ვერ მოიგებ თამაშებს. მგონი, ასე თქვა იოჰან კრუიფმა არა?

VICE Sports: მან თქვა: "არასოდეს მინახავს ფულით სავსე ჩანთას გოლი გაეტანოსო"...

შოთა არველაძე: დიახ. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეხვეწა ინფრასტრუქტურა. ჩვენი გამოცდილებაც ჩავაქსოვეთ აკადემიაში. სურვილი გვაქვს ფახთაქორს დავეხმაროთ, როგორც ახლა, ისე გრძელვადიანი პროექტებით.

VICE Sports: როგორია ცხოვრება ტაშკენტში?

შოთა არველაძე: ტაშკენტი თანამედროვე, დიდი ქალაქი, თანაც ძალიან უსაფრთხო. ქალაქი გამწვანებულია, როგორც ოაზისი. რაც ზაფხულში დიდ სიცხეებში გვშველის. იცით ტაჯ მაჰალი ინდოეთში უზბეკების აგებულია. უზბეკეთში არქიტექტურა მაღალ დონეზეა. სამარყანდი და ბუხარა ტურისტების საყვარელი ადგილებია. როცა კორონავისურის კრიზისი დასრულდება, ჩამოდით უზბეკეთში.

VICE Sports: რამდენად პოპულარულია ფეხბურთი უზბეკეთში?

შოთა არველაძე: უზბეკური ლიგა ძლიერდება, 30 ათასი ფეხბურთელია ქვეყანაში. ფეხბურთი ხალხს უყვარს, როცა ელ კლასიკოა, თითქმის ყველაფერი ჩერდება.

VICE Sports: მაკაბიში თქვენ ხორდი კრუიფთან ერთად მუშაობდით, როგორი იყო თქვენი თანამშრომლობა?

შოთა არველაძე: ჩვენი თანამშრომლობა ექვს თვეს გაგრძელდა, ახლა ძალზე იშვიათად ვეხმიანებით ერთმანეთს. ბოლოს მამის გარდაცვალება მივუსამძიმრე. იოჰანის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მას ბარსელონაში ვესტუმრე. იოჰან კრუიფი ყოველთვის ინსპირაციის წყარო იყო ბევრისთვის. მეგობრის დახმარებით შედგა შეხვედრა, მსურდა იოჰანი საქართველოში ჩემი და ჩემი ძმების სპეციალურ პროექტში ჩამერთო. ბარსელონაში ლეგენდასთან დაახლოებით 6 საათი ვისაუბრე.

VICE Sports: რის შესახებ?

შოთა არველაძე:  ფეხბურთზე, ცხოვრებაზე, შემდეგ მოედანზეც გავედით, სადაც ხელოვნურსაფარიან მოედნებზე ვიხუმრე და იოჰანიც სიცილით დამეთანხმა. კრუიფი ყოველთვის მარტივ გადაწყვეტილებებს პოულობდა, როცა კომპლექსურ პრობლემებს ეჭიდებოდა. ის, ალბათ, რაიმე ჭკვიანურსაც იტყოდა, როგორ ებრძოლოს კაცობრიობა კორონავირუსს. ახლაც მახარებს იმ დროის გახსენება. 

კომენტარები

ბოლო ამბები