Thumbnail
  • საბა გიგიბერია ჯორჯია ტექმა აიყვანა
  • გუნდის თავკაცი ქართველ ცენტრზე დიდ იმედებს ამყარებს

216 სანტიმეტრი სიმაღლის ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა საბა გიგიბერიამ NCAA-ს ერთ-ერთ ცნობილ კლუბ ჯორჯია ტექთან (ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი) ხელი მოაწერა. 

საბა ატლანტაში 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

ჯერ კიდევ ნოემბერში გადაწყდა, რომ საბა "ყვითელი ჟაკეტების" წევრი გახდებოდა - 4-ვარსკვლავიანმა ტალანტმა ჯერ კიდევ მაშინ შეარჩია რამდენიმე ვარიანტიდან ეს გუნდი. სხვათა შორის, მისი დამატება ილინოისისსაც სურდა, სადაც გიორგი ბეჟანიშვილი თამაშობს. 

ასე რომ, დიდი ალბათობით, NCAA-ის I დივიზიონის ძლიერ კლუბებში ახალ სეზონში სამი ქართველი კალათბურთელი ითამაშებს: სანდრო მამუკელაშვილი (თუ NBA-ში წელსვე არ აირჩიეს), გიორგი ბეჟანიშვილი და საბა გიგიბერია.

საბა ორი წლის განმავლობაში პროლიფიკ პრეპ აკადემიის უმაღლესი სკოლის გუნდში თამაშობდა. მასთან ერთად ჯორჯია ტექში კიდევ ორი ახალი კალათბურთელი მიიღეს.

"ეს ბიჭები ჩვენ ძალიან დაგვეხმარებიან, გახარებული ვარ მათი არჩევანით. მათ გუნდში "ვეტერანები" დახვდებიან, რომლებიც ზრდაში დაეხმარებიან. სამივე ძალიან კარგი კალათბურთელია", - განაცხადა გუნდის თავკაცმა ჯოშ პასტნერმა.

საბა ბაბუის ინიციატივით, 12 წლის ასაკიდან რაგბიდან კალათბურთზე გადაერთო. ის საქართველოს ნაკრების U16 & U18 გუნდების წევრი იყო. 

2019/20 წლების სეზონში საბა გიგიბერია საშუალოდ 8.5 ქულას, 6.0 მოხსნასა და 1.5 დაფარებას აკეთებდა. 

"საბა საოცარი ფიზიკური მონაცემების ცენტრია. ის სულ ახლახან გახდა 18 წლის, მას ბევრ საკალათბურთო დეტალში შეუძლია მომატება. მას ძალია კარგი შანსი აქვს, რომ საბოლოოდ კარგ კალათბურთელად ჩამოყალიბდეს. 

ოსტატურად თამაშობს ფარქვეშ, აქვს მაღალი საკალათბურთო IQ, რისი წყალობითაც, შესანიშნავი პასების გადაცემა შეუძლია. ჩვენს სათამაშო სტილს ბრწყინვალედ მოერგება",  - თქვა პასტნერმა.

ამ გუნდში უთამაშიათ: კენი ანდერსონს, დრუ ბერის, კრის ბოშს, ვილ ბინუმს, ჯარეტ ჯეკს, სტეფან მარბერის, მარკ პრაისს, დენის სკოტს, თადეუს იანგსა და სხვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები