Thumbnail

'არსად წერია, რომ ვარჯიში დაუშვებელია' - ლაციოს პრეზიდენტი კარანტინზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

რომის ლაციოს პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო სრულებით აცნობიერებს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას, თუმცა ვერ ხვდება, რა საჭირო იყო ფეხბურთელებისთვის საწვრთნელი პროცესის შეჩერება მაშინ, როცა კლუბები მზად არიან, მათ ჯანმრთელობის დაცვისთვის ყველა საჭირო პირობა შეუქმნან.

კლაუდიო ლოტიტოს გუნდში წვრთნის პროცესის განახლება სურს

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის წამყვანი ეროვნული ჩემპიონატებიდან პირველმა იტალიამ შეაჩერა სეზონი. შედეგად, სერია A-ს კლუბები კარანტინისა და თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის მოწოდებით გამოვიდნენ, ვარჯიშის პროცესი კი შეწყდა.

"უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვითარებას არასერიოზულად არავინ ეკიდება… ამ დღეებში ზოგიერთ სფეროში საქმიანობის განახლება იგეგმება - სანიტარული ნორმების მკაცრად დაცვით. და მე ვერ ვხვდები, რატომ არ შეუძლიათ ივარჯიშონ სპორტსმენებმა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში საუკეთესო პროფესიონალების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ეს საზიანოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გარკვეულ რეჟიმს არიან მიჩვეულები.

ფეხბურთელებს შეუძლიათ ჩვენს საწვრთნელ ცენტრებში ივარჯიშონ, შესაბამისი სანიტარული ნორმების დაცვით და ამავდროულად, რეგულარულად ჩააბარონ ანალიზები და გაიარონ სამედიცინო შემოწმება. ჩვენი კლუბი პირველი იყო, რომელმაც ვარჯიში შეწყვიტა. ჩვენი ბაზა ერთ-ერთი საუკეთესოა იტალიაში, ჩვენი ექიმები კი ყოველდღიურად მუშაობენ საავადმყოფოებში და ებრძვიან კორონავირუსს, მაგრამ მათგან არავინ დაავადებულა. ლაციო პატივს სცემს მიღებულ ნორმებს, მაგრამ არსად წერია, რომ მოთამაშეებისთვის ვარჯიში დაუშვებელია", - ამბობს ლაციოს პრეზიდენტი. 

სიმონე ინძაგის გუნდს სკუდეტოს მოპოვების შანსი აქვს

იტალიის სერია A-ში ჩატარებული 26 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს ტურინის იუვენტუსი 63 ქულით ლიდერობს. რომის ლაციო 62 ქულით მეორე ადგილზეა, მესამეზე კი მილანის ინტერია (25 მატჩი, 54 ქულა).

კომენტარები

ბოლო ამბები