Thumbnail

მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე იკერ კასილიასი საქველმოქმედო ამხანაგური მატჩის ჩატარების იდეით გამოდის, რომელშიც მისი ყოფილი კლუბისა და ბარსელონას ბოლო წლების ლეგენდები ითამაშებენ. მეკარის აზრით, კარგი იქნება, თუკი კარანტინის დასრულების შემდეგ ასეთი "ელ კლასიკო" გაიმართება, მატჩიდან შემოსული მთლიანი თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება. 

იკერ კასილიასი და ანდრეს ინიესტა კიდევ ერთხელ  თამაშისთვის მზად არიან 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ლა ლიგამ ტვიტერზე ბარსელონაში ჩავის ჰაილაითების ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. "ჩავის თამაშის ყურება ბრწყინვალე იყო", - ჰქონდა მინაწერი ვიდეოს.

"კიდევ უფრო სასიამოვნო იყო ამის ყურება ყოველდღე, ხუთი მეტრის მანძილიდან", - დააკომენტარა ჩავის ყოფილმა თანაგუნდელმა ბარსელონაში ანდრეს ინიესტამ. 

ამის შემდეგ დიალოგში ბლაუგრანას კიდევ ერთი ლეგენდა კარლეს პუიოლი ჩაერთო: "ვერ წარმოიდგენთ, როგორი იყო თქვენი ერთად ყურება, რამდენიმე მეტრით უკნიდან".

"მე კი თქვენს წინააღმდეგ რამდენჯერმე მომიხდა თამაში. და, რა თქმა უნდა, ეს დიდი სიამოვნება იყო. ყველაფერი ხდებოდა, მაგრამ… როდესაც ეს საშინელება დასრულდება, უნდა შევიკრიბოთ და ჩავატაროთ ვინტაჟური კლასიკო! შემოსული თანხით კი გაჭირვებულებს დავეხმარებით", - უპასუხა პუიოლს კასილიასმა.

"დაიწყე ბიჭების შეგროვება!  და შეგიძლია გქონდეს ჩემი იმედი", - მიაწერა ინიესტამ. 

იკერს ჩავის წინააღმდეგ თამაში მოენატრა

კალისიასის იდეა მშვენიერია. ჯერ ერთი, ხალხს ფეხბურთი მოენატრა. და თან, პანდემიის დასრულებისთანავე "ელ კლასისკოს" ნახვა - ეს ის არის, რასაც გულშემატკივრები ნამდვილად მოინდომებენ. თანაც, საუბარია არა თანამედროვე, არამედ წარსულის ვარსკვლავების მატჩზე, რომელშიც ჩავი, ინიესტა, პუიოლი, კასილიასი, ზიდანი, ბექჰემი და რობერტო კარლოსი ითამაშებენ.

რომელ სტადიონზეც არ უნდა გაიმართოს ასეთი შეხვედრა, ანშლაგი გარანტირებული იქნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსისგან დაზარალებულებისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა შეგროვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები