Thumbnail

‘სულელი ვიყავი, ვეფხვები სახლში დიდი შეცდომა იყო’ - მაიკ ტაისონის აღიარება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მაიკ ტაისონს 80-იან და 80-იან წლებში სახლში სამი ვეფხვი ჰყავდა
  • ლეგენდარული მოკრივე ახლა ნანობს, რომ ლას ვეგასში ასე ცხოვრობდა

კრივის მოყვარულებს მაიკ ტაისონის ბევრი კადრი და ფოტო გაახსენდებათ, მაგრამ რომელი 2 ფოტოა ყველაზე ცნობილი? რა თქმა უნდა კადრი, როცა ლეგენდარულმა მოკრივემ ევანდერ ჰოლიფილდს ყური მოაჭამა და კადრი, როგორ ჰყავს ‘რკინის მაიკს’ სახლში ვეფხვები.

ჰოლიფილდისთვის ყურზე კბენის თემა ‘გადაღეჭილია’, ახლა კი ტაისონმა ვეფხვების მოშინაურებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დიდი შეცდომა იყო.

'მაშინ მჯეროდა, რომ მათი მოშინაურება შესაძლებელი იყო'

“სულელი ვიყავი! ვეფხვების სახლში ყოლა შეცდომა იყო, - განაცხადა მაიკმა Fat Joe-სთან ინსტაგრამ-ინტერვიუში, - ვეფხვებს 100 პროცენტით ვერასდროს გააკონტროლებ. ვერ მოიშინაურებ - ეს არცერთ შემთხვევაში არ მოხდება! მათ შეუძლიათ, მოგკლან - მაშინაც კი, როცა შენი მოკვლა არ სურთ. არასწორად მოვიქეცი. ვეფხვები სახლში არ უნდა მყოლოდა. მაშინ მჯეროდა, რომ მათი მოშინაურება შესაძლებელი იყო. ცხადია, ვცდებოდი.”

ტაისონმა გაიხსენა უბედური შემთხვევა იმის შესახებ, თუ როგორ დაასახიჩრა მისმა ვეფხვმა ერთი ადამიანი: “ღობეზე გადმოძვრა და ვეფხვთან თამაში დაიწყო. ცხოველი იმ გოგოს არ იცნობდა და საბოლოოდ საშინელი უბედური შემთხვევა მივიღეთ. ამის გამო სასამართლოში ჩივილს აპირებდნენ, მაგრამ მერე გაიგეს, რომ ის გოგო თვითონ გადმოვიდა ჩემს ტერიტორიაზე. როცა ვნახე, რა დაემართა მის ხელს, 250 000 დოლარი მივეცი.” - იხსენებს ტაისონი, - “სულელი ვიყავი და არ ვიცოდი, რომ ამ ველური კატების მოშინაურება შეუძლებელი იყო.”

მაიკის თქმით, მან ვეფხვები ავტოდილერისგან შეიძინა: “ერთი ჩემი მეგობარი ავტომობილების იმპორტით იყო დაკავებული და ცხოველების გაყიდვაც გადაწყვიტა. მამამისი ვეფხვებს და ლომებს ზრდიდა. მან მითხრა, თუ ერთ-ერთ ვეფხვს წაიყვან, ეს უფრო მაგარი ამბავი იქნება, ვიდრე ახალი ფერარის ყიდვაო.”

იმ დროს ტაისონი ციხეში იყო: “ვუთხარი, შეუკვეთე ჩემთვის ვეფხვები, რამდენიმე თვეში გამოვალ-მეთქი. ციხიდან რომ გამოვედი, უკვე ორი ვეფხვი მყავდა.”

კომენტარები

ბოლო ამბები