Thumbnail
  • ლესტერის სკაუტმა უარყო ინფორმაცია, თითქოს მის კლუბს საბას დამატება სურდა
  • ცოტა ხნის წინ ამას ლოკომოტივის ყოფილი გენერალური დირექტორი ამტკიცებდა 

ინგლისის პრემიერლიგის კლუბის, ლესტერის სკაუტმა, ოლეგ ჩელემეიმ უარყო ცოტა ხნის წინ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მისი კლუბი მოსკოვის ლოკომოტივის მცველის, საბა კვერკველიას ტრანსფერით იყო დაინტერესებული და მზად იყო მასში 15 მილიონი ფუნტი გადაეხადა.

რუსული მედია საბა კვერკველიას არაერთ ევროპულ კლუბს უკავშირებდა

ცოტა ხნის წინ მოსკოველთა ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ილია გერკუსმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ლესტერს საბას ყიდვა 2018 წელს სურდა, მაგრამ ლოკომოტივმა ფეხბურთელი არ გაუშვა.
 
"საბას შესახებ მე პირადად ვიცი, მაგრამ ის არასდროს შედიოდა ლესტერის გეგმებში. ჩვენ არათუ შეთავაზება არ გაგვიკეთებია, მისი კანდიდატურა არცკი განგვიხილავს. არ ვიცი, რატომ თქვა გერკუსმა, რომ ლესტერმა კვერკველიაში 15 მილიონი შესთავაზა", - უთხრა ჩელემეიმ Sport24-ის, რომელიც ლესტერის ტრანსფერებზე გერმანიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობს.

საბამ ლოკომოტივში რუსეთის პრემიერლიგა, ქვეყნის თასი (ორჯერ) და სუპერთასი მოიგო

საბა კვერკველია ახლაც ლოკომოტივის ფეხბურთელია, სადაც ის რუბინიდან 2017 წელს, ჯერ იჯარით გადავიდა, ივნისში კი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა და 2021 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება. 

"ტრანსფერმარკტის" ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის ცენტრალური მცველის ფასი ამჟამად 8 მილიონი ევროა.

კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთის პრემიერლიგაშიც პაუზაა. მოსკოვის ლოკომოტივს 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ლიდერ ზენიტს კი 9 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები