Thumbnail

ტრამპი სეზონის დროულად დაწყებას ითხოვს, კალიფორნიის გუბერნატორი არ ეთანხმება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • აშშ-ის პრეზიდენტმა ლიგის ბოსებს უთხრა, რომ სეზონი დროულად უნდა განახლდეს
  • დონალდ ტრამპი სპორტის ყველა ლიგას მაყურებლებთან ერთად ითხოვს
  • კალიფორნიის გუბერნატორი წინააღმდეგია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის სპორტის ლიგების ბოსებს სატელეფონო კონფერენციის დროს აგვისტოში სპორტული ღონისძიებების განახლება მოსთხოვა. მან ასევე მოითხოვა, რომ NFL-ის სეზონი სექტემბრის დასაწყისში, დაგეგმილ დროს დაიწყოს და, თანაც, მაყურებლებთან ერთად. ამის შესახებ ამერიკული გამოცემები წერენ.

როგორც ჩვენი ამერიკელი კოლეგები წერენ, ტრამპი მოითხოვს ყველა სტადიონსა და დარბაზში სპორტული ღონისძიებების აგვისტოდან განახლებას და უმაყურებლო თამაშებს არც კი განიხილავს. მოგვიანებით, ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი მოთხოვნა კატეგორიული არ ყოფილა: “მე მინდა, ვნახო ფანები არენებზე - მაშინ, როცა ამისთვის მზად ვიქნებით და ეს შესაძლებელი იქნება. ხალხს სურს კალათბურთი, ბეისბოლი, ამერიკული ფეხბურთი, ჰოკეი - მათ სპორტი სურთ. ადამიანებს უნდათ გოლფის მოედნებზე გასვლა და სუფთა ჰაერის სუნთქვა,” - აღნიშნა ტრამპმა.

მედიცინის ექსპერტების აზრით, ეს არარეალურია. აშშ-ში კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა უდიდეს მასშტაბებს მიაღწია. დღევანდელი მდგომარეობით აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა, გარდაცვლილია 8 000-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა - თითქმის 15 000.

“კონკრეტული თარიღის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ ეს უფრო ადრე უნდა მოხდეს, ვიდრე გვიან,” - დასძინა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტს კატეგორიულად არ ეთანხმება კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი. “NFL სექტემბერში? ჩვენი გადაწყვეტილებები ფაქტებზე უნდა იყოს დამოკიდებული და ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული,” - აცხადებს ნიუსომი.

კომენტარები

ბოლო ამბები