Thumbnail

'სეზონის 36 ტურად ჩატარება უკვე შეუძლებელია' - მუჯირი ეროვნულ ლიგაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ეროვნული ჩემპიონატის აღდგენა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული'
  • ვიდეო-კონფერენცია საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე კლუბების მონაწილეობით

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების მონაწილეობით ვიდეო კონფერენცია გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.

ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ცნობილი გახდა, რომ კლუბებს საბაზისო დაფინანსება სრულად შეუნარჩუნდებათ.

მხარეებმა ეროვნული ჩემპიონატის განახლების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა კლუბებს უეფას ვიდეო კონფერენციის დეტალები გააცნო და განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, 36 ტურის გამართვა შეუძლებელი იქნება.

ფორმატის ცვლილება დამოკიდებულია იმაზე თუ როდის განახლდება საფეხბურთო ჩემპიონატი.

ვიდეო-კონფერენციის დასრულების შემდეგ, დავით მუჯირმა კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან გააკეთა:

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი)
“კლუბებს მოვახსენეთ უეფასთან გამართულ ვიდეო-კონფერენციაზე განხილული სიახლეების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა ფორმატის ცვლილებაც გამოიწვიოს. მოგეხსენებათ, უეფამ მომავალი ევროტურნირების სეზონი ერთი თვით გადადო და ის, ივლისის მაგივრად აგვისტოში დაიწყება, თუმცა, ეს მხოლოდ სავარაუდო სცენარია.

აქედან გამომდინარე, კლუბებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამოქმედო გეგმა გავაცანით. ეროვნული ჩემპიონატის აღდგენა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. დღევანდელი მოცემულობით შეიძლება ითქვას, რომ უკვე ფიზიკურად შეუძლებელია სეზონის 36 ტურად ჩატარება.

ამიტომ, როდესაც ცნობილი გახდება ჩემპიონატის დაწყების სავარაუდო თარიღი, კლუბებთან ერთად, სამუშაო ჯგუფი და ჩვენი საშეჯიბრო განყოფილება მაქსიმალურად შეეცდება, რომ 2020 წლის სეზონის ფორმატი რეალობას მოარგოს.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როდის დაადასტურებს უეფა საევროტურნირო და სანაკრებო კალენდარს. მასთან ერთად რა თქმა უნდა, ჩვენ საშუალება უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი ქვეყნის შიგნით განვაახლოთ ჩემპიონატი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაიმე კონკრეტულ სცენარზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. მითუმეტეს, რომ ის გუნდები, რომლებიც საქართველოს მომავალ ევროტურნირებზე წარმოადგენენ, უკვე გამოვლენილი არიან. იმედს ვიტოვებ, უეფას პოზიტიურ გათვლებზე დაფუძნებული სცენარი გამართლდება და ის კიდევ ერთხელ არ შეიცვლება”.

კომენტარები

ბოლო ამბები