Thumbnail

დორტმუნდის შესანიშნავ ‘ვესტფალენშტადიონზე’, რომელსაც კომერციული შეთანხმების შემდეგ ‘სიგნალ იდუნა პარკი’ დაერქვა, ფეხბურთს აღარ თამაშობენ და არავინ იცის, როდის ითამაშებენ, თუმცა სტადიონის გამოყენება კრიზისის დროსაც შეიძლება: დორტმუნდის ბორუსიას არენა ამიერიდან ადამიანების ჯანმრთელობას მოემსახურება - ახლა ეს ფეხბურთზე გაცილებით მნიშვნელოვანია.

დღეს BVB-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სტადიონი კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრად გადაკეთდება. “შაბათიდან ‘სიგნალ იდუნა პარკის’ ჩრდილოეთ ტრიბუნა უკვე მზად იქნება, მოემსახუროს პაციენტებს, რომლებსაც შესაძლოა, კორონავირუსი აქვთ. ბორუსიამ სტადიონის ეს ნაწილი უკვე გადააკეთა შესაბამისად - ექიმებთან შეთანხმებით,” - ვკითხულობთ დორტმუნდის განცხადებაში.

'ეს იდეალური ადგილია იმისათვის, რომ აქტიურად დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომები აქვთ'

“ჩვენი სტადიონი ქალაქის და მისი თითოეული მაცხოვრებლის სავიზიტო ბარათია. ტექნიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცის გათვალისწინებით, ეს იდეალური ადგილია იმისათვის, რომ აქტიურად დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომები აქვთ. ვალდებულები ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ თითოეული ადამიანის დასახმარებლად,” - აცხადებს ბორუსიას გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე.

გერმანიაში კორონავირუსის 86 667 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 1 129 და გამოჯანმრთელდა 24 575 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა უკვე მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 55 170 და გამოჯანმრთელდა 222 240 ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები