Thumbnail
  • დინამო ბათუმის მეკარეც დროის დიდ ნაწილს სახლში ატარებს
  • უყვარს ფილმების და სერიალების ყურება, ყველაფერს კითხვა ურჩევნია

კორონავირუსის გამო, 2020 წლის ეროვნული ლიგა შეჩერებულია და უცნობია, როდის განახლდება. ისევე, როგორც ყველას, დინამო ბათუმის ფეხბურთელებსაც სახლში უწევთ ყოფნა და გამონაკლისი არც მიხეილ ალავიძეა. ბათუმური გუნდის მეკარემ პოსპორტის კითხვებს უპასუხა.

popsport: როგორ ატარებ დროს თვითიზოლაციაში და როგორია შენი დღის რეჟიმი? 

ალავიძე: დროის უდიდეს ნაწილს სახლში ვატარებ და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დავიცვა უსაფრთხოების წესები. ფიზმომზადების მწვრთნელისგან მაქვს დავალებები და ვცდილობ, რომ შევინარჩუნო ფორმა. თვითიზოლაციის პირობებში ძირითადად სარბენ ბილიკზე ვვარჯიშობ.   

popsport: გუნდელებთან თუ გაქვს კავშირი?

ალავიძე: ყოველდღე მაქვს კავშირი და ყველა ვთანხმდებით, რომ მთავარი ადამიანების ჯანმრთელობაა. გვენატრება ვარჯიში, თამაში, სტადიონი, გულშემატკივარი და განვიცდით ასეთ მდგომარეობას, მაგრამ რას ვიზამთ, თავს ზემოთ ძალა არაა. ჯერჯერობით, ასეთ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება.

popsport: პანდემიამ საფეხბურთო კლუბებს ფინანსური პრობლემები შეუქმნა და გამონაკლისი არც დინამო ბათუმია. კლუბის ხელმძღვანელები ანტიკრიზისულ გეგმას ამუშავებენ...

ალავიძე: ფეხბურთელები გაგებით უნდა მოვეკიდოთ კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებას. როგორც ჩვენ გვიჭირს ამ პერიოდში, ისე უჭირთ იმათაც და შესაძლოა, 10-ჯერ უფრო მეტადაც, რადგან დიდი პასუხისმგებლობები აქვთ აღებული. რამდენიმე საფეხბურთო კლუბმა ევროპაში საერთოდ შეწყვიტა არსებობა და უნდა გვესმოდეს, რაოდენ რთული მდგომარეობაა. ერთად უნდა დავდგეთ და მჯერა, რომ მალე გადავლახავთ ამ კრიზისს.

popsport: რას ეტყვი დინამო ბათუმის გულშემატკივრებს?

ალავიძე: ღვთის წყალობით, ყველაფერი დალაგდება და ცოტა კიდევ უნდა მოვითმინოთ. დავრჩეთ სახლში, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებში სიარულს და გავითვალისწინოთ რეკომენდაციები. აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებს, რომლებიც 24 საათი მუშაობენ ჩვენი ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩემ უსაყვარლეს მეზობელს, მარინა ეზუგბაიას. მადლობა ყველას, ვინც ამ პერიოდში ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

popsport: როგორ ატარებ თავისუფალ დროს, რომელიც თვითიზოლაციის პირობებში გამოგიჩნდა და რას ურჩევ სხვებს?

ალავიძე: ამდენი დრო სახლში დიდი ხანია არ გამიტარებია. დედასთან ერთად ვარ და ვცდილობ, ეს დანაკლისი ავინაზღაურო. მიყვარს ფილმების და სერიალების ყურება, თუმცა ყველაფერს კითხვა მირჩევნია. 

popsport: შეგიძლია შენი ფავორიტი 5 წიგნი დაგვისახელო და თითოეული მათგანი აგვიღწერო?

1. კონსტანტინე გამსახურდიას “დავით აღმაშენებელი” - მიყვარს ისტორიული წიგნები. ყველამ უნდა იცოდეს უდიდესი მეფის და ქვეყნის ყველაზე კარგი პერიოდი შესახებ.

2. გრიგოლ აბაშიძის “ცოტნე, ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება” - ესეც ისტორიული წიგნია, 4-ტომეულია და ძალიან საინტერესოა.

3. აკა მორჩილაძის “ქართულის რვეულები” - ეს არის მე-19 საუკუნის გამოჩენილი ადამიანების შესახებ ისტორიული ფაქტები. ძალიან საინტერესოა.

4. თემურ ბაბლუანის “მზე, მთვარე, პურის ყანა” (მანუშაკა მელოდება) - ერთი ადამიანის ცხოვრების ბიოგრაფიული წიგნია. მისი სიყვარულის და ცხოვრების ამბებია მოთხრობილი. ბოლო პერიოდში რაც წამიკითხავს, ერთ ერთი საუკეთესო წიგნია.

5. ჩარლზ დიკენსის “დიდი იმედები” - ეს არის ერთ-ერთი ბოლო წიგნი, რომელიც წავიკითხე და ვურჩევ ყველას, რომ წაიკითხოს. საინტერესო ამბავია პატარა ბიჭის შესახებ.

დინამო ბათუმი | სეზონი 2019

ვიცე-ჩემპიონები! ⚪🔵 #წინდინამო

Posted by FC Dinamo Batumi on ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები