Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა
  • ვარსკვლავები სეზონის მთავარ მატჩს ხშირად სხვადასხვა მიზეზით ვერ თამაშობენ
  • წარმოგიდგენთ 12 შემთხვევას, როცა მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა ფინალში ვერ ითამაშა

შენი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, შენ კი თამაშის უფლება არ გაქვს - ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის კოშმარული ამბავია. დისკვალიფიკაციის გამო სეზონის მთავარი მატჩი ბევრ ვარსკვლავს და გუნდის ლიდერს გამოუტოვებია. ჩვენ 12 ყველაზე დასამახსოვრებელ შემთხვევას გაგახსენებთ.

ალესანდრო კოსტაკურტა

1994, მილანი V ბარსელონა

1993/94 წლების სეზონში, მილანი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მონაკოს დაუპირისპირდა. როსონერიმ 3:0 მოიგო და ფინალშიც გავიდა, თუმცა შეხვედრის მე-40 წუთზე იტალიური კლუბის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა მცველმა ალესანდრო კოსტაკურტამ წითელი ბარათი მიიღო და ფინალში თამაშის უფლება დაკარგა. თუმცა კოსტაკურტა მილანის ერთადერთი მცველი არ იყო, ვინც ფინალი გამოტოვა...

ფრანკო ბარეზი

1994, მილანი V ბარსელონა

მილანმა ბარსელონას წინააღმდეგ ფინალი დიდი დანაკლისით ჩაატარა. გუნდს კოსტაკურტას მსგავსად, დაცვის ლიდერი ფრანკო ბარეზიც ვერ ეხმარებოდა. იტალიურ გუნდს მონაკოსთან გამარჯვება მძიმედ დაუჯდა. ნახევარფინალურ მატჩში ბარეზიმ ყვითელი ბარათი მიიღო და ლიმიტს გადააჭარბა, რის გამოც ფინალური დაპირისპირება გამოტოვა. თუმცა გუნდს პაოლო მალდინიც ჰყავდა! მილანმა, დანაკლისის მიუხედავად, ბარსა 4:0 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

როი კინი

1999, მანჩესტერ იუნაიტედი V ბაიერნი

გახსოვდათ? როი კინს ლეგენდარულ ფინალში არ უთამაშია! მანჩესტერ იუნაიტედი ნახევარფინალში ტურინის იუვენტუსს ეთამაშებოდა. ორი მატჩის ჯამში ინგლისურმა კლუბმა 4:3 იმარჯვა. მეორე შეხვედრის დროს, როი კინმა მატჩის 33-ე წუთზე იესპერ ბლომკვისტის ცუდი გადაცემის შემდეგ ზინედინ ზიდანის წინააღმდეგ იუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ფინალის გამოტოვება მოუწია. მატჩის შემდეგ როიმ ბლომკვისტს მიმართა: “შენი ბრალია, რომ ფინალში არ ვიქნები!”

პოლ სქოულზი

1999, მანჩესტერ იუნაიტედი V ბაიერნი

როი კინის მსგავსად, 1999 წლის ფინალის გამოტოვება პოლ სქოულზსაც მოუწია. იუვენტუსსთან აღნიშნულ შეხვედრაში სქოულზი მოედანზე 68-ე წუთზე, ბლომკვისტის (ისევ ეს კაცი!) ნაცვლად შევიდა, 76-ე წუთზე კი ინგლისელმა ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ფინალისთვის დისკვალიფიკაციას ნიშნავდა. მოკლედ, ბლომკვისტს იმ დღეს კარგად რომ ეთამაშა, ფინალს არც კინი გამოტოვებდა და არც სქოულზი. 

მიხაელ რაიციგერი

1996, აიაქსი V იუვენტუსი

ფინალის გამოტოვებას რაიციგერი საკუთარი თავის გარდა ვერავის დააბრალებს. მან პანათინაიკოსთან ნახევარფინალურ ორივე შეხვედრაში შეძლო და მიიღო ყვითელი ბარათი. სწორედ ამიტომ, ჰოლანდიელმა ფინალი გამოტოვა. სამწუხაროა ის, რომ ამ სეზონის შემდეგ იგი აიაქსს დაემშვიდობა და მილანში წავიდა, ფინალი კი მისი ბოლო მატჩი უნდა ყოფილიყო, თუმცა უაზრო ყვითელი ბარათების გამო მან იუვენტუსთან ვერ ითამაშა.

პაველ ნედვედი

2003, იუვენტუსი V მილანი

ბევრი ფიქრობს, რომ პაველ ნედვედთან ერთად, იუვე მილანს მოუგებდა. ტურინული გრანდი ნახევარფინალში რეალს დაუპირისპირდა. საპასუხო შეხვედრაში ტურინელებმა 3:1 დაამარცხეს მეტოქე და ფინალის საგზური მოიპოვეს. იტალიელების მხრიდან მე-3 გოლი სწორედ ნედვედმა გაიტანა. 82-ე წუთზე პაველმა მოედნის ცენტრში სტივ მაკმანამანის წინააღმდეგ არასაჭირო მომენტში თამაშის წესები დაარღვია და სრულიად უაზრო ყვითელი ბარათი მიღო, რომლის გამოც მან 2003 წლის ფინალი გამოტოვა. ჩეხი ნახევარმცველის კარიერაში ეს ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო შემთხვევაა.

ერიკ აბიდალი

2009, ბარსელონა V მანჩესტერ იუნაიტედი

ბარსელონასა და ჩელსის ნახევარფინალური დუელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და სკანდალური გამოვიდა. ერიკ აბიდალმა 66-ე წუთზე ნიკოლა ანელკას წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია და მატჩის მთავარმა არბიტრმა ერიკს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. სწორედ ამიტომ, აბიდალმა მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ გამართული ფინალი გამოტოვა.

დანი ალვეში

2009, ბარსელონა V მანჩესტერ იუნაიტედი

დანი ალვეში ლონდონის ჩელსისთან გამართული შეხვედრის კიდევ ერთი “მსხვერპლია”. ერიკ აბიდალის მსგავსად, 2009 წლის ფინალის გამოტოვება ბრაზილიელსაც მოუწია. “არისტოკრატებთან” გამართულ შეხვედრაში, 30-ე წუთზე, ალვეშმა ყვითელი ბარათი მიიღო და ამის გამო იუნაიტედთან შეხვედრა გამოტოვა.

ტიაგო მოტა

2010, ბაიერნი V ინტერი

ეს იყო სირცხვილი! ბარსელონა ინტერს მასპინძლობდა. მე-10 წუთზე მოტამ ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა დისკვალიფიკაცია არ ემუქრებოდა. 28-ე წუთზე, მოედნის ცენტრში, ტიაგოსა და ბუსკეტსის ორთაბრძოლა შედგა და სერხიოს სახეში მოტას ხელი მოხვდა. ყველას კარგად ახსოვს მინდორზე დავარდნილი ბუსკეტსი, რომელიც სახეზე ხელს იფარებდა, თუმცა ჩანდა, რომ სერიოზული დაზიანება არ ჰქონდა მიღებული. ტიაგოს ამ დარღვევისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს და მოედნიდან გააძევეს. მას ამის გამო ფინალის გამოტოვება მოუწია.

დავიდ ალაბა

2012, ბაიერნი V ჩელსი

მიუნხენის ბაიერნი ნახევარფინალურ ეტაპზე რეალს დაუპირისპირდა. მე-5 წუთზე, დი მარიას ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში დავიდ ალაბას ხელზე მოხვდა, რის გამოც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ხოლო მცველს ყვითელი ბარათი მისცეს. დისკვალიფიკაციის გამო ალაბამ ფინალი გამოტოვა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ფინალში დაფიქსირებულ შედეგს, ავსტრიელი ამაზე დიდად არ უნდა ღელავდეს...

ბრანისლავ ივანოვიჩი

2012, ბაიერნი V ჩელსი

ჩელსისა და ბარსელონას ნახევარფინალური ეტაპის დუელები ყოველთვის საინტერესო და დაძაბული გამოდის. ასეთი იყო 2012 წლის თამაშიც, სადაც ლონდონელებმა შეძლეს, კატალონიელები ორი მატჩის ჯამში დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ. 48-ე წუთზე ბრანისლავ ივანოვიჩმა ყვითელი ბარათი მიიღო და ბაიერნის წინააღმდეგ გამართული ფინალი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, თუმცა ის ერთადერთი არ იყო, ვინც ჩელსის დააკლდა. იმ მეორის არყოფნა ლონდონური კლუბისთვის უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენდა.

ჯონ ტერი

2012, ბაიერნი V ჩელსი

ივანოვიჩის მსგავსად, 2012 წლის ფინალის გამოტოვება მოუწია ლონდონელთა კაპიტანსაც - ჯონ ტერის. ზოგადად, როგორც ხედავთ, 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი დისკვალიფიკაციის გამო ორივე გუნიდან (ჩელსი, ბაიერნი) რამდენიმე მოთამაშემ გამოტოვა. ტერიმ ბარსელონასთან გამართულ საპასუხო შეხვედრაში მატჩის 37-ე წუთზე არასათამაშო სიტუაციაში ალექსის სანჩესს უკნიდან ჩაარტყა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები