Thumbnail

კორონავირუსმა გავლენა ყველაფერზე იქონია. ფეხბურთის გულშემატკივრები ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ სპორტის ამ სახეობაში ყველაზე მოთხოვნადი ბელარუსის ჩემპიონატი გახდებოდა. ძნელი იყო იმის წარმოდგენაც, რომ პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თვითიზოლაციაში იქნებოდა. როგორ ეგუება ცხოვრების უჩვეულო რეჟიმს SILK TV-ის გენერალური პროდიუსერი და რა პრობლემები წარმოშვა კორონავირუსმა სატელევიზიო სფეროში? ამ და სხვა საკითხებზე ბიძინა ბარათაშვილს ვესაუბრეთ.

POPSPORT: როგორ შეეგუე თვითიზოლაციას?

ბიძინა ბარათაშვილი: ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ბოლომდე თვითიზოლაციაში არ ვარ. ვითარება ძალიან უჩვეულოა. მაშინ, როდესაც სპორტული ცხოვრება ნორმალური ფორმით მიდიოდა, შესაძლებელი იყო, ეთერში ნაკლებად პოპულარული დაპირისპირებების ჩასმა და ამ ტრანსლაციებს მაყურებელი თვალს მაინც ადევნებდა, მაგრამ ვითარება შეცვლილია. ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ მაყურებლების ინტერესი ძველი მოვლენების ჩვენებით. შესაბამისად, ამ საარქივო მასალას ჭირდება შერჩევა, შეფუთვა, ახალი პრომოუშენი. ასე რომ, სამსახურში არა ჩვეულებრივი გრაფიკით, მაგრამ სიარული მაინც მიხდება.

გაცნობიერებული მაქვს, რომ ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა საინფორმაციო გამოშვებებისადმი ინტერესი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, თან საკმაოდ დიდი რაოდენობით, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვებებს შორის განტვირთვა სჭირდებათ. ამიტომ, მათთვის ხარისხიანი პროდუქტია მისაწოდებელი. ამ უჩვეულო გრაფიკმა მომცა შესაძლებლობა, უფრო მეტი დრო გავატარო ოჯახის წევრებთან ერთად, მაგალითად, ჩემს შვილიშვილთან ერთად. გარდა ამისა, გუშინ გავაკეთე ის, რასაც ვერასდროს ვახერხებდი: დავიწყე ჩემი ვიდეოარქივის დახარისხება. ამ ფაქტმა ძალიან გამახარა, რადგანაც სულ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ სამწუხაროდ, დრო არასდროს მქონდა.

'ჯანმრთელობის გარდა სხვა რამეზე საუბარი ცოტა უხერხულიცაა, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც აუცილებალდ გადასაწყვეტია'

POPSPORT: რა მოლოდინი გაქვს? როგორ შეიძლება განვითარდეს სპორტული ცხოვრება?

ბიძინა ბარათაშვილი: ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ გადავრჩებით. გადარჩება სპორტიც, რომელიც ჩვენი, ჟურნალისტების გარეშე ვერ იარსებებს. ცხოვრება აუცილებლად გაგრძელდება. ამ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში ამდენი ადამიანი ავადდება და ამხელა სიკვდილიანობაა, ჯანმრთელობის გარდა სხვა რამეზე საუბარი ცოტა უხერხულიცაა, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც აუცილებალდ გადასაწყვეტია. მარტო ფეხბურთს თუ შევეხებით, პანდემიამ აურაცხელი პრობლემები შექმნა. საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის, შესაძლოა, საკითხი გაუგებარი იყოს და იგი ვერ ხვდებოდეს, რა მნიშვნელობა აქვს მაგალითად ევროპის ჩემპიონატი წელს ჩატარდება, თუ გაისად. საქმე ისაა, რომ 2021 წელს ასევე უამრავი ტურნირი იყო დაგეგმილი და თუ ასე გაგრძელდა მათი თითო წლით გადატანა, პირამიდის პრინციპს მივიღებთ და მივალთ იქამდე, რომ ერთი წელი, შესაძლოა, საერთოდ ამოვარდეს. მაგალითისთვის, 2021 წელს დაგეგმილია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობა 24-მა გუნდმა უნდა მიიღოს. ამავე დროს კი გვესმის ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს განცხადება, რომ ტურნირებში კლუბების რაოდენობა უნდა შემცირდეს. გასაგებია, რომ ჯერ ვერ იქნება ჩამოყალიბებული გეგმა, თუ რა პრინციპით უნდა შემცირდეს. გამოუცხადო კლუბებს, რომ მომავალი სეზონიდან იქნება არა მაგალითად 20, არამედ 16 გუნდი, გამოიწვევს აბსოლუტურ გაუგებრობას. მექმნება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელმა არანორმალურმა ვითარებამ შესაძლოა ბიძგი მისცეს ე.წ. სუპერლიგის შექმნას, რომელშიც თავს პლანეტის საუკეთესო კლუბები მოიყრიან. საუბარია ხელფასების შემცირებაზეც. ეს ერთის მხრივ შეიძლება ცუდი არც იყოს. მე არ ვარ ე.წ. შეთქმულების თეორიების მიმდივარი, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ვაშუქებ მოვლენას, რომელშიც მონაწილეობას 225 მილიონად შეფასებული ადამიანი იღებს, მგონია რომ უბრალოდ არ ვარსებობ…

‘თუ ასე გაგრძელდა, პირამიდის პრინციპს მივიღებთ და მივალთ იქამდე, რომ ერთი წელი, შესაძლოა, საერთოდ ამოვარდეს’

ერთი საინტერესო მაგალითი მახსენდება: ბეისბოლი საქართველოში არ არის სპორტის პოპულარული სახეობა, მაგრამ მოთამაშეების ანაზღაურება ასტრონომიულია. “პიჩერების” ხელფასი წელიწადში 15 მილიონამდე ადის. წარმატებულ კლუბებს ასეთი “პიჩერი” რამდენიმე ჰყავს. სამაგიეროდ, ამ მონაცემებიდან გამომდინარე ადვილია ბეისბოლზე ფსონის გაკეთება და როდესაც ამით ვინტერესდებოდი, ბევრ მილიონიან “პიჩერების” მქონე კლუბს ვარჩევდი ხოლმე. თუ სერიოზულად მივუბრუნდებით საკითხს, ცოტა მაკვირვებს ორმაგი სტანდარტი. ერთის მხრივ, ყველაფერი გაჩერდა, მეორეს მხრივ კი მაგალითად ბელარუსში არ შეწყდა საფეხბურთო ჩემპიონატი, ფეხბურთს თამაშობენ შვედეთშიც, ფლორიდაში დოღები გაიმართა. გასაგებია, რომ ეს არაა ყველაზე საინტერესო სპორტული მოვლენების ჩამონათვალი, ამ შეჯიბრებს არ ესწრება 100 ათასობით ქომაგი, მაგრამ თუნდაც დოღზე, ცხენი თავისით ხომ არ დარბის, მას მართავს ჟოკეი, ამ ჟოკეის ამზადებენ, ისევე როგორც ამზადებენ ბედაურს - ანუ, მთელი ჯგუფი მუშაობს, ამ დროს კი ვიცით, რომ ვირუსი ყველას ერჩის, განურჩევლად იმისა, ჟოკეის მომსახურე პერსონალია იგი თუ ბრიტანეთის პრემიერი.

POPSPORT: როგორ აისახა პანდემია სატელევიზიო სამყაროზე?

ბიძინა ბარათაშვილი: გარკვეული პროფილის სპეცილიზირებული კომპანიები, მაგალითად სპორტული, მუსიკალური, ან ისინი, ვინც სერიალებს და მხატვრულ, დოკუმენტურ, მულტიპლიკაციურ ფილმებს აჩვენებენ, გადასულები არიან საარქივო მასალების გამოყენებაზე. ჩვენ მივწერეთ კონტენტის მომწოდებლებს და შევატყობინეთ, რომ იმ თანხების დაკარგვას, რომელიც უკვე გადახდილი გვაქვს, არ ვაპირებთ. ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენს გარდა კიდევ რამდენმა კომპანიამ გააკეთა იგივე. პრობლემა ყველას გაუჩნდა, რადგანაც პანდემიამ დაარტყა მსოფლიო ეკონომიკას, რაც ბუნებრივია ყველაფერზე აისახა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც სპორტში არსებული ანაზღაურებების შემთხვევაში, გარკვეული ძვრები მოხდეს. კონტენტის ყიდვა ასტრონომიულ თანხებამდე ადის. ამერიკულ ან გერმანულ კომპანიებთან შედარებით, ჩვენ “კაპიკებს” ვიხდით, მაგრამ ქართული რეალობისთვის ეს “კაპიკებიც” ძალიან ბევრია. ადამიანებს არ ესმით, რომ ჩვენი შემოსავალი იმაზე ბევრჯერ ნაკლებია, ვიდრე ის თანხები, რომლებსაც კომპანია ამა თუ იმ შეჯიბრის ჩვენების უფლების შესაძენად ხარჯავს. ამაზე მეტი ანომალიურიბა რა გინდათ: ამ პერიოდში ბელორუსიის ჩემპიონატი ყველაზე ყურებადი სპორტული მოვლენაა. შემოგვთავაზეს ამ ჩემპიონატის მატჩების ჩვენების უფლების შეძენა - როგორც ვიცი, ერთ-ერთ ინგლისურ კომპანიას უყიდია კიდეც. შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ამ კრიზისმა დაარეგულიროს ფასების პოლიტიკა და სატელევიზიო სფერო გახდეს მსოფლიოს ჩვეულებრივი ნაწილი და აღარ იყოს ასტრონომიული თანხების მქონე კორპორაციების კონტენტის შესაძენი შეჯიბრი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • შახტიორ სოლიგორსკი
  • X
  • ნემანი

კომენტარები

ბოლო ამბები