Thumbnail

‘რატომ ფიქრობთ ფულზე და არა ადამიანებზე?’ - აიაქსი სეზონის გაუქმებას ითხოვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ამსტერდამის აიაქსმა კრიტიკით უპასუხა ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ერედივიზიონის დარჩენილი 8 ტური 3 აგვისტომდე უნდა ჩატარდეს. ამსტერდამული კლუბის იდეა სეზონის შეწყვეტაა.

“რატომ ფიქრობენ ახლა ფულზე და არა ადამიანების ჯანმრთელობაზე? იმედი მქონდა, რომ ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაცია გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებდა და უეფას ზურგს უკან არ დაიმალებოდა,” - განაცხადა აიაქსის სპორტულმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა Telegraaf-თან ინტერვიუში.

“ბევრ კლუბში ფიქრობენ ჩვენნაირად. ერედივიზიონი მკვდარია. სიამოვნებას ვერავინ მიიღებს. ნიდერლანდებში ჩვენ არ გვაქვს სატელევიზიო უფლებებიდან ისეთი შემოსავალი, როგორც მაგალითად ესპანეთში, ინგლისში, გერმანიასა და იტალიაში აქვთ. ვფიქრობ, სწორედ დიდმა ლიგებმა მოაქციეს უეფა წნეხის ქვეშ და ისინი ითხოვენ, რომ სეზონები აუცილებლად როგორმე უნდა დასრულდეს,” - დასძინა ექს-ვარსკვლავმა, რომელსაც ნიდერლანდების ნაკრებში 86 მატჩი აქვს ჩატარებული.

ამსტერდამის აიაქსის სპორტული დირექტორი მარკ ოვერმარსი

ოვერმარსი სეზონის შეწყვეტის მომხრეა და ამბობს, რომ მის მოთხოვნას არ აქვს კავშირი იმასთან, რომ აიაქსი ჩემპიონატის ლიდერია. შეგახსენებთ, რომ ერედივიზიონი მინიმუმ 1 ივნისამდე შეჩერებულია.

ნიდერლანდებში კორონავირუსის 13 614 შემთხვეაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 1 173 და გამოჯანმრთელდა 250 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ჯამში 900 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილია 47 286 და გამოჯანმრთელდა 195 371 ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები