Thumbnail

პოპსპორტი კარლო ანჩელოტის ავტობიოგრაფიული წიგნიდან კიდევ ერთი თავის თარგმანს გთავაზობთ. ეს ეპიზოდი ანჩელოტის მილანში გატარებულ მონაკვეთს ეხება, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, მილანმა კაკა დაიმატა.

ღმერთების საჩუქარი

'ეს იყო მოულოდნელობა - შესანიშნავი საჩუქარი, რომელიც მილანმა მიიღო. მის გამო მე ღმერთებს მხოლოდ მადლობას ვუხდიდი. ზეციდან ის 2003 წელს გამოცხადდა, ნამდვილი მარსიანელი, კოსმოსიდან. ეს კაკა იყო - ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ გუნდს კიდევ ერთი ჯადოქარი დაემატა.

მიყვებოდნენ ჩვენს ახალ შენაძენზე, კარგ ბიჭზე ბრაზილიიდან, მაგრამ მე მისი თამაში ნანახი არ მქონდა. როცა მისი სახელი - რიკარდო ისეკსონ დოს სანტოს ლეიტე - პირველად გავიგე, მაშინვე ბიბლიური მოციქული წარმოვიდგინე. დიდად არც შევმცდარვარ - ის ფეხბურთის სიტყვას და რწმენას ქადაგებს.

227 თამაში და 77 გოლი მილანში

ხელმძღვანელობა თავიდან ფიქრობდა, რომ კიდევ 6 თვე სან პაულოში დაეტოვებინა, თუმცა შემდეგ ავჩქარდით და გადავწყვიტეთ, რაც შეიძლება მალე ჩამოგვეყვანა. საქმეშიც ვნახავდი ამ ბიჭს და ჩვენთან ერთადაც ივარჯიშებდა.

როგორც კი მალპენზას აეროპორტში პირველად დავინახე, თავზე ხელი ვიტაცე - სათვალე, თმის ვარცხნილობა, უნივერსიტეტის სტუდენტს გავდა - მხოლოდ ჩანთა აკლდა წიგნებით. ვიფიქრე, რომ ცუდი არ იქნებოდა, ფეხბურთის თამაშიც შესძლებოდა. კაკა საერთოდ არ გავდა სტანდარტულ ბრაზილიელ ფეხბურთელს.

როცა თავიდან მის შესახებ ინფორმაციის შეგროვება დავიწყე, ყველა ერთსა და იმავე მეუბნებოდა: ‘ნიჭიერია, ტრეკვარტისტად (ანუ ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის) თამაშობს, არცთუ ისე სწრაფია, იტალიის ჩემპიონატში გაუჭირდება - აქ მცველები სივრცეს არ ტოვებენ.’ ჩემი მაშინდელი ინფორმატორების სახელებს არ ვიტყვი, რადგან არ მინდა, სულელებად გამოჩნდნენ.

დაახლოებით ამასვე ფიქრობდა იუვენტუსი. ლუჩანი მოჯიმ გვითხრა: ‘ამ სახელით ეგ იტალიაში ფეხბურთს ვერ ითამაშებს. ჩვენ მასში ფულს არ გადავიხდით.’ უკვე ეჭვი მეპარებოდა, შეიძლება მოჯი მართალია?! რადგან მისი თამაში ტელევიზორშიც კი არ მქონდა ნანახი, ნერვიულობის საფუძველი ნამდვილად არსებობდა.

პრესკონფერენცია

ერთხელ, პრესკონფერენციაზე კაკას და მისი სათამაშო სტილის შესახებ მკითხეს. აინტერესებდათ, იტალიას როგორ მოერგებოდა. ამ კითხვებისთვის მზად არ ვიყავი. ეს იყო გამოცდა, რომელიც არ შეიძლება ჩამებარებინა. მაქსიმალურად ჭკვიანური სახე მივიღე და ვუპასუხე: ‘კარგი ნახევარმცველია, ტრეკვარტისტად თამაშობს, ცოტა ნელია და ტონინიო სერეზოს გავს.’ სერეზოსთან ერთად ვთამაშობდი და ჩავთვალე, რომ ეს კარგი შედარება იყო. ვერავინ მიხვდა, რომ აზრზე არ ვიყავი, რას ვპასუხობდი. პრესკონფერენციებზე სულ ასე ხდება - რაღაც სისულელეებს ჭკვიანური სახით ამბობ და ყველა თავს გიქნევს.

როცა პირველ ვარჯიშზე მოვიდა, ისე გამოიყურებოდა, მინდოდა მეკითხა, მშობლებმა თუ გამოუშვეს სახლიდან მარტო. მიკვირს, დაცვამ პირადობის მოწმობის გარეშე როგორ შემოუშვა მილანელოში.

როგორც კი მოედანზე გამოვიდა, მივხვდი, რომ ეს ბიჭი ზეცამ გამოგვიგზავნა. ბურთს ფანტასტიკურად ფლობდა. ჯენარო გატუზომ თავიდანვე მისი შეშინება სცადა - ვარდნაში წავიდა და შემდეგ მხრით დაეჯახა, თუმცა კაკამ ბურთი მაინც არ დაკარგა, 30 მეტრზე ისეთი პასი გააკეთა, გატუზოს გარდა, ნესტაც კი სულელად გამოიყვანა.

ყოველი ვარჯიშის შემდეგ გალიანის ვურეკავდი და ტელეფონზე ვლაპარაკობდით, ვუყვებოდი, რა მოხდა და რა სიტუაცია იყო. მახსოვს, იმ დღეს რომ დავურეკე, ასეთი დიალოგი შედგა:

- ‘სინიორ გალიანი, ახალი ამბები მაქვს.

- ცუდი თუ კარგი?

- ძალიან კარგი!

- რა იყო, გადადგომას ხომ არ აპირებ? - გალიანი ხუმრობის ხასიათზე იყო.

- არა, ვრჩები, ამისთვის დამატებითი მიზეზი მაქვს, ჩვენ ფენომენი ვიპოვეთ!

ეს არ იყო ზინედინ ზიდანის დონე, მაგრამ სადღაც იქვე ახლოს ნამდვილად იყო. კაკა იმ ფეხბურთელებს შორის, ვისთანაც კი მიმუშავია, მეორე ადგილზე იყო (ზიდანის შემდეგ) და ნამდვილად ყველაზე ჭკვიანი მოთამაშეა, ვისაც შევხვედრივარ. ის ყველაფერს ორი სვლით ადრე ხვდებოდა, შეტევის დასაწყისშივე იცოდა, თუ როგორ დასრულდებოდა იგი. მეორე ვარჯიშიც პირველს ჰგავდა, მესამეც - ის სპექტაკლებს დგამდა.

მარტო მე კი არა, ფეხბურთელებიც შოკში იყვნენ, მათ შორის პაოლო მალდინი, რომელსაც თვით მარკო ვან ბასტენთან ერთად უთამაშია.

კაკა და გატუზო

კაკა თავიდანვე განსაკუთრებით დამეგობრდა გატუზოსთან. ეს ძალიან უცნაური წყვილი იყო. მათი ურთიერთობა წლების მანძილზე არ იცვლებოდა. ისინი ერთმანეთის პირისპირ დგებოდნენ, როგორც ვესტერნებში. კაკა იწყებდა: ‘სალამი, წყეულო სამხრეთელო’. გატუზო პასუხად თავს ესხმოდა და რამდენჯერმე თავში წამოარტყამდა. მილანში ყოფნის დროს, კაკამ ალბათ რამდენიმე ათასი დარტყმა მიიღო თავში. ნორმალური ადამიანი ამას ვერ გაუძლებდა. მაგრამ კაკა მოედანზე ისეთებს აკეთებდა, რომ თავიდანვე ვიცოდი, ნორმალური არ იყო.

ჯენარო გატუზო

პატომ ჩემზე ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა არა ისე, როგორც კაკამ. პატო, დროთა განმავლობაში, ვარჯიშებზე უფრო დავაფასე, კაკა - პირველივე შეხედვისთანავე. პატო განსაკუთრებით თავისი სისწრაფით გამოირჩეოდა, 100 მეტრზე სპრინტერივით იყო, კაკას ყველაფერი ჰქონდა. მასში მხოლოდ 8 მილიონი დოლარი გადავიხადეთ და მან მილანი მთლიანად შეცვალა.

ჩვენ საკმაოდ ნელი გუნდი გვყავდა - რუი კოშტას და რივალდოს ბურთის დიდხანს თრევა უყვარდათ. კაკასთან ერთად, სხვა სიჩქარეზე გადავედით, თითქოს სპიდომეტრზე სისწრაფის ლიმიტს გადავაჭარბეთ.

ჩემპიონთა ლიგაზე დეპორტივოსთან უცნაურად წავაგეთ, ჩემპიონატი კი იოლად მოვიგეთ. ეს კაკას დამსახურება იყო. სერია A იმ მოთამაშემ მოგვაგებინა, რომლის სახელი სეზონის წინ არც კი ვიცოდი.

სხვათაშორის, მან ეს არ მაპატია. ყოველთის დამცინოდა: ‘მისტერ, თქვენ მე ტონინიო სერეზოს შემადარეთ, არა? ალბათ სრულ ჭკუაზე არ იყავით.’ მართალიც იყო, მათ ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდათ, თუმცა მაშინ მე ეს არ ვიცოდი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები