Thumbnail

8 ოფიციალური მატჩი შემოდგომაზე? ბელარუსთან თამაშის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სანაკრებო მატჩების კიდევ ერთხელ გადადებასთან დაკავშირებით უეფას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფი, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს, კიდევ ერთხელ გადაიდო და, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიმართება.

"ვიდეო-კონფერენციაზე გადაწყდა, რომ ბელარუსის წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩი, რომელსაც მთელი საქართველო ელოდება, შემოდგომისთვის გადაიდო. ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. ფაქტია, რომ შემოდგომაზე ეროვნულ ნაკრებს ისედაც უწევს 6 ოფიციალური მატჩი მომდევნო ერთა ლიგაში. აქედან გამომდინარე, უეფამ შემდგომში უნდა იმსჯელოს, როგორ მოხდება ამ თამაშების გადანაწილება," - აცხადებს სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი.

დღეს (1-ელ აპრილს), უეფას ორგანიზებით და 55-ვე წევრი ასოციაციის გენერალური მდივნების მონაწილეობით მორიგი ვიდეოკონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის დასრულების შემდეგ კი, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ვიდეო კონფერენციის დროს განხილული საკითხები გადაწყდა, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს, ასაკობრივ ნაკრებებს, საკლუბო და ქალთა ფეხბურთს შეეხება.

ეროვნული ნაკრები

​უეფას დღევანდელი გადაწყვეტილებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ივნისის სანაკრებო პაუზა გაუქმდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ყველა მატჩი გადაიდო. შესაბამისად, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართი ევროპირველობის პლეი ოფის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო და სავარაუდოდ, ზაფხულის ნაცვლად, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. მატჩის ჩატარების კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე უცნობია და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ასაკობრივი ნაკრებები

ეროვნული ნაკრების მსგავსად, ზაფხულის სანაკრებო პაუზის პერიოდში მატჩები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებსაც უნდა გაემართათ, მაგრამ ახალი კორონავირუსის გარშემო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს მატჩებიც გადაიდო. დღევანდელი გადაწყვეტილებით, გაუქმდა 2020 წლის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატი და შესაბამისად ჩვენი 17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებები მატჩები კი, ეროვნულის მსგავსად სავარაუდოდ შემოდგომისთვის გადაიდო.

საკლუბო ფეხბურთი

​უეფას გადაწყვეტილებით, 2020-21 წლების სეზონისთვის ევროტურნირები ივლისის ნაცვლად სავარაუდოდ აგვისტოდან დაიწყება. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიცვალა ლიცენზირების და განაცხადის წარდგენის ვადები. ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების მონაწილეობით პარასკევს ვიდეოკონფრენციას გამართავს.

​ქალთა ფეხბურთი

​სხვა ასაკობრივ ტურნირებთან ერთად, ასევე გაუქმდა 19-წლამდე გოგონათა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში უნდა გამართულიყო. ამის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე მიმართა უეფას და გამოთქვა მზადყოფნა იმის შესახებ, რომ უმასპინძლოს გოგონათა რომელიმე ასაკობრივი ჯგუფის ევროპის ჩემპიონატს.

📺 დავით მუჯირის კომენტარი უეფას ვიდეო კონფერენციის შესახებ

კომენტარები

ბოლო ამბები