Thumbnail

'ჩაწყობილი პენალტები' - სპარტაკისა და დინამო თბილისის გარიგებულ მატჩზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • თამაში 1974 წელს მოსკოვში შედგა და მას 32 ათასი ადამიანი დაესწრო
  • სპარტაკისა და დინამოს ფეხბურთელები პენალტებს გამიზნულად აცილებდნენ

სპორტული სააგენტო Championat.com დროდადრო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ჩატარებულ საეჭვო მატჩებს იხსენებს და ამჯერად, მოსკოვის სპარტაკისა და დინამო თბილისის შეხვედრას მიაპყრო ყურადღება.

აღნიშნული თამაში 1974 წელს მოსკოვში გაიმართა და მაშინდელ ჩემპიონატში არსებული ერთი აბსურდული წესის გაუქმებას დაუდო სათავე. აი, რას წერს Championat.com:

სპარტაკისა და დინამოს მატჩის პროგრამა

“1973 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის რეგლამენტში დაამატეს პუნქტი, რომელიც გუნდების უფრო მეტი მოტივაციისკენ იყო მიმართული. კერძოდ, მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია ინიშნებოდა. იქ ვინც იმარჯვებდა, ქულას მოიპოვებდა, წაგებულს კი არაფერი ერგებოდა.

ამ ნოვაციამ სპორტულ სამყაროში არცთუ დადებითი გამოხმაურება ჰპოვა და მომდევნო წლისთვის, საფეხბურთო ჩინოვნიკებმა წესი უფრო მეტად “დახვეწეს”: თუკი პენალტების სერიაში 5-5 დარტყმის შემდეგ, ანგარიში თანაბარი იქნებოდა, ორივე გუნდი თითო ქულას იღებდა.

ამ სიახლის შემდეგ, ტურნირზე გარიგებული მატჩების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. გუნდებს ერჩივნათ, ქულათა ბედი 11-მეტრიანებისთვის არ მიენდოთ და წინასწარ თანხმდებოდნენ, რომ ქულები გაეყოთ.

1974 წლის სეზონის სტარტზე ერთბაშად 5 მატჩი დასრულდა უგოლო ფრით და ყველა შემთხვევაში პენალტების სერიაშიც თანაფარდობა აღინიშნა. მეტიც, 11-მეტრიანებში ოთხ შემთხვევაში, 3:3 დაფიქსირდა და მხოლოდ მე-3 ტურში, მოსკოვის სპარტაკისა და დინამო თბილისის შეხვედრაში აღინიშნა 2:2, თუმცა, წესის აბსურდულობა ყველაზე მეტად ამ თამაშში წარმოჩინდა და საბოლოოდ, ის, სწორედ იმ მატჩმა შეიწირა.

მოსკოვში, ქვეყნის მთავარ არენაზე, თამაშის სანახავად პარტიული და სპორტული ნომენკლატურა იყო შეკრებილი. საერთო ჯამში, შეხვედრას 32 ათასი ქომაგი დაესწრო და მათ აშკარა ფარსი იხილეს.

მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი სასაცილო ამბები განვითარდა.

თავდაპირველად, ყველა უშეცდომოდ ურტყამდა და ანგარიში 2:2 გახდა. მასპინძელთაგან პენალტები ბუკიევსკიმა და ლოგოფეტმა გაიტანეს, სტუმართაგან კი – ყიფიანმა და ებრალიძემ.

აი, შემდეგ კი, ფეხბურთის თამაში ყველას დაავიწყდა და მეტოქეებმა ზედიზედ 6 (!) ცდა გააფუჭეს. მიუხედავად ყველაფრისა, ალბათ, სკანდალი მაინც არ აგორდებოდა, ევგენი ლოვჩევს დემონსტრაციულად კუთხურის ალმისკენ რომ არ დაერტყა.

ალავერდი ქართველების მხარეს გადავიდა და რეხვიაშვილმა ბურთი პირდაპირ მეკარე პროხოროვის ხელებისკენ გაგზავნა. ლიტველ მსაჯს ანდზიულისს არაფერი დარჩენოდა იმის გარდა, რომ ფრე დაეფიქსირებინა.

მოსკოვში გამართული თამაშის ბილეთი

ამ ამბებიდან ოც წელზე მეტი იყო გასული, როდესაც ლოვჩევმა თავისი საქციელი ასე ახსნა:

“იმ დროს ზემოთ ვიღაცამ მოიგონა იდიოტიზმი სახელად “მატჩისშემდგომი პენალტები ჩემპიონატში”. მოგებამდე ვურტყამდით, ვინც იმარჯვებდა, ქულა ერგებოდა, წაგებულს კი არაფერი ხვდებოდა. მერე წესი გააუმჯობესეს და თუკი 5-5 დარტყმის მერე ისევ ყაიმი იყო, ორივეს ქულა გვხვდებოდა. 

გასაკვირი არ ყოფილა, რომ გუნდებმა გამოსავალი მალე ნახეს. ფაქტობრივად ყველა თანხმდებოდა, რომ სუფთად მხოლოდ ძირითადი დრო უნდა ეთამაშათ, პენალტებში კი ქულები უნდა გაგვენაწილებინა. გამონაკლისი არც ჩვენ ვყოფილვართ...

ერთხელაც, მოსკოვში თბილისელებს ვეთამაშებოდით და ვიცოდი, რომ ბოლო პენალტი მე უნდა გამეფუჭებინა. ავდექი და კუთხურისკენ დავარტყი. შემდეგ განმეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ სწორედ იმ კუთხეს ვუმიზნებდი და შემთხვევით არაფერი მომხდარა.

ჩემთვის დისკვალიფიკაციის მოცემა უნდოდათ, თუმცა, გონს მალევე მოეგნენ და ის აბსურდული წესი შეცვალეს. ყველაფრის მიუხედავად, მე იმ შეხვედრებს გარიგებულს ვერ ვუწოდებდი, უშუალოდ მატჩს ხომ სუფთად ვთამაშობდით?".

აღნიშნული შეხვედრიდან სულ რამდენიმე დღე იყო გასული, როდესაც უცნაური წესი გააუქმეს, სპარტაკისა და დინამოს მატჩის შედეგი კი ანულირებულ იქნა და გადათამაშება პირველი წრის მიწურულს დაინიშნა. ამასთან, გუნდების ხელმძღვანელებს ფეხბურთელებს შორის “აღმზრდელობითი სამუშაოების ჩატარებისკენ” მოუწოდეს.

გადათამაშებაში სპარტაკელებმა 1:0 მოიგეს და ჩემპიონატი მე-2 ადგილზე დაასრულეს (მხოლოდ კიევის დინამოს ჩამორჩნენ). სათქმელია ისიც, რომ სეზონის განმავლობაში ყველაზე მეტი ფრე – 14 დინამო თბილისმა დააფიქსირა, ეს კი, ლამის ყოველი მე-2 მატჩი იყო”.

კომენტარები

ბოლო ამბები