Thumbnail

ამინდი სპორტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. საშინაო კედლების უპირატესობა ხშირად მხოლოდ ნაცნობ სტადიონს და გულშემატკივრის მხარდაჭერას არ გულისხმობს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ შენთვის მისაღებ კლიმატურ პირობებში თამაშობ. თითოეული გუნდის, ან სპორსტმენისთვის მათი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ხელსაყრელი ან არაკომფორტული ამინდი არსებობს.

როცა გულშემატკივარი ხარ, ამინდის ფაქტორიც უნდა გაითვალისწინო - შენი საყვარელი გუნდის თამაშზე მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. არსებობს სხვა შემთხვევებიც, როდესაც ამინდი მოულოდნელად იჭრება სპორტული ღონისძიებების დროს და ცვლის თამაშს, შედეგს და შესაბამისად ისტორიასაც. ჩვენ სწორედ მსგავს შემთხვევებზე მოგითხრობთ.

პერუჯა - იუვენტუსი 1:0 [2000]

ეს იყო კარლო ანჩელოტის პირველი სრული სეზონი იუვენტუსში. ტურინში იმედი ჰქონდათ, რომ პარმაში წარმატებული მუშაობის შემდეგ, ახალგაზრდა მწვრთნელი მარჩელო ლიპის ღირსეული შემცვლელი იქნებოდა. ტურინში ანჩელოტის ზიდანი, დელ პიერო, დავიდსი და ინძაგი ელოდნენ. იუვეს თამაში იდეალურისგან შორს იყო, თუმცა გუნდი ქულებს სტაბილურად აგროვებდა და ჩემპიონატის ფინიშზე ლაციოს 8 ქულას უგებდა. მოულოდნელმა მარცხმა ვერონაში და საკუთარ მოედანზე მთავარ კონკურენტ ლაციოსთან, ტურინელები ბოლო ტურში, პერუჯაში, მოგების აუცილებლობის წინაშე დააყენა. ფრის შემთხვევაში გუნდებს ქულები უთანაბრდებოდათ და ოქროს მატჩი ინიშნებოდა.

📖 კარლო ანჩელოტის წიგნიდან

პერუჯას ამ თამაშის შედეგი არაფერში ჭირდებოდა, იუვეს თითქოს იოლად უნდა მოეგო. ტურინელთა გეგმებში წვიმა შემოიჭრა. პირველი ტაიმის მიწურულს თავსხმა წვიმა დაიწყო და მატჩის გაგრძელება შეუძლებელი გახდა, მოედანი ერთ დიდ გუბედ გადაიქცა. წესით, ასეთ მინდორზე ფეხბურთის თამაში არ შეიძლებოდა, მაგრამ ბოლო ტური იყო და მატჩის არბიტრ პიერლუიჯი კოლინას თამაშის გადადება არ უნდოდა, რადგან ლაციოც პარალელურად თამაშობდა. თითქმის ორი საათის მანძილზე შეხვედრა შეჩერებული იყო, იუვეს ამ კონდიციაში თამაში არ სურდა, თუმცა კოლინამ შეხვედრა მაინც გააგრძელა.

ისტორიული ფოტო - კოლინა გაზონს ამოწმებს

წვიმის გამო იუვეს უპირატესობა გაქრა. რა მნიშვნელობა აქვს, ზიდანი გყავს, თუ დელ პიერო, როცა ბურთი უბრალოდ არ გორავს. პერუჯამ ჯარიმიდან მოულოდნელი გოლი გაიტანა, იუვეს კი არაფერი გამოუვიდა.

იმ წელს ჩემპიონი ლაციო გახდა, კარლო ანჩელოტის შემდეგ სეზონში კიდევ ერთი მეორე ადგილი არ აპატიეს და ისიც მილანში წავიდა, იუვემ კი ახალი გუნდის მშენებლობა დაიწყო - ზიდანი რეალში გაუშვეს, ინძაგი ანჩელოტის მილანში გაჰყვა. მათ ნაცვლად, იუვეში ბუფონი, ტურამი და ნედვედი მივიდნენ. მოკლედ, რომ არა წვიმა, ბევრი რამ იტალიურ ფეხბურთში სხვანაირად იქნებოდა.

სან ანტონიო V მაიამი, სუპერფინალი [2014]

კალათბურთი სპორტის ისეთი სახეობაა, რომელზეც ამინდი, ერთი შეხედვით, არ უნდა მოქმედებდეს, რადგან კალათბურთს დარბაზში, დახურულ სივრცეში თამაშობენ. სხვა შემთხვევაში, ცხელ ტექსასში უბრალოდ ვერ ითამაშებდნენ, მით უმეტეს, ივნისში, როდესაც საშუალო ტემპერატურა 36 გრადუსია.

სან ანტონიო-მაიამის სუპერფინალების წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ სპურსის მშობლიურ დარბაზში ტექსასური ამინდის ნეგატიურ ეფექტს იგრძნობდა, ყველაფერი პირიქით გამოვიდა. კონდიცირების სისტემა გაფუჭდა და გუნდებს სერიის პირველი მატჩის ჩატარება საშინელ სიცხეში მოუწიათ. სიცხისგან სახეშეშლილი ლებრონი სველი პირსახოცებით ყველას გვახსოვს.

სიცხის გამო ლებრონი ვეღარ სუნთქავდა

თამაში სან ანტონიომ მოიგო. ბევრი ითქვა და დაიწერა, რომ უფრო მორბენალი და ათლეტური სტილის მაიამისთვის სიცხეში თამაში გაცილებით რთული იყო. მომდევნო მატჩზე კონდიცირება წესრიგში იყო, მაიამიმ გაათანაბრა, თუმცა ეს მათი ერთადერთი გამარჯვება გამოდგა სერიაში. სან ანტონიომ სუპერფინალი 4:1 მოიგო და ლებრონიც სამხრეთ სანაპიროდან კლივლენდში დაბრუნდა.

პიტ სამპრასი და უიმბლდონი

ჩოგბურთში ამინდის გავლენა თამაშზე უდიდესია - პატარა ბურთი და სანტიმეტრები, ხშირად, საერთოდ მილიმეტრები, რომელიც თამაშის ბედს წყვეტს. ნებისმიერი გარეშე ფაქტორი, მათ შორის ამინდი, თამაშს მთლიანად ცვლის. ქარის, წვიმის ან სიცხის გამო ბურთი შეიძლება ერთი სანტიმეტრით ხაზს იქით ან აქეთ დაეცეს. ჩოგბურთის სათამაშოდ იდეალური პირობებია საჭირო.

გამოკითხვა

სად უფრო მაღალი ტემპერატურა იქნება?

  • ლონდონი
  • X
  • კიევი

ამინდი ყველაზე ხშირად უიმბლდონის, ჩოგბურთის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მსვლელობაში იჭრება, აქ წვიმის გამო თამაშის შეწყვეტა და შემდეგ განახლება ჩვეულებრივი ამბავია.

ბრიტანული ამინდით ყველაზე მეტად ლეგენდარული პიტ სამპრასი სარგებლობდა. სამპრასი ძალიან კარგი მომწოდებელი იყო. უიმბლდონის ბალახზე კარგი მოწოდების მიღება ურთულესი ამოცანაა, მით უმეტეს, როდესაც ნესტი ბალახს კიდევ უფრო სწრაფს ხდის.

მოწოდება და ბადესთან გასვლა - სამპრასის სტრატეგია უიმბლდონზე

ყველაზე მთავარი სამპრასის ფსიქოლოგია გახლდათ. ბევრი მოთამაშე ამბობს, რომ წვიმის გამო შეხვედრის შეწყვეტა და შემდეგ განახლება ფსიქოლოგიურად რთული ამოცანაა. შეიძლება ისე გამოგიყვანოს წყობიდან, რომ შენი თამაში ვეღარ იპოვო. სამპრასი ფლეგმატური და უემოციოა, რკინის ნერვებით. მოთამაშეები აღნიშნავდნენ, რომ მას შეეძლო, წვიმის პაუზის დროს გასახდელში უბრალოდ ცოტა ხნით დაეძინა. იძულებითი პაუზები მის ნერვებზე საერთოდ არ მოქმედებდა და ერთნაირად თამაშობდა - თუნდაც ამინდის გამო თამაში რამდენჯერმე გაჩერებულიყო. წვიმიანი უიმბლდონი სამპრასისთვის საუკეთესო პირობებს ქმნიდა. შემთხვევითი არ არის, რომ პისტოლ პიტი უიმბლდონის შვიდგზის ჩემპიონია.

კომენტარები

ბოლო ამბები