Thumbnail
  • გენო პეტრიაშვილი უმთავრეს კონკურენტ ტაჰა აკგულს ორმაგი სხვაობით უსწრებს
  • ქართველი ფალავანი ოლიმპიადაზე ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატად მიიჩნევა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო რეიტინგი განაახლა, რომლის თანახმადაც თავისუფალ ჭიდაობაში, ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონით კატეგორიაში პირველობას გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ინარჩუნებს.

პეტრიაშვილს, რომელსაც დღეს 26 წელი შეუსრულდა, აქტივში 80 ქულა გააჩნია და მას ზუსტად ორმაგი უპირატესობა აქვს უმთავრეს კონკურენტ ტაჰა აკგულთან (თურქეთი), შემდეგ კი, უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანივსკი (უკრაინა, 39), ჯამალადინ მაგომედოვი (აზერბაიჯანი, 34) და ნიკ მატუჰინი (გერმანია, 32) მოდიან.

აი, რას წერს UWW მძიმე წონის შესახებ.

“გენო პეტრიაშვილისა და ტაჰა აკგულის დაპირისპირებას, რომელიც 2013 წლიდან იღებს სათავეს, ბოლო არ უჩანს.

უკვე 6 წელია, ყველა პრესტიჟულ შეჯიბრს, იქნება ეს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი თუ ოლიმპიადა, მხოლოდ ქართველი ან თურქი ფალავენი იგებენ.

სხვა საქმეა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში აკგულმა მხრის ტრავმა მიიღო და ამით, კონკურენტს ხელ-ფეხი სრულად გაუხსნა.

პეტრიაშვილმა შანსი კარგად გამოიყენა იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი არავის დაუთმო.

გენომ მეტოქეებს საერთო ჯამში 39:2 აჯობა და კონტინენტური ტიტული კარიერაში მესამედ მოიპოვა.

აკგულთან არსებული სხვაობა იმის მომასწავებელია, რომ პეტრიაშვილს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მძიმე წონაში პირველი განთესვა ექნება.

ეს, ქართველ მოჭიდავეს კარგ შანსს აძლევს, რათა რიოს ოლიმპიადაზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი იაპონიაში ოქროზე გადაცვალოს.

საოლიმპიადე წონების რეიტინგში მოხვდა ელიზბარ ოდიკაძეც (97 კგ.), რომელიც 36 ქულით მე-6 ადგილზეა. ამ წონაში აშკარა ლიდერი რუსეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი აბდულრაშიდ სადულაევია (80 ქულა).

სათქმელია ისიც, რომ ერთ-ერთ არა-საოლიმპიადე წონას (61 კგ.) სათავეში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბექა ლომთაძე (78 ქულა) უდგას. ის უახლოეს კონკურენტებს – ინდოელ ავარესა (41) და რუს იდრისოვს (40) საგრძნობი სხვაობით უსწრებს

კომენტარები

ბოლო ამბები