Thumbnail
  • პოპსპორტის კითხვებს დინამო ბათუმის პრეზიდენტმა უპასუხა
  • ინტერვიუს მთავარი თემა არსებული კრიზისი და სამომავლო გეგმებია

კორონავირუსის გამო, 2020 წლის ეროვნული ლიგა შეჩერებულია და ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება. პანდემიამ ქართულ საფეხბურთო კლუბებს დიდი პრობლემები შეუქმნა. არსებულ კრიზისულ ვითარებაზე პოპსპორტის კითხვებს დინამო ბათუმის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ უპასუხა.

popsport: როგორი მდგომარეობაა კლუბში კრიზისულ პერიოდში?

ბერიძე: იგივე მდგომარეობაა, რაც მთელ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. ვართ შეშფოთებულები და ვმუშაობთ ანტიკრიზისულ გეგმაზე, რაც ასეთ დროს აუცილებელია. რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. დღეს, მთავარი ადამიანების ჯანმრთელობაა.

popsport: თქვენც ალბათ თვითიზოლაციაში გიწევთ ყოფნა...

ბერიძე: კი, რა თქმა უნდა, თვითიზოლაციაში ვარ და დისტანციურად ვმუშაობ. როგორც აღვნიშნე, დღეს ჩვენი მთავარი საქმე ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაა და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

'ვმუშაობთ სხვადასხვა ვარიანტებზე, მათ შორის ხელფასების განახევრებაზე 3 თვით

popsport: ანტიკრიზისული გეგმის დეტალებს ხო ვერ გაგვაცნობთ?

ბერიძე: ვმუშაობთ სხვადასხვა ვარიანტებზე. ვიმსჯელეთ ხელფასების განახევრებაზე 3 თვით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება კვირის ბოლოს იქნება ცნობილი. მნიშვნელოვანია, როდემდე გაგრძელდება ეს კრიზისი და შესაბამისად, როდემდე ვიქნებით გაჩერებულები. განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას და ვეცდებით, კლუბისთვის საუკეთესო გამოსავალი ვიპოვოთ.

popsport: რა იქნება თქვენი პრიორიტეტი გადაწყვეტილების მიღებისას?

ბერიძე: ჩვენი მიზანია გუნდის შენარჩუნება ამ შემადგენლობით. დიდი ხანი ვაშენებდით გუნდს, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებდა და ასე ერთი ხელის მოსმით ეს შრომა არ უნდა ჩაიყაროს წყალში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გუნდი შევინარჩუნოთ და რა გამოგვივა, ამას დრო გვიჩვენებს.

წაიკითხე'ბათუმში თავს დაცულად ვგრძნობ' - ინტერვიუ ჯოვინოსთან

popsport: ერთია, რას გადაწყვეტთ თქვენ და მეორე, როგორ მიიღებენ ამას ფეხბურთელები თუ მწვრთნელები. ხელფასების შემცირების გამო, ლოკომოტივში სამწვრთნელო ცვლილებაც კი მოხდა. ამ მხრივ, რა მოლოდინი გაქვთ?

ბერიძე: გადაწყვეტილება, რომელსაც გამოვაცხადებთ, იქნება შეთანხმებული გუნდის წევრებთან და ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება. ვერ მოვიტყუები, რომ კრიზისი არ შეგვეხო, ვერ ვეტყვი, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ერთიანი და გუნდური. 

'ყველაზე მეტად სწორედ იმაზე მწყდება გული, რომ გულშემატკივარი ფეხბურთის გარეშე დარჩა'

popsport: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თუ ხართ აქტიურ კავშირზე და თუ ელოდებით დახმარებას ამ კრიზისულ პერიოდში?

ბერიძე: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას და ფიფას სუბიექტია. რა დირექტივასაც იღებს საერთაშორისო ორგანიზაიებიდან, იმას გვიზიარებს ჩვენც. დღეს, ჩვენი მთავარი მიზანია სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, რომელსაც გავუზიარებთ ფეხბურთის ფედერაციას და ვნახოთ, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები.   

popsport: თითქმის ყველაფერი გაჩერებულია, თუმცა ბათუმის ახალი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება...

ბერიძე: სტადიონის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ალბათ მალე დასულდება. ერთი დღეც არ გაჩერებულა საქმე და ყველა საკითხი პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი. 

popsport: რას ეტყვით დინამო ბათუმის გულშემატკივრებს, რომლებიც მოუთმენლად ელიან სეზონის განახლებას?

ბერიძე: ყველაზე მეტად სწორედ იმაზე მწყდება გული, რომ გულშემატკივარი დარჩა ფეხბურთის გარეშე. ღვთის წყალობით, ყველაფერი მალე ჩაივლის და გულშემატკივარიც ჩვენთან ერთად დაუბრუნდება ფეხბურთს. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც დღესაც გვაქვს როგორც კლუბის ხელმძღვანელებს, ისე ფეხბურთელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები