Thumbnail
  • პორტალმა ბელგიის ჟუპილერ ლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა
  • გენტის 20 წლის ქართველი ლეგიონერის საბაზრო ფასი 1,5 მილიონი ევროთი შემცირდა
  • საქართველოს ნაკრების უძვირფასეს ფეხბურთელთა შორის ლიდერი საბა კვერკველიაა 

მართალია, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2019/20 წლების საფეხბურთო სეზონი შეჩერებულია (გამონაკლისი მხოლოდ ბელარუსია), ავტორიტეტულმა პორტალმა TRANSFERMARKT-მა ბელგიის ჟუპილერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასებში ცვლილებები შეიტანა. 

რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, 1,5 მილიონი ევროთი შემცირდა გენტის 20 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის პირობითი სატრანსფერო ფასი. 

აღსანიშნავია, რომ პორტალი გიორგი ჩაკვეტაძეს, 2018 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, ბოლო დრომდე, 9 მილიონ ევროდ აფასებდა და ეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო - გიორგი მილიონი ევროთი მეტი ღირდა, ვიდრე საბა კვერკველია (8 მილიონი).

ამჟამად საბა კვერკველია ყველაზე ძვირად შეფასებული ქართველი ფეხბურთელია

30 მარტის შეფასებით კი, გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ტრავმის გამო, ლამის მთლიანად გაცდენილი შარშანდელი წლის შემდეგ, ფორმის ერთბაშად აღდგენა გაუჭირდა, 7,5 მილიონი ევრო ღირს და შესაბამისად, ქართველ ფეხბურთელებს შორის ლიდერი უკვე კვერკველიაა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელების საბაზრო ფასებს, ლიდერთა ათეულში სხვა ცვლილება არ მომხდა. ამ სიაში მესამე ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე, დონეცკის შახტარის 27 წლის მცველი დავით ხოჭოლავაა (4 მილიონი ევრო).

2,5 მილიონ ევროდ ვლადიმირ ვაისის გუნდის ერთბაშად ხუთი ფეხბურთელი ფასდება: გია გრიგალავა (ტულის არსენალი, რუსეთი), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია (ორივე რუბინი, რუსეთი). 2-2 მილიონად ფასდება ვაკო გვილიასა (ლეგია, პოლონეთი) და ოთარ კიტეიშვილის (შტურმი, ავსტრია) ტრანფერები. 

კომენტარები

ბოლო ამბები