Thumbnail

‘ფინალის წინ ვიცოდი, რომ ცოტა შანსი გვქონდა' - ანჩელოტი 1994 წლის მუნდიალზე

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

პოპსპორტი აგრძელებს კარლო ანჩელოტის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ყველაზე საინტერესო ეპიზოდების თარგმნას. ამჯერად წარმოგიდგენთ მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის მონაკვეთს. ანჩელოტი ამ მუნდიალზე იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, არიგო საკის ასისტენტი გახლდათ. როგორი ხასიათი ჰქონდა საკის? როგორ შემოატრიალა რობერტო ბაჯომ წაგებული თამაში და რა იყო იტალიის მთავარი პრობლემა მუნდიალზე?

საკიმ ყველაფერი იცოდა

'მოედანზე საკის თანაშემწე ვიყავი, მოედანს მიღმა კი - მისი კომპანიონი მოგზაურობის დროს. ჩვენ თამაშებზე მთელს ევროპაში ერთად ვმოგზაურობდით, მოთამაშეებს ვაკვირდებოდით და ვსწავლობდით. მე ეს მომწონდა. საკისგან ბევრი რამ ვისწავლე.

ერთხელ, დილას, პარიზში სასტუმროს ლობიში ვიჯექით, ფრენა შუადღეს გქონდა და დრო გაგვყავდა. საკის, როგორც ყოველთვის, უამრავი ენერგია ქონდა: ‘კარლეტო, ლუვრი გინახავს ოდესმე? წავედით!’

რამდენიმე წუთში უკვე ტაქსიში ვიჯექით. ვერ მოვასწარი ოცნების დაწყება, რომ ჯოკონდას ვნახავდი, უკვე ადგილზე ვიყავით. დაკეტილი დაგვხვდა.

‘პირდაპირ აეროპორტში წავიდეთ’ - ვთავაზობ საკის. ‘არა. გავისეირნოთ’ - მესმის პასუხი.

არიგო საკი 1994 წლის მუნდიალზე

ლუვრთან უზარმაზარი პარკია - ხეები და ბევრი მცენარე. 4 საათი ამ პარკში გავატარეთ - ეს იყო საკის ლექცია ბოტანიკაში. მან ყველა მცენარე, ყველა ხე, ყველა ყვავილი იცოდა. ის ყველა ბუჩქთან ჩერდებოდა: ‘შეხედე, კარლეტო, ნამდვილი Narcissus pseudonarcissus აქვთ’. ახასიათებდა ყველაფერს, რაც იქ იყო. არ მეყო გამბედაობა, პირდაპირ რომ მეთქვა - საერთოდ არ მაინტერესებდა, რას ლაპარაკობდა. მიჩვეული ვიყავი, არიგო საკიმ ყველაფერზე ყველაფერი იცის. ეს ადამიანი ინფორმაციის ზღვაა.

ბაჯომ ყველაფერი აურია

არიგო საკი ძალიან მომთხოვნი იყო როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვა ადამიანების მიმართ. საკის ორი ასისტენტი ჰყავდა - მე და პიეტრო კარმიჯანი. პიეტრო სათადარიგო სკამზე იჯდა საკისთან ერთად, მე თამაშს ტრიბუნიდან ვუყურებდი და მატჩის შესახებ მოხსენებას ვამზადებდი - დაწვრილებითი ანალიზი, რა ხდებოდა მოედანზე. ეს ახლა იოლია - კომპიუტერების ეპოქაში. მაშინ საშინელება იყო - გიჟური სამუშაო. 90 წუთი რაღაცეებს ვუყვებოდი ჩემს ასისტენტს, რომელიც იწერდა. და ასე მთელი მთელი თამაში, შეუსვენებლად. ბევრი, ვინც ჩვენს გვერდზე იჯდა, ვერ უძლებდა და მიდიოდა.

მუნდიალამდე პრობლემა არ მექმნებოდა. 1994 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოწინააღმდეგეების ანალიზიც მევალებოდა. ხშირად ამისთვის მხოლოდ 2 დღე მქონდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მეტოქის ბოლო 3 თამაში უნდა მენახა და გამეანალიზებინა. ერთ ღამეში. ეს ყველაფერი ნიგერიასთან მერვედფინალამდე კარგად მიდიოდა.

0:1-ს ვაგებდით. სადღაც მე-60 წუთიდან დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორ უნდა დავბრუნებულიყავით იტალიაში შეუმჩნევლად - ისე, რომ ტიფოზებს ჩვენთვის პომიდვრები არ ესროლათ. შეიძლება ლამპედუზადან (იტალიის უკიდურესი სამხრეთი) ჯობია, ანაც კომოდან (იტალიის უკიდურესი ჩრდილოეთი) - ასეთ რაღაცეებს ვფიქრობდი. თამაშისთვის თვალის დევნებას საერთოდ შევეშვი - მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო. არაფერს აღარ ვწერდი. მხოლოდ ბაჯო ვერ გავითვალისწინე! მატჩის ბოლო წამებზე რობიმ გაათანაბრა, დამატებითში კი კიდევ ერთხელ გაიტანა.

არიგო საკი და რობერტო ბაჯო

იტალია მეოთხედფინალში გავიდა, საკიმ კი, ტრადიციულად, ჩანაწერები მომთხოვა: ‘არიგო, იცი რა მხოლოდ პირველი 60 წუთი გავაკეთე.’ - იყო ჩემი პასუხი. ‘საინტერესოა რატომ’ - გაუკვირდა საკის. მე ერთადერთი არ ვიყავი - ტრიბუნებზე ვხედავდი, როგორ ილანძღებოდნენ ჟურნალისტები, რომელთაც მასალა უკვე გამზადებული ჰქონდათ. ბაჯოს გოლმა ყველაფერი აურია.

მეორე დღეს ვიდეომაგნიტოფონთან დავჯექი და მატჩის ბოლო ნაწილის ახლიდან გავლა მომიწია.

📺 ვიდეო: იტალია V ნიგერია (1994)

კლიმატი - მთავარი პრობლემა

საშინელი კლიმატის მიუხედავად, ამერიკის მსოფლიო ჩემპიონატიდან ძალიან კარგი მოგონებები მაქვს. კლიმატი კატასტროფული იყო - ძალიან ცხელი და ნესტიანი. სადილის შემდეგ მაშინვე ძილი მინდოდა. ერთადერთი საკი არ იღლებოდა, რომელიც ისევ სასეირნოდ მეპატიჟებოდა.

ასეთ გასეირნებას მხოლოდ ერთხელ გადავურჩით. ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე ნიუ იორკში ვიყავით სიტუაციის გასაცნობად. ბრუკლინში იტალო-ამერიკულმა ოჯახმა სადილზე დაგვპატიჟა. სადილი უცნაურად დაიწყო: ‘სკილაჩი ნაკრებში უნდა აიყვანოთ!’ - ასე გამოგვიცხადეს. სკილაჩი სამხრეთელია და ის იტალიის სამხრეთში ძალიან უყვართ. ამას დაჟინებით გვიმეორებდნენ. საკის ყურში ვუთხარი - ‘ჯობია ახლავე წავიდეთ, ამას სხვა თხოვნებიც მოყვება’ - ისიც დამთანხმდა.

საკისგან ვისწავლე, რას ნიშნავს მწვრთნელობა - როგორ დაგეგმო სამუშაო, ვარჯიშების ორგანიზება, ფეხბურთელებთან ურთიერთობა. ჩემს ცხოვრებაში არაფერი ყოფილა იმაზე საინტერესო ვიდრე მასთან მუშაობა იყო.

ყველაზე ტრაგიკული ფოტო 90-იანებიდან

ძალიან საწყენია, რომ იტალიამ ის ფინალი წააგო, მაგრამ ჩვენ მართლა ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ფინალის წინ საკის მასაჟისტ ბოზეტისთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ცოტა შანსი გვქონდა: ‘კლაუდიო, გაუკეთე მასაჟი ფეხბურთელებს. კუნთები რა მდგომარეობაში აქვთ’ - იკითხა საკიმ. ‘რა კუნთებზე მელაპარაკები, არიგო,’ - იყო ბოზეტის პასუხი.

ფეხბურთელები ფეხზე ძლივს იდგნენ, ინერციით დადიოდნენ. მათ რამდენიმე თამაშის ჩატარება მოუწიათ 100-პროცენტიან ნესტიანობაში. შესვენებაზე შემოდიოდნენ და ითხოვდნენ: ‘შემცვალეთ, მეტი აღარ შემიძლია.’ მაგალითად, ნიკოლა ბერტის ყველა თამაშზე ეს ემართებოდა. აუტანელი სიცხისა და ნესტიანობის გამო, სახეზე ყველანი წითლები იყვნენ. ყინულის აბაზანებს იღებდნენ და მაინც არ შველოდათ.

პირველი თამაში ნიუ იორკში გვქონდა - 42 გრადუსი და 90 პროცენტი ნესტი. იმ გენიოსებმა ფიფადან თამაში შუადღეს დანიშნეს. ბიჭები, რომ გაგვეხმნევებინა, თამაშის წინ მე და კარმიჯანი გავედით და მზეში ბალახზე დავწექით. ფეხბურთელები ისე გვიყურებდნენ, როგორც გიჟებს - ფიქრობდნენ, რომ მზემ დაგვარტყა.

მუნდიალის შემდეგ საკისთან ერთად ნაკრებში კიდევ ერთი წელი ვიმუშავე და შემდეგ რეჯანაში წავედი. ეს იყო ჩემი პირველი დამოუკიდებელი გუნდი.

წაიკითხე ფეხბურთის ტრაგიკული გენია - რობერტო ბაჯო

 

კომენტარები

ბოლო ამბები