Thumbnail
  • ამ გოლით მოაგებინა ირლანდიელმა იუვეს მეოცე სკუდეტო
  • ლიამ ბრეიდიმ იტალიაში ჯამში 7 წელი ითამაშა და აპენინებზე კარგი სახელი დატოვა

როდესაც კლუბში მდიდარი მფლობელი მოდის, პირველი რასაც აკეთებს შეტევის გაძლიერებას იწყებს. სწორედ ეს გააკეთა სამპდორიას მფლობელმა - პაოლო მანტოვანიმ 1982 წელს, როდესაც კლუბის სათავეში მოვიდა.

მანტოვანიმ 3 ახალი შემტევი დაიმატა - რობერტო მანჩინი, ტრევორ ფრენსისი და ლიამ ბრეიდი - ტრიო, რომელმაც ახლად დაწინაურებულ სამპას მომდევნო სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულებინა. სეზონის გახსნით მატჩში სამპდორიამ ჩემპიონი იუვენტუსი - 1:0 დაამარცხა.

ეს მატჩი განსაკუთრებით ემოციური იყო ირლანდიელი ნახევარმცველისთვის, რომელმაც მართალია ვერ გაიტანა, მაგრამ მატჩი მაგრად ითამაშა და თავის ახალ კლუბს მოაგებინა. ბრეიდის ემოციურობის მიზეზი იუვეს ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება იყო - ლეგიონერებზე ლიმიტის გამო, იუვემ 2 საჩემპიონო სეზონის შემდეგ ბრეიდი დაითხოვა და მის ნაცვლად მიშელ პლატინი დაიმატეს.

ჰო, იუვეს აქ ვერ გაამტყუნებ. თუმცა ეს არც დუბლინელს გაუკეთებია და ქვევით მოვყვებით თუ რატომ...

იუვეს განვლილი საჩემპიონო სეზონის დასრულებამდე 3 მატჩი იყო დარჩენილი, როდესაც ცნობილი გახდა, რომ გუნდში მიშელ პლატინი მოჰყავდათ, რაც პოზიციიდან, ხელფასიდან, პასპორტიდან და სათამაშო სტილიდან გამომდინარე კლუბიდან ლიამ ბრეიდის გაშვებას ნიშნავდა.

იუვენტუსი | 1981-82

ბრეიდიმ იუვეში 1980-82 წლები გაატარა, სერია A ორჯერ მოიგო და მაგარი გოლები გაიტანა - გამარჯვების გოლები იტალიურ დერბიში ინტერის, ფიორენტინას (მაშინ იუვეს მთავარი მდევარი) და ტურინულ დერბიში ტორინოს წინააღმდეგ. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი, ბრეიდის ტურინულ ისტორიაში, მის შავ-თეთრი ფორმით ჩატარებულ ბოლო მატჩს უკავშირდება.

1981-82 წლების სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა ბოლო მატჩამდე გაგრძელდა. სეზონის ბოლო შეხვედრაში, იუვე გასვლაზე კატანძაროს შეხვდა. თითქმის მთელი მატჩი ანგარიში არ შეცვლილა - 0:0, იუვე ჩემპიონობას კარგავდა, თუმცა 75-ე წუთზე მსაჯმა კატანძაროს კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

საპენალტო ნიშნულთან ლიამ ბრეიდი მივიდა, იტალიელმა კომენტატორებმა დაიწყეს იმისი განხილვა, რომ ირლანდიელი გუნდიდან გაშვებისთვის იუვეს ხელმძღვანელობას სამაგიეროს გადაუხდიდა და პენალტს შეგნებულად გააფუჭებდა. თუმცა გუნდიდან უკვე გაშვებულმა დუბლინელმა, მარცხენა ფეხით, მარცხენა კუთხეში დაბალი ბურთი გაუშვა და იუვეს ჩემპიონობა მოაპოვებინა.

ეს არ იყო იუვეს რიგითი ჩემპიონობა, ეს იყო ტურინელთა მეოცე სკუდეტო, რითიც ბიანკონერიმ გულზე მეორე ვარსკვლავი მიიმაგრა!

ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრმა - ლიამ ბრეიდიმ ჯამში 7 წელი (1980-87) ითამაშა აპენინებზე - იუვე, სამპდორია, ინტერი, ასკოლი... კარიერა კი 1990 წელს ვესტ ჰემში დაასრულა. შემდეგ იყო ცუდი მწვრთნელი სელტიკში, თუმცა კარგი აკადემიის დირექტორი და კლუბის მთავარი სკაუტი მშობლიურ არსენალში, სადაც არსენ ვენგერთან ერთად საოცარი წლები გაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები