Thumbnail

ჯაბა ბრეგვაძე: მთავარია, ვირუსს ეშველოს და ჩვეულ რიტმს მალე დავუბრუნდებით

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'თვითიზოლაცია არ მჭირდებოდა, თუმცა ორი კვირა სახლიდან არ გავსულვარ'
  • საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდის ინტერვიუ ჯაბა ბრეგვაძესთან

ზე რაგბში მოთამაშე ერთადერთი ბორჯღალოსანი ჯაბა ბრეგვაძე თბილისში იმყოფება და ფორმის შესანარჩუნებლად სახლში ვარჯიშობს.

ჯაბა სამშობლოში სუპერ რაგბის მიმდინარე სეზონის შეჩერების შემდეგ დაბრუნდა და მიუხედავად იმისა, რომ მასზე მოთხოვნა არ ვრცელდებოდა, თვითიზოლაციაში რჩება.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 32 წლის მორაგბის იაპონური ფრანჩაიზის – სანვულვზის გეგმები ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს აირია. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ბრეგვაძე საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდს ესაუბრა:

“პირველად ჩვენი გეგმები თებერვლის ბოლოს შეიცვალა. ახალ ზელანდიაში ვიყავით და 29 თებერვალს ჰარიქეინზთან სათამაშოდ ვემზადებოდით, რის შემდეგაც იაპონიაში უნდა დავბრუნებულიყავით და ორი მატჩი შინ ჩაგვეტარებინა.

შუა კვირაში გვითხრეს, რომ იაპონიაში მინიმუმ 2-3 კვირა ვერ დავბრუნდებოდით და საშინაო შეხვედრებს ავსტრალიაში გავმართავდით.

ბრამბისსა (6 მარტი) და ქრუსეიდერსს (14 მარტი) ავსტრალიაში ვეთამაშეთ, რის შემდეგაც გვამცნეს, რომ სუპერ რაგბი მინიმუმ 2 კვირით შეჩერდა.

როგორც ვატყობ, ეს ვადა კიდევ გახანგრძლივდება, რადგან ორი კვირა უკვე გავიდა და უკეთესობა არ ჩანს. ჯერჯერობით, სუპერ რაგბი გაუქმებული არაა და შეჩერებულია, მაგრამ რა იქნება მომავალში არავინ იცის“.

ჯაბა ბრეგვაძე საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე იაპონიაში

რადგან ჯაბა მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში არ იმყოფებოდა, შინ დაბრუნების შემდეგ მასზე შეზღუდვები არ ვრცელდებოდა, თუმცა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მორაგბემ თვითიზოლაციის წესები მაინც დაიცვა.

“ავსტრალიაში იმ დროს ვირუსი არ იყო გავრცელებული და წამოსვლა არ გამჭირვებია. რადგან რისკჯგუფის ქვეყნიდან არ დავბრუნდი, კარანტინში გადასვლაც არ მომიწია და არც თვითიზოლაცია მომთხოვეს, თუმცა ორი კვირა სახლიდან მაინც არ გავსულვარ და მეუღლისა და შვილის გარდა, ურთიერთობა არავისთან მქონია“.

იაპონიაში იმედოვნებენ, რომ ვირუსი მალე ჩაცხრება, სუპერ რაგბის სეზონი გაგრძელდება და დროებით დათხოვნილ მორაგბეებს ფორმის შენარჩუნებას სთხოვენ. ამაში ბრეგვაძეს ბორჯღალოსნების ფიზმომზადების მწვრთნელები ეხმარებიან.

“კლუბის ხელმძღვანელობასთან მუდმივი კონტაქტი მაქვს. გვეუბნებიან, რომ არავინ იცის რა მოხდება და ფორმა უნდა შევინარჩუნოთ. შესაძლოა ყველაფერი 1-2 საათშიც შეიცვალოს.

მთავარია, ვირუსს ეშველოს და დარწმუნებული ვარ, ჩვეულ რითმს ყველაფერი სწრაფად დაუბრუნდება.

ფორმის შესანარჩუნებლად ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელმა ირაკლი ჭყონიამ, საჭირო ინვენტარი სახლში გამომატანა და კარანტინის შემთხვევაშიც შევძლებ ვარჯიშს.

ვერ ვიტყვი, რომ ამ ვარჯიშების შემდეგ ისეთ ფორმაში ვიქნები, როგორშიც ორი კვირის წინ ვიყავი, თუმცა სასურველ ფორმაში დასაბრუნებლად თვე-თვენახევარი არ დამჭირდება“.

ქართველმა ბურჯმა სანვულვზში სეზონი შედეგიანად დაიწყო

ბრეგვაძე სუპერ რაგბის მიმდინარე სეზონს საუკეთესო ფორმაში შეხვდა. მან ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველ ორ შეხვედრაში ლელოები გაიტანა. ამის მიზეზად ის განსხვავებულ მოსამზადებელ პერიოდს ასახელებს.

“წელს სუპერ რაგბის სეზონს ნამდვილად საუკეთესო ფორმაში შევხვდი. ამის მიზეზი მოსამზადებელი პერიოდია. წინა ორ სეზონში აქცენტი უმთავრესად სირბილზე კეთდებოდა, რასაც მიჩვეული არ ვიყავი.

მანამდე მოსამზადებელ პერიოდში დროის 60-70%-ს ძალოსნობის დარბაზში ვატარებდი. წელს სანვულვზმაც შეცვალა მოსამზადებელი სისტემა, დარბაზს მეტი დრო დაუთმო და მეც უკეთეს ფორმაში ვიყავი“.

ჯერჯერობით უცნობია, განახლდება თუ არა სუპერ რაგბის მიმდინარე სეზონი, თუმცა წინდაწინვე იყო ცნობილი, რომ ის იაპონური სანვულვზისთვის ზე რაგბში ბოლო იქნებოდა. იაპონელებს ეს საკითხი დიდად არ აწუხებთ და აქცენტს შიდა ჩემპიონატის გაძლიერებაზე აკეთებენ:

“იაპონიაში დიდად არ ცდილობენ სუპერ რაგბში ადგილის შენარჩუნებას ან მსგავს ტურნირში ჩართვას. ისინი უფრო შიდა ჩემპიონატის გაძლიერებაზე ფიქრობენ და ამის ყველანაირი რესურსი გააჩნიათ.

მათ აქვთ საკმარისი ფინანსები და ურჩევნიათ შინ ყავდეთ ნაკრების მოთამაშეები. ვფიქრობ, ეს ფაქტი იაპონიის ნაკრების პროგრესზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს“.

კომენტარები

ბოლო ამბები