Thumbnail
  • პეპ გავრდიოლას ლეონარდო ბონუჩის დამატება სურს
  • მაურიციო სარი მცველის გუნდიდან გაშვებას არ აპირებს

Calciomercato-ს ინფორმაციით მანჩესტერ სიტი ტურინის იუვენტუსის ცენტრალური მცველის ლეონადრო ბონუჩის შეძენით ინტერესდება და ტრანსფერის განხორციელებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს.

სიტის მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს. სეზონის დასაწყისში გუნდი ვენსან კომპანიმ დატოვა. მის ნაცვლად კლუბში არავინ მიუყვანიათ, რაც შეცდომა აღმოჩნდა.

ემერიკ ლაპორტმა აგვისტოში მძიმე ტრავმა მიიღო, დაბრუნების შემდეგ კი ისევ მალევე დაშავდა და საკმაოდ დიდი პერიოდი გამოტოვა. ტრავმები აწუხებდა ჯონ სტოუნსსაც. მსგავს სიტუაციაში გვარდიოლას ცენტრალურ მცველად ფერნანდინიოს დაყენება უწევდა. ესპანელი სპეციალისტი მთელი სეზონის განმავლობაში ცდილობდა დაცვის ხაზის პრობლემა მოეგვარებინა.

აქედან გამომდინარე, “ქალაქელებს” ახალი ცენტრალური მცველი სჭირდებათ, პეპის ფავორიტი კი ლეონარდო ბონუჩია. იტალიელმა იუვე ერთხელ, 2017 წელს უკვე დატოვა და მილანში გადავიდა, თუმცა 1 სეზონის შემდეგ უკან დაბრუნდა.

"ბებერმა ქალბატონმა" გასულ ზაფხულს აიაქსიდან კიდევ ერთი მცველი, მატეის დე ლიხტი დაიმატა. ტურინულ გრანდში უკანახაზელები მომრავლდნენ. იუვეს ჰყავს დე ლიხტი, კიელინი, ბონუჩი, დემირალი და რუგანი. 

ბონუჩი უკვე 32 წლისაა, თუმცა იუვენტუსისთვის იგი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. მაურიციო სარის ლეონარდოს გაყიდვა არ სურს. შეგახსენებთ, რომ იტალიელმა ტურინულ გუნდთან კონტრაქტი 2019 წლის ნოემბერში განაახლა და თავისი ბედი ტურინულ გრანდს 2024 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა. 

კომენტარები

ბოლო ამბები