Thumbnail
  • ‘მისი წყალობით, ტენერიფე ლიდერთა შორისაა’
  • ესპანურმა გაზეთმა გიორგი შერმადინი დააფასა

ესპანურმა MARCA-მ ლიგა ენდესას გასული შედეგების მიხედვით, 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ხუთეული შეადგინა, რომელშიც იბეროსტარ ტენერიფეს ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინიც მოხვდა.

“კორონავირუსის გამო, ესპანეთში ყველა სპორტული ღონისძიება შეწყდა და მათ შორის, საკალათბურთო ჩემპიონატიც.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სეზონის განახლება 24 აპრილამდე არ იგეგმება, თუმცა, გარკვეული დასკვნების გამოტანა გასული 23 ტურის შედეგებითაც შეიძლება.

როგორი იქნებოდა ლიგა ენდესას საუკეთესო ხუთეული სეზონი ახლა რომ სრულდებოდეს? ჩვენი ვერსიით, მასში ბარსელონას, უნიკახას, ხუვენტუტის, მურსიისა და იბეროსტარ ტენერიფეს კალათბურთელები მოხვდებოდნენ, ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე (MVP) კი ნიკოლა მიროტიჩი იქნებოდა” – წერს MARCA.

ესპანური გამოცემა საქართველოს ნაკრების ცენტრს ასე ახასიათებს.

გიორგი შერმადინი პირველივე სეზონში ტენერიფელთა საუკეთესო კალათბურთელად იქცა

გიორგი შერმადინი

"ქართველი კალათბურთელი ტენერიფელთა მაისურით პირველ სეზონს ატარებს, თუმცა, ეს ხელს არ უშლის, რომ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეებს შორის იყოს.

შერმადინის სარგებლიანობის საშუალო კოეფიციენტი 23.7-ს უტოლდება და ეს, ბარსელონელი ნიკოლა მიროტიჩის შემდეგ, ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელია.

სწორედ მისი წყალობითაა, რომ იბეროსტარი მიმდინარე სეზონში ლიდერთა შორის იმყოფება და მხოლოდ ბარსელონას, რეალსა და სარაგოსას ჩამორჩება.

გრან კანარიასთან მატჩში შერმადინმა 32 ქულა ჩააგდო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 42-ს გაუტოლდა და ორივე ეს მაჩვენებელი მის კარიერაში საუკეთესო იყო.

გიორგი შეტევაში ძალიან შედეგიანია და ამავდროულად, ფარზეც ჩინებულად იბრძვის – საშუალოდ 7.1 მოხსნა აქვს”.

საუკეთესო ხუთეულში, შერმადინის გარდა, ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა), კლემენ პრეპელიჩი (ხუვენტუტი), აქსელ ბუტეილე (უნიკახა) და ასკია ბუკერი (მურსია) მოხვდნენ.

MARCA-ს ვებგვერდზე ხსენებული კალათბურთელებისთვის ხმის მიცემის პროცედურაც მიმდინარეობს, სადაც შერმადინს 4% აქვს და მხოლოდ მიროტიჩსა და პრეპელიჩს ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები