Thumbnail

კორონავირუსი | ბარსელონამ კლუბის თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბარსელონამ იმ კრიზისის გამო, რომელიც კორონავირუსმა გამოიწვია, კლუბის ყველა თანამშრომელს ხელფასები შეუმცირა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ხუთშაბათს გამართულ კლუბის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმა აუცილებელია პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ზემოქმედების შესამცირებლად. 

კორონავირუსის გამო, ლა ლიგა 10 მარტის შემდეგ შეჩერებულია

სხდომის შედეგად, რომელიც ვიდეოკავშირით წარიმართა, გადაწყვეტილებები როგორც 
სპორტულ, ისე არასპორტულ პერსონალთან მიმართებაში მიიღეს. 

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და თავდაცვის მიზნით, მცირდება სამუშაო დღე და შესაბამისად, პროპორციულად მცირდება კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასები. ეს ზომები, რომელთა მიღება კლუბს სურს, შეესაბამება შრომით ნორმებს და მათი მიზანი, კლუბის საქმიანობის რაც შეიძლება სწრაფად წარმართვაა", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში. 

ამასთან, ბარსელონას დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, კლუბი სპორტულ ობიექტებს კატალონიის ჯანდაცვის დეპარტამენტს, კორონავირუსთან საბრძოლველად დაუთმობს. ასევე ამოქმედდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბარსელონა 80 წელზე ზემოთ ასაკის კლუბის წევრებზე განსაკუთრებულად იზრუნებს. 

ბარსელონაში იმედოვნებენ, რომ ვარჯიშის განახლებას აპრილის ბოლოს შეძლებენ

მანამდე ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ ბარსელონამ თავის ფეხბურთელებს, კარანტინის პერიოდში, ხელფასების 70%-ით შემცირების წინადადებით მიმართა, რაზეც მოთამაშეთა ნაწილმა თანხმობა განაცხადა, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებისთვისაც ეს მიუღებელი აღმოჩნდა.

ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირების იდეა მხოლოდ კარანტინის პერიოდს ეხება. რამდენიმე კვირის განმავლობაში 70%-ით კლება მოთამაშეთა წლიურ ანაზღაურებაზე 5-იდან 10%-მდე, ზოგიერთი გათვლით კი 20%-მდე დანაკარგის სახით აისახება.

ესპანეთის ჩემპიონატში გასული 27 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში ბარსელონაა (58 ქულა). კატალონელებს 2 ქულით მადრიდის რეალი ჩამორჩება, მესამე პოზიციაზე კი სევილიაა (47)

კომენტარები

ბოლო ამბები