Thumbnail

'ამ სეზონის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს' - სამპდორიას კორონავირუსი უტევს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

გენუის სამპდორიას ნახევარმცველმა ედგარ ბარეტომ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა, რომელიც დადებითი აღმოჩნდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, საშიში ინფექცია 35 წლის პარაგვაელი ფეხბურთელის ცოლსაც გამოუვლინდა. 

მანამდე სამპდორიას ნახევარმცველი იაკუბ იანკტო იუწყებოდა, რომ კლუბში უკვე 15 ადამიანი იყო კორონავირუსით ინფიცირებული. ცნობილია, რომ გენუელთაგან კორონავირუსი გამოუვლინდა ბარტოშ ბერეშინსკის, მანოლო გაბიადინის, ოლბინ ეკდალს, მორტენ ტორსბიუს, ანტონიო ლა გუმინისა და ფაბიო დეპაოლის.

სამპდორიას პრეზიდენტი მასიმო ფერერო შორს იყურება

 ამ ვითარების ფონზე, კლუბის პრეზიდენტი მასიმო ფერერო აცხადებს, რომ სერია A-ს 2019/20 წლების სეზონის ჩამთავრება უკვე წარმოუდგენელია და აჯობებს კლუბებმა ტურნირის მომავალ სეზონზე იფიქრონ.

"სეზონი უნდა დასრულდეს. გუნდები, რომლებიც სერია B-ს ლიდერობენ, სერია A-ში უნდა აღზევდნენ. რაც შეეხება საჩემპიონო ტიტულს, ის გაუთამაშებელი უნდა დარჩეს. ლაციოს პრეზიდენტი ლოტიტო მომკლავს, მაგრამ ასეთია ცხოვრება. სეზონის გაგრძელება არ შეიძლება. დავუშვათ, გამოვდივართ კარანტინიდან, ვაძლევთ გუნდებს მომზადებისთვის დროს - 4 აპრილიდან 4 მაისამდე და შემდეგ ვთამაშობთ დარჩენილ 12 ტურს. გამოდის, რომ თამაში აგვისტომდე მოგვიწევს. და რა ვუყოთ მომავალ სეზონს? აჯობებს, უკვე მასზე ვიფიქროთ", - ამბობს ფერერო. 

იტალიის ჩემპიონატი ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის გამო 26-ე ტურის შემდეგ შეწყდა. სატურნირო ცხრილს 63 ქულით ტურინის იუვენტუსი ლიდერობს, სამპდორია კი 26 ქულით მე-16 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები