Thumbnail
  • ამონარიდები კარლო ანჩელოტის ავტობიოგრაფიიდან
  • რატომ არ უყვართ ანჩელოტი ტურინში
  • რატომ ვერ ეგუებოდნენ დელ პიერო და ინძაგი ერთმანეთს
  • რას ნიშნავს იუვენტუსში მუშაობა

პოსპორტი აგრძელებს კარლო ანჩელოტის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ყველაზე საინტერესო ეპიზოდების თარგმნას. ამჯერად, წარმოგიდგენთ მონაკვეთს, რომელიც მისი იუვენტუსში მუშაობის პერიოდს ეხმიანება. რატომ არ უყვართ ანჩელოტი ტურინში და რატომ ვერ ეგუებოდნენ ერთმანეთს ინძაგი და დელ პიერო?

ულტრასებს არ ვუყვარდი

'იუვენტუსთან ერთი მოგონება მაკავშირებს. ჩემი ტურინში მუშაობის პირველივე კვირას იუვეს ოფისის წინ, კედელზე დიდი წარწერა აღმოვაჩინე - ‘ღორი არ შეიძლება წვრთნიდეს.’ ეს არცთუ ისე კარგი დასაწყისი იყო.

ამ დღეს იუვეს ოფისში ულტრასებთან, იუვეს ფანკლუბების ლიდერებთან შესახვედრად მივდიოდი. ულტრასები ოფისში იუვეს დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ შეკრიბა. შეხვედრაც სწორედ მან გახსნა: ‘ანჩელოტის უნდა შეურიგდეთ, გაიგეთ?!’

ულტრასებმა, რა თქმა უნდა, ვერაფერი გაიგეს, მათთან ლაპარაკი ტყუილი დროის კარგვაა. პირველივე საშინაო თამაშზე კვლავ დიდი ბანერი მომხვდა თვალში - ‘ღორი არ შეიძლება წვრთნიდეს’.

📌 ავტორის შენიშვნა: გარეგნობის გარდა სხვა ფაქტორიც არის ამ დაცინვის მიზეზი. ანჩელოტის ოჯახის ბიზნესი სწორედ ღორების გაზრდა იყო.

ანჩელოტის გარდა ტიფოზები არ წყალობდნენ ვან დერ საარს  და მის გაშვებას ითხოვდნენ

იუვეს ტიფოზებისთვის მე მტერთან ვასოცირდებოდი. რომაში ვთამაშობდი და ჩვენი მთავარი კონკურენტი იუვე იყო, მილანში ვთამაშობდი და ისევ იუვეს ვებრძოდით, პარმას ვწვრთნიდი და ისევ იუვენტუსთან გვქონდა კონკურენცია. ტურინში გადასვლის შემდეგაც კი მათ ეს არ დავიწყებიათ - მე მათთვის მტერი ვიყავი.

ტურინი არ მიყვარდა

როგორც ღორს, რომელიც არ შეიძლება წვრთნიდეს, ტურინი არ მომწონდა. ეს ქალაქი ძალიან განსხვავდებოდა ჩემი ცხოვრების სტილისგან. იუვენტუსი არასოდეს მიყვარდა და ალბათ არც არასოდეს შემიყვარდება. იუვე ბავშვობიდან ჩემი მტერი იყო, მაშინ მე ინტერს ვგულშემატკივრობდი და ჩემი საყვარელი მოთამაშე სანდრო მაცოლა გახლდათ.

ასე აღმოვჩნდი მოულოდნელად ბარიკადების მეორე მხარეს. ეს იყო კონფლიქტი საკუთარ თავთან.

იუვეს ლეგენდარული ტრიადა მართავდა - ლუჩანო მოჯო, რობერტო ბეტეგა, ანტონიო ჯირაუდო. ისინი ყოველთვის მიცავდნენ. ორწელიწადნახევრის შემდეგ გუნდიდან გამიშვეს, თუმცა ეს სხვა ამბავია. სანამ იქ ვიყავი, თავს მსოფლიოში საუკეთესოდ მაგრძნობინებდნენ. მაშინაც კი, როცა გუნდის საქმეები ცუდად მიდიოდა. იყო ხოლმე ძალიან რთული ლაპარაკი გუნდთან, ზოგიერთი მოთამაშე ტირილამდე მიდიოდა, თუმცა მე, როგორც მეფეს ისე მექცეოდნენ.

თავსხმა წვიმაში წაგებული საჩემპიონო თამაში პერუჯაში

ისინი მუდამ გუნდთან ერთად იყვნენ, გუნდთან ერთად ცხოვრობდნენ და ყველაზე ყველაფერი იცოდნენ.

იუვეს ატმოსფერო ჩემთვის რაღაც ახალი იყო. არასოდეს არ ვგრძნობდი თავს ისე, როგორც სახლში. თითქოს დიდმა კომპანიამ დამიქირავა. გრძნობები სხვაგან უნდა ეძებოთ და არა იუვენტუსში. სამუშაო კუთხით ყველაფერი იდეალურად იყო, ყველა სხვა საკითხში კი - არანაირი კონტაქტი.

ძმები ანიელები - ადვოკატი და დოქტორი

ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ტურინში უმბერტო ანიელი იღებდა, მეტსახელით ‘დოტორე’ (დოქტორი). მე ძალიან მიყვარდა მისი შვილი ანდრეა (იუვეს ახლანდელი პრეზიდენტი), ძლიერი პიროვნება, საინტერესო შინაგანი სამყარო ჰქონდა, მუდამ მეხმარებოდა, როცა ვერ ვიგებდით და ვნერვიულობდი. ის ჩემი მთავარი დასაყრდენი იყო.

ლეგენდარულ ჯანი ანიელის, მეტსახელად ‘ავოკატოს’ (ადვოკატი) მხოლოდ ერთხელ შევხვდი. ის უნიკალური ადამიანი იყო, ემოციებით, გრძნობებით ცხოვრობდა, წარმოუდგენლად მდიდარი, თუმცა უბრალოება უყვარდა.

როცა შევხვდით, ერთი საათი ვისაუბრეთ, ბევრი კომპლიმენტი მითხრა: ‘ჩემპიონატი ვერ მოვიგეთ, მაგრამ კარგი სეზონი იყო, კარლო. შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ - ეს არის ყველაზე მთავარი.’ მეორე დღეს იუვენტუსიდან გამაგდეს!

უმბერტო ანიელი და მისი შვილი ანდრეა, იუვეს ამჟამინდელი პრეზიდენტი

იმ დღეს მეორე ანიელის, უმბერტოს, მდივანმა დამირეკა და ფიატის ოფისში მისვლა მთხოვა: ‘ოფისში მობრძანდით, სასწრაფოდ. დოტორეს თქვენთან ლაპარაკი უნდა’.

რადგან ავტომობილებში მაინცადამაინც ვერ ვერკვევი და ამაზე სასაუბროდ არ მიბარებდნენ, მივხვდი, რომ ჩემი ბედი გადაწყვეტილი იყო. როდესაც იქ მივედი, უმბერტო სიტყვაუხვი არ აღმოჩნდა: ‘იუვენტუსის შემდეგი მწვრთნელი იქნება მარჩელო ლიპი’ - მითხრა მან მოკლედ.

არადა, ჟურნალისტები დეკემბრის შემდეგ მაფრთხილებდნენ, რომ ლიპისთან იუვე უკვე შეთანხმებული იყო: ‘კარლო, შენ მოსიარულე გვამი ხარ, ზაფხულიდან ლიპი იმუშავებს’ - მრავალგზის გამაფრთხილეს. ტურინელ ჟურნალისტებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, რადგან ისინი ყველანი ტორინოს გულშემატკივრები იყვნენ. შესაბამისად, რაც იცოდნენ, ყოველთვის მეუბნებოდნენ.

ამას ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რადგან სწორედ დეკემბერში იუვემ თავისი ინიციატივით ახალი კონტრაქტი გამიფორმა.

სკუდეტო ვერ მოვიგეთ, მაგრამ ზედიზედ ორი სეზონი მხოლოდ 1 ქულა დაგვაკლდა ჩემპიონობამდე - პერუჯაში წვიმის გამო წავაგეთ, რომასთან საჩემპიონო თამაშში კი 2:0-ს ვიგებდით და ჰიდეტოში ნაკატამ ბოლო ათ წუთში მოატრიალა.

დელ პიერო და ინძაგი

იუვენტუსში ის ფეხბურთელი გავიცანი, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი წარმატება მომიტანა - ლეგენდარული ფილიპო ინძაგი. პიპო 40 წელს გადაცდა, თუმცა დღემდე ორცხობილა ‘პლასმონით’ იკვებება. პიპოსთან ურთიერთობა თავიდანვე აეწყო - ხდებოდა ხოლმე ასე.

ინძაგი იდეალური თავდამსხმელი არ იყო, თუმცა საჯარიმოში ყველაზე ძლიერი გახლდათ. მას გოლის გატანა ყველანაირად შეეძლო - ორივე ფეხით, თავით, ქუსლით, ვარდნაში, დახუჭული თვალებით, თითის წვერით... ბურთი მას ეხებოდა და კარში შედიოდა. ემილიანო მონდონიკომ სწორედ შენიშნა: ‘გოლებს უყვართ ინძაგი’. ინძაგიც გიჟდება გოლებზე.

ინძაგი და დელ პიერო კარგი დუეტი იყო, თუმცა მხოლოდ თეორიაში. პრობლემა ის იყო, რომ მათში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეგოისტი იყო მსოფლიოში. და ეს არ იყო დელ პიერო.

ინძაგი და დელ პიერო

პიპო და ალე ხშირად არ კამათობდნენ, თუმცა ერთმანეთი არ უყვარდათ. დანარჩენი გუნდი არეგულირებდა მათ ურთიერთობას. ეს იყო ძლიერი კოლექტივი, რომლის ლიდერებიც ანტონიო კონტე, ჩირო ფერარა და ჯანლუკა პესოტო იყვნენ. ასევე ზინედინ ზიდანი და პაოლო მონტერო. დელ პიერო და ინძაგი მსოფლიოში ყველაზე საყვარელი წყვილი ნამდვილად არ იყო. ეს იყო იძულებითი ქორწინება, სიყვარულის გარეშე.

ჩემს ისტორიასაც იუვენტუსში იგივე სახელს დავარქმევდი. ისე დამთავრდა, რომ წესიერად არც დაწყებულა. ჩვენ ერთმანეთისთვის უბრალოდ ძალიან განსხვავებულები ვიყავით. მე სოფლელი ბიჭი ვიყავი, იუვეს ბოსები კი ადამიანები პიჯაკებსა და ჰალსტუხებში. ეს იყო 'სვოჩი' სამი 'როლექსის' წინააღმდეგ. მე მათ მუდამ პატივს ვცემდი, თუმცა როცა იუვედან წამოვედი, არ მწყენია. პირიქით.

კომენტარები

ბოლო ამბები