Thumbnail

ატალანტა-ვალენსია - მატჩი, რომელიც იტალიისთვის ბიოლოგიური ბომბი აღმოჩნდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

იტალიაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექციის აფეთქების ერთ-ერთი მიზეზი ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის პირველი მატჩია, რომელშიც ბერგამოს ატალანტამ ვალენსიას უმასპინძლა. ეს შეხვედრა, რომელიც ატალანტას გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა, 19 თებერვალს, მილანში, "სან სიროზე" გაიმართა და მას 40 ათასამდე ბერგამოელი გულშემატკივარი დაესწრო.

ატალანტას ფანებს ამ დღეს კორონავირუსის რეალურ საფრთხეზე წარმოდგენა არ ჰქონდათ

"ათასობით ბერგამოელი მილანში ავტობუსით, ავტომობილითა და მატარებლით გაემგზავრა და სამწუხაროდ, ეს ნამდვილი ბიოლოგიური ბომბი იყო", - ამბობს ბერგამოს საავადმყოფოს პოლმოლოგიური განყოფილების უფროსი ფაბიანო დი მარკო, რომლის მოსაზრებას არაერთი იტალიელი ექიმი იზიარებს. 

"იმ მატჩიდან ერთი თვე გავიდა. ერთად თავმოყრილ ათასობით ადამიანს, რომლებსაც ემოციების აქტიურად გამოხატვის დროს ერთმანეთისგან სანტიმეტრები აშორებდათ, სავსებით შესაძლებელია კორონავირუსის გავრცელებისთვის ხელი შეეწყო", - ამბობს იმუნოლოგი ფრანჩესკო ლე ფოში. 

იტალიაში კორონავირუსის ინფექციას განსაკუთრებით დიდი მსხვერპლი მოჰვა

დღეს ამ პოზიციას ნაწილობრივ იზიარებს ბერგამოს მერი ჯორჯიო გორიც.

"ეს მატჩი ბიოლოგიური ბომბი აღმოჩნდა. მაშინ კი არ ვიცოდით, რა ხდებოდა. თამაშს ბევრმა ჯგუფებად უყურა, იყო ბევრი კონტაქტი. რა თქმა უნდა, ეს მატჩი ვერ იქნებოდა იმ ყველაფრის მიზეზი, რაც მოხდა, რადგან ინფექციის აფეთქების რეალური ადგილი ალცანო-ლომბარდოს საავადმყოფოა, სადაც გაურკვეველი პნევმონიის მქონე პაციენტმა სხვა პაციენტები, ექიმები და ექთნები დააავადა", - ამბობს ბერგამოს მერი.

აღსანიშნავია, რომ ბერგამოს კლუბში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა ახლახან დაფიქსირდა - ინფექცია ატალანტას მეკარე მარკო სპორტიელოს გამოუვლინდა. 27 წლის მეკარე ვალენსიასთან მატჩის დროს ბერგამოელთა კარს იცავდა.

სპორტიელო სერია A-ს მე-16 ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა

ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსის 65 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული (ყველაზე მეტი ჩინეთის შემდეგ), საიდანაც 6 500-ზე მეტი გარდაიცვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები