Thumbnail

ეს ტრანსფერი ლეგენდარულ ფინალს შეცვლიდა - სულშერმა 90-იანები გაიხსენა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩემპიონთა ლიგის 1999 წლის ფინალი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა
  • მანამდე, რეალური იყო ტრანსფერი, რომელიც ასეთ ფინალს გამორიცხავდა

ჩემპიონთა ლიგის 1999 ფინალის კადრები მიუნხენის ბაიერნის ფანებისთვის დღემდე, 21 წლის შემდეგაც კი მძიმე სანახავია. ‘ნოუ კამპის’ ეპიკურ ფინალამდე რამდენიმე წლით ადრე, ბავარიულ გრანდი ახლოს იყო ტრანსფერთან, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედისა და ბაიერნის ლეგენდარულ ფინალს შეცვლიდა.

ამის შესახებ ახლა იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა ისაუბრა - კაცმა, რომელმაც მაშინ ბაიერნის კარში ოქროს გოლი გაიტანა.

“სანამ მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდოდი, ლივერპული და ბაიერნი მეპატიჟებოდნენ,” - განაცხადა 47 წლის სულშერმა იუნაიტედის პოდკასტში, - “გარდა ამისა, მქონდა კალიარის და პსვ ეინდჰოვენის ვარიანტებიც.”

ნორვეგიელი ბედნიერია, რომ არჩევანი იუნაიტედზე შეაჩერა. მან მიოლდე 1996 წელს დატოვა და ‘ოლდ ტრაფორდზე’ გადავიდა: “როცა მანჩესტერიდან დამირეკეს, ბევრი არ მიფიქრია. მათი ზარი ჩემთვის ფანტასტიკური იყო.” - გაიხსენა სულშერმა.

სულშერმა UDT Podcast-ში სერ ალექს ფერგიუსონთან პირველი შეხვედრაც გაიხსენა: “ვიცოდი, რომ ჩემი თამაში ნანახი არ ჰქონდა და მასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ფერგიმ ამიხსნა, რა გეგმები ჰქონდა ჩემთან დაკავშირებით.”

შეგახსენებთ, რომ 1999 წლის ფინალს ბაიერნი მარიო ბასლერის გოლით იგებდა. 91-ე წუთზე ტედი შერინგემმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 93-ე წუთზე კი, იუნაიტედს გამარჯვება სწორედ სულშერის გოლმა მოუტანა. ნორვეგიელი 2018 წლის დეკემბრის შემდეგ მანკუნიანელთა მთავარი მწვრთნელია.

📺 ვიდეო: მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 ბაიერნი (1999)

კომენტარები

ბოლო ამბები