Thumbnail

ეს თამაში ალბათ თქვენც რადიოში გაქვთ მოსმენილი. თუ ასეა, ახლა სწორედ ის დროა, რომ მთელი მატჩი ნახოთ....

ეს ის თამაშია, როცა დინამო თბილისი ყველაზე ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან. 1998/1999 წლების სეზონში, მურთაზ ხურცილავას მიერ გაწვრთნილი დინამო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბილბაოს ატლეტიკს დაუპირისპირდა. ორმატჩიან დუელში გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხვდებოდა. მანამდე, დინამომ ალბანური ვლაჟნია გააგდო. ბილბაოსთან პირველი მატჩი თბილისში 12 აგვისტოს გაიმართა და დინამომ ბასკური კლუბი 2:1 დაამარცხა - გოლები: 1:0 ლევან ხომერიკი (15), 2:0 ლევან ცქიტიშვილი (30), 2:1 ანდონი იმასი (46).

საპასუხო მატჩში ბილბაომ დინამო თბილისს 26 აგვისტოს, საკუთარ “სან მამესზე” უმასპინძლა და სწორედ ამ მატჩს გთავაზობთ სრულად. ლუის ფერნანდესის მიერ გაწვრთნილმა ატლეტიკმა დინამოს ეს თამაში 1:0 მოუგო და სტუმრად გატანილი გოლის წესით გამოაგდო. ერთადერთი გოლი ხოსება ეჩებერიამ, 52-ე წუთზე გაიტანა. მანამდე, 1 წუთით ადრე, მოედნიდან დავით მუჯირი გააძევეს - ალკისასთან უხეშობისთვის მან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

ბილბაო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და ჯგუფში იუვენტუსთან, რუსენბორგთან და გალათასარაისთან ერთად მოხვდა. რომ არა იმ მატჩის წაგება, რომელსაც ქვემოთ ნახავთ, ამ ჯგუფში დინამო თბილისი ითამაშებდა. სხვათა შორის, ეს ის სეზონია, როცა იუვემ ჯგუფში 6-დან 5 თამაში ფრედ დაასრულა და მაინც პირველი ადგილი დაიკავა (8 ქულით)...

დინამო თბილისს იმ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა - კარში დავით გვარამაძე იდგა, დაცვასა და ნახევარდაცვაში გივი დიდავა, ვალტერ გუჩუა, ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი კიკნაძე, დავით მუჯირი და სხვები თამაშობდნენ, თავდასხმაში კი - რატი ალექსიძე, მიხეილ აშვეთია, ლევან ხომერიკი და ლევან მელქაძე.

ახლა კი გადახედეთ იმ თამაშის შემადგენლობებს და ნახეთ სრული მატჩი.

ბილბაო 1:0 დინამო თბილისი

გოლი: 1:0 ხოსება ეჩებერია (52)

ბილბაო: ი. ეჩებერია, ალკორტა, კარლოს გარსია, ლარასაბალი, ლაკრუსი, ალკისა (86. ლაფუენტე), იმასი, გერერო, ესკერო, ხ. ეჩებერია (52. ხავი გონსალესი), ურსაისი (86. პერეს საენსო).

დინამო თბილისი: გვარამაძე, დიდავა, მახარაძე, გუჩუა, კობიაშვილი, ჯელაძე, ცქიტიშვილი, კიკნაძე, მუჯირი, აშვეთია (53. მელქაძე), ხომერიკი.

გაძევება: მუჯირი (51)

📺 ვიდეო: ატლეტიკ ბილბაო 1:0 დინამო თბილისი (სრული მატჩი, 1998)

კომენტარები

ბოლო ამბები